რა განაპირობებს ევროკავშირის სიძლიერეს ახალ რეალობაში

რა განაპირობებს ევროკავშირის სიძლიერეს ახალ რეალობაშიაშშ-ის პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტის უარყოფითი შედეგები ისევ განხილვის საგნად რჩება მსოფლიოში.

დასავლელი მიმომხილველების შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობამ ნატოს სამიტსა და დიდი შვიდეულის შეხვედრაში დიდი ბზარი გააჩინა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის. ამის შემდეგ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც აღიარა, რომ ევროპას ამერიკის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

შვედი ანალიტიკოსების თქმით, იმ დროს, როცა ევროკავშირისა და ნატოს წევრები მოითხოვენ აშშ-ის აქტიურ მონაწილეობას ევროპის საქმეებში, ტრამპს არ სურს, რომ ამერიკა ტრადიციული მოკავშირეების მხარდამჭერი იყოს. აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლებმა ორ სამიტზე გამოიწვია ევროატლანტიკური კავშირის გაწყვეტა.

დონალდ ტრამპმა უხეშობა გამოამჟღავნა ევროკავშირისა და ნატოს მაღალჩინოსნების მიმართ. სამაგიეროდ, იგი თბილად უღიმოდა ლიდერებს ახლო აღმოსავლეთში.

ტრამპის უარი, დაედასტურებინა ნატოს წესდებაში ჩადებული უსაფრთხოების გარანტიები, შვედი ექსპერტების აზრით, აძლიერებს რუსეთის შესაძლებლობებს. რუსეთისგან საფრთხე ძლიერდება ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში. უსაფრთხოების საკითხებში არ არსებობს ერთიანობა აშშ-ში. ტრამპი კი ასრულებს თავის წინასაარჩევნო დაპირებას – “ამერიკა უპირველეს ყოვლისა”.

“ფორინ პოლისის” ინფორმაციით, ვაშინგტონს ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან ტრამპის ვიზიტამდეც გაურთულდა ურთიერთობა.

კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა უარი თქვა სატელეფონო საუბარზე ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ფედერიკა მოგერინისთან. ეს მოხდა აპრილში ტილერსონის რუსეთში ვიზიტის შემდეგ. ფედერიკა მოგერინის და ევროპელ მოკავშირეებს პირველწყაროდან უნდოდათ გაეგოთ რუსეთში გამართული ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებების დეტალები. ფედერიკა მოგერინის ამ საკითხზე დიალოგისათვის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უფრო დაბალი რანგის მოხელე შესთავაზეს. ამაზე ფედერიკა მოგერინიმ უარი თქვა.

გამოცემის სიტყვებით, მოგერინისთან და მთლიანობაში ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭება ცუდ შედეგებს მოიტანს, ვინაიდან მოკავშირეებს ბევრი საერთო პრობლემა აქვთ.

გაზეთი “ფიგაროს” აზრით, აშშ-ის პრეზიდენტის საქციელი ზიანს აყენებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, თუმცა ამან შეიძლება გამოაფხიზლოს ჩაძინებული ევროპა.

ევროპისთვის იმედის მომცემია, რომ პირველ კვარტალში შეინიშნებოდა ევროზონის ეკონომიკური ზრდა. მიგრაციულმა კრიზისმა მეორე პლანზე გადაინაცვლა, საფრანგეთში ემანუელ მაკრონის გამარჯვებამ კი დაასამარა უკიდურესად მემარჯვენე ძალების ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივა. რადიკალების მოსვლა არ არის მოსალოდნელი არც გერმანიაში. ანგელა მერკელის კონკურენტი, მარტინ შულცი არანაკლებ ევროპელი და ევროკავშირის გულშემატკივარია, ვიდრე ანგელა მერკელი.

მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ევროკავშირის გადარჩენა გერმანია-საფრანგეთის ლიდერებზეა დამოკიდებული.

ფრანგული გამოცემის აზრით, გერმანიისა და საფრანგეთის ხელმძღვანელებმა ყველაზე აქტიურად სამ ფრონტზე უნდა იმუშაონ – ესაა ევროზონის გამოცოცხლება, ევროპის თავდაცვის სისტემის შექმნა და კლიმატის შესახებ შეთანხმების რეალიზაცია.

შექმნილი რთული სიტუაცია აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებისათვის უფრო მძიმეა,

ვიდრე ევროკავშირისთვის. კარგი დღეები არც პუტინს უდგას, ის ანელებს მოქმედებებს სირიასა და უკრაინაში.

რუსეთის როლის გაძლიერებას, მათ შორის, ევროაზიაში, გამორიცხავს “სტრატფორი”. მისი ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის გავლენის შემცირებას ხელს შეუწყობს დემოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული და ტექნოლოგიური ცვლილებები. რუსეთს დემოგრაფიული კატასტროფა ელოდება იმ დროს, როცა თურქეთისა და ირანის მოსახლეობა, პროგნოზების თანახმად, საგრძნობლად გაიზრდება.