ზურაბ ანთელავა: ”მინდოდა, შალვა გამოცდაზე ჩაჭრილიყო”

ზურაბ ანთელავა: ”მინდოდა, შალვა გამოცდაზე ჩაჭრილიყო”მსახიობმა ზურა ანთელავამ, რომელიც სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” კვაზი მანტკავას როლს ასრულებს და მისმა ვაჟმა, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობმა, შალვა ანთელავამ, ჟურნალ “სარკეს” თავიანთ მამაშვილობასა და ემიგრაციაში გატარებულ წლებზე უამბეს.
ზურა: 28 წლის ვიყავი, ლევანი რომ დაიბადა, მერე შალვა გაჩნდა. შალვა ჩემი გაზრდილია.
– შალვა, მსახიობობა ალბათ თქვენი ბავშვობის ოცნება იყო.
შალვა: არა, უცებ გადავწყვიტე თეატრალურში ჩაბარება. მამა ამის წინააღმდეგი იყო. ესპანეთში კალათბურთს ვთამაშობდი, მაგრამ სპორტული კარიერა ტრავმების გამო დავასრულე. საქართველოში დავბრუნდი და თეატრალურში ჩავაბარე. მამამ ჩემი გამოსამგზავრებელი ბილეთი ბოლო დღეებში აიღო, იმდენად არ უნდოდა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი.
ესპანეთში 13 წლის წავედი და 17 წლის ასაკში დავბრუნდი საქართველოში. სამშობლოდან შორს ვერ გავძელი. არ მქონდა ენის ბარიერი, კარგი მეგობრებიც შევიძინე, კალათბურთში წარმატებები მქონდა, მაგრამ მაინც ვერ გავძელი, აქაურობა სულ მენატრებოდა. ესპანეთში მეგობრების სიყვარული, ადამიანებთან ურთიერთობა სხვაგვარი იყო – ძალიან ცივი. სულ ვამბობდი, აქ რა მინდა-მეთქი.
ზურა: ყველაფერი ვცადე, რომ შვილებისთვის ცივილური ცხოვრება მეჩვენებინა და ბავშვებს მომავალი იქ შეექმნათ, მაგრამ ორივე გამომექცა, არადა კარგი პერსპექტივები ჰქონდათ.
– შალვა, მისაღებ გამოცდებზე მარტო იყავით?
შალვა: მამას გულმა არ მოუთმინა და გამოცდის დღეს ესპანეთიდან ჩამოვიდა საგულშემატკივროდ.
არ დამავიწყდება ერთი ფაქტი: ნუკრი ქანთარია და მამაჩემი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. გამოცდის წინ მამას ხელი გავკარი, ნახე, ნუკრი-მეთქი (ის ერთ-ერთი გამომცდელი იყო). მამამ არც კი შეხედა.
ბატონი ნუკრი გამოცდაზე რომ შევიდა, მამამ დაურეკა და ბოდიში მოუხადა, რომ არ მიესალმა. მამას არ უნდოდა, რომ ხალხს რამე ეფიქრა. გამოცდაზე ჩემი გვარი რომ გაიგეს, მკითხეს, იცნობ ზურასო. ვუპასუხე, კი, მამაჩემია-მეთქი. ბავშვობიდან ვამაყობ მამით.
ზურაბი: ძალიან მინდოდა, რომ მისაღებ გამოცდებზე ჩაჭრილიყო. თეატრი შორიდან ლამაზია, მაგრამ ბევრი სირთულე ახლავს, თავშეწირვას ითხოვს. რაც დრო გადის, თანდათან უფასურდება მსახიობების შრომა.
– შალვა, ბატონმა ზურამ ერთხელ “სარკესთან” იხუმრა, ჩემს ბიჭს კვაზიევიჩს ეძახიანო – სერიალში მისი გმირის, კვაზი მანტკავას გამო. არ გწყინთ, ასე რომ მოგმართავენ?
შალვა: მაგას ჩემს ძმას ეძახიან. ერთი-ორჯერ ხუმრობით მეც მითხრეს, კვაზიევიჩი მოვიდაო და გავბრაზდი.
– შალვა, როგორ ფიქრობთ, ვისი სახეები გააერთიანა მამათქვენმა ამ როლში?
შალვა: კვაზის როლის შექმნის დროს მამამ თავისი დიდი ბაბუის ნიუანსები გამოიყენა. მგონია, რომ ეს პერსონაჟი ძალიან კარგად შექმნა.
ზურა: ბაბუაჩემს, სილოვან ანთელავას, ძუკუს ეძახდნენ. მას ნათელმხილველობის ნიჭი ჰქონდა.
– თქვენც ხომ არ გერგოთ მისგან ეს ნიჭი?
ზურა: წინასწარ ვგრძნობ და ვხედავ, სად არ უნდა მივიდე, მაგრამ მე ისე არ მაქვს ეს ნიჭი განვითარებული, როგორც ბაბუას ჰქონდა.
ძუკუმ რომ გამზომა, 4 წვივის ძვალის სიმაღლის გაიზრდებიო და ასეც მოხდა. მაშინ მე-5 კლასში ვიყავი. ძუკუსგან სწორედ ის თვისებები წამოვიღე კვაზის შექმნისას, როგორიცაა სიდინჯე და სიტყვაძვირობა. კაცი ბევრს არ უნდა ლაპარაკობდეს.
ჩემი სიმამრისგან ავიღე ის, თუ როგორ ეფერებოდა ჩემს შვილებს. მგონი, სერიალში კარგად ჩანს შვილიშვილისადმი ჩემი დამოკიდებულება.
– ვიცი, რომ ძალიან მოსიყვარელე ბაბუ ხართ.
ზურა: შვილიშვილმა თავდაყირა დამაყენა.
შალვა: ზუკა 5 წლისაა. მამა ხშირად ამბობს, ახლა მივხვდი, რა არის ტკბილი სიბერეო. ზუკასთან მამა მისი ასაკის ხდება.
– მეგობრობთ, გახსნილად საუბრობთ სხვადასხვა თემებზე?
შალვა: ჩვენს ურთიერთობას შემიძლია ძმაკაცობა დავარქვა.
ზურა: ორივე შვილი მამას მეძახის და არა – ზურას. ზურა ბევრია და მამა – ერთი. შვილებთან ვმეგობრობ, მაგრამ ჩვენ შორის უფროსუმცროსობა არ ირღვევა.
შალვა: ბავშვობაში ლევანს სულ ვაწვალებდი, მამა სულ ჩვენ შორის იდგა. შემდეგ ორივეს ან ყური აგვეწეოდა, ან მშვიდობიანად დამთავრდებოდა ყველაფერი.
– მამა-შვილს თუ გითამაშიათ ერთად?
შალვა: არა, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, რომ მასთან ერთად სცენაზე ვითამაშო.
ზურა: ნუგზარ ლორთქიფანიძე – მისი ამქვეყნიდან წასვლით დიდი ტკივილი მივიღე. ჩვენ გვქონდა პროექტები, სამკაციანი პიესები. მე და შალვას ერთად უნდა გვეთამაშა, ყველა ნიუანსი მოგვარდა, მაგრამ ეს კაცი გამოგვეცალა ხელიდან. პლუს ამას, ჩვენმა “ნიჭიერმა” კულტურის მინისტრმა მოსპო სპექტაკლების დაფინანსება. ამის საშუალებაც გამოგვაცალა ხელიდან ამ “უნიჭიერესმა” კაცმა!
– შალვა, ყველაზე შთამბეჭდავად მამის რომელი როლი გახსოვთ?
შალვა: ჩემს მეხსიერებაში დარჩა სპექტაკლი მისი მონაწილეობით “მე თქვენ, ყველას, სახეზე გცნობთ”, რომელიც 1999 წელს დაიდგა თელავის თეატრში.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”