ვახტანგ რჩეულიშვილი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ბიბლიაზე საუბრობდა

ვახტანგ რჩეულიშვილი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ბიბლიაზე საუბრობდაპარლამენტის ყოფილი წევრი, “ცენტრ-პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვახტანგ რჩეულიშვილი, 2017 წლის 13 აპრილს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი დღეების შესახებ რჩეულიშვილების ოჯახის ახლობელმა, თათია რაზმაძემ, “სარკეს” უამბო:
– ბოლოს კლინიკაში რამდენჯერმე მოვინახულე. ხან უფრო მხნედ იყო და ხან სუსტად, მაგრამ ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა. ძალიან ძლიერი ადამიანი იყო და არ უნდოდა, ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ სუსტად იყო. ცდილობდა, სიმხნევე შეენარჩუნებინა.
მეხსიერების პრობლემები დაეწყო, ზოგს ცნობდა, ზოგს – ვერა. დამოუკიდებლად ფეხზე ვეღარ დგებოდა, მაგრამ საუბრობდა, ხუმრობდა, რაღაცებს გვიყვებოდა. მანამდეც სულ რაღაცას გვასწავლიდა, სულ ბიბლიას განვიხილავდით. არაჩვეულებრივად კეთილი და განსწავლული ადამიანი იყო, სულ ცდილობდა, ახალგაზრდები ცოტა გამოეფხიზლებინა და ესწავლებინა.
ბოლო დღეებში ტელეფონზეც ვესაუბრებოდი და იქიდანაც მხნედ მყოფი კაცის შეძახილები ისმოდა, რას შვრებით, მოდით, მნახეთო… ყველასთან მოკითხვას გვაბარებდა და ყველას იხსენებდა. ვფიქრობდით, რომ აღარც მეხსიერების პრობლემები ჰქონდა. ამიტომაც იყო ელდასავით მისი გარდაცვალება. ორი დღით ადრე ყველას მხნედ ელაპარაკებოდა, მერე კი კონტაქტი გაწყდა.
კარგია, რომ გუკას ნახვა მაინც მოასწრო. გიჟდებოდა თავის ოჯახზე და უზომოდ უყვარდა როგორც მაია, ისე გუკა.
მაია როცა დააპატიმრეს, საშინელ დღეში იყო, ძალიან განიცდიდა და ცოტა ჩაკეტილიც გახდა იმ პერიოდში. მაია ისე უყვარდა, მე მსგავსი სიყვარული არც მინახავს და ალბათ არც არსებობს. ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ. ბატონი ვახტანგი სულ ცდილობდა, მაიასთვის ანგარიში გაეწია, დაეთმო.
– გუკამ გონზე მყოფს მიუსწრო?
– დიახ, მაშინ გონზე იყო, მაგრამ, როგორც ვიცი, გუკა იმ დღეს სასამართლოში იყო დაბარებული და ვეღარ მიუსწრო ცოცხალს. გუკა და ნინო დარასელი მისულან საავადმყოფოში და გარდაცვლილი დახვედრიათ. გუკა ახლა ისეთ საშინელ მდგომარეობაშია, ვერ დაელაპარაკები.
შვილთან ძმაკაცური დამოკიდებულება ჰქონდა. ცელქი ძმაკაცები რომ არიან, ისეთები იყვნენ. სულ გუკაზე ფიქრობდა და ზრუნავდა. ბავშვებზე გიჟდებოდა. მანათობელი ცისფერი უყვარდა და ყველაფერს ცისფერს ყიდულობდა. ბავშვივით იყო, დაბერებული კაცივით არ იქცეოდა. ჩვენი ძმაკაცი იყო, პატარა ბიჭი!
რუსუდან ადვაძე, ჟურნალი “სარკე”