რკინიგზის ადმინისტრაციის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა

რკინიგზის ადმინისტრაციის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდასაქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ინციდენტი მოხდა.
აქციის მონაწილეების ნაწილი ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლას აპირებდა, რისი უფლებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეთა თქმით, კარვის გაშლის უფლება კანონის ფარგლებში აქვთ. მათი განცხადებით, ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პროვოკაციულ ქმედებას ახორციელებდა. ერთ-ერთმა მათგანმა კი, აქციის მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, რაზეც რეაგირება სამართალდამცველებს არ მოუხდენიათ.
რკინიგზის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

გარდა პროფკავშირების გაერთიანებისა და რკინიგზის გაფიცული თანამშრომლებისა, აქციას ასევე შეუერთდა სტუდენტური გაერთიანება “აუდიტორია 115”.

რკინიგზის დეპარტამენტთან რკინიგზის მუშებმა შიმშილობა 15 აგვისტოს დაიწყეს. დღეს ერთმა რკინიგზელმა შიმშილობა შეწყვიტა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კახეთიდან სამუშაოდ სადახლოს ხაზზე გადაიყვანეს, არ მიუციათ დამატებითი ანაზღაურება ან საცხოვრებელი ადგილი, ამიტომ ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

მუშები დიალოგს და სამუშაოდ კვლავ კახეთში დაბრუნებას ითხოვენ. რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან პროფკავშირების წარმომადგენლებიც არიან შეკრებილნი.