საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პარლამენტის წევრმა იური დერევიანკომ განაცხადა.
მისი თქმით, საიმიგრაციო სამსახურის დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც დავით სააკაშვილი მიიყვანეს.
– კითხვაზე, არის თუ არა დავით სააკაშვილი დაკავებული ან იყენებენ თუ არა დავით სააკაშვილის მიმართ იძულების ელემენტებს, საიმიგრაციო სამსახურის დირექტორმა უარყოფითი პასუხი გასცა, რის შემდეგაც სააკაშვილმა დატოვა განყოფილება, – აღნიშნა დერევიანკომ.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, პოლიციაში სააკაშვილის ძმისთვის ადმინისტრაციული დარღვევისა და ჯარიმის შესახებ პროტოკოლის და გარკვეულ პერიოდში უკრაინის დატოვების შესახებ დოკუმენტის გადაცემა სურდათ.
– ეს დაკავება უკანონო იყო. ორშაბათს დავით სააკაშვილის წარმომადგენლები სასამართლოს მიმართავენ. ეს სააკაშვილის დაშინების კიდევ ერთი ფორმაა, – დასძინა მან.
ინტერპრესნიუსი