“საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტზე გადაცემაში “ანალიტიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას კიდევ ერთ რეგულაციას სთავაზობს და კერძო სექტორთან პირდაპირი შეთანხმებების დადების შეზღუდვას სთხოვს, როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭიროა პირდაპირი შეთანხმებების დადების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვა?
– IMF სრულიად ეთანხმება წარმოდგენილ კანონპროექტს და აღნიშნულმა კანონპროექტმა მათი მოწონება უკვე დაიმსახურა. საქართველოს მთავრობა თავის მხრივ, ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა კანონპროექტის შემუშავების ეტაპზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და შესაბამისად მათი რეკომენდაციები კანონპროექტში სრულად იქნა ასახული და წარმოდგენილი. ის შეზღუდვები, რომელიც კანონპროექტშია წარმოდგენილი პირდაპირ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გათვალისწინებულია IMF-ის რეკომენდაციების თანახმად. საინიციატივო შეთავაზების შემთხვევაში პირდაპირი მოლაპარაკებები შესაძლოა მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრულ სექტორებში განხორციელდეს და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ პროექტის ინიციატორი კერძო მხარეა.
– ფრანსუა პეჰშო აღნიშნავს, რომ უფრო ნათლად უნდა იყოს ის პირობები განსაზღვრული, რომელიც პირდაპირ შეთანხმებებს დაედება საფუძვლად და იგი დასძენს, რომ ამ კუთხით დამატებით სამუშაოა აქვს საქართველოს მთავრობას…
– აღნიშნული კანონპროქტი ჩარჩო კანონპროექტია, რომელიც ძირითად მიზნებს და პრინციპებს განსაზღრავს. ასევე იგი მოიცავს პროექტების შემუშავების და განხორციელების ძირითად ასპექტებს. შესაბამისად, კანონპროექტში დამატებითი დეტალების გაჩენა მიზანშეწონილი არ არის. ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს. მეორადი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში ისინი ჩართულები არიან და დეტალები კონკრეტულად თუ რის მიხედვით განხორციელდება საინიციატივო შეთავაზების შემთხვევაში პირდაპირი მოლაპარაკებები და რა წესს დაექვემდებარება ისინი, უკვე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით განისაზღვრება, როგორც ეს კანონშია გაწერილი.
– დღეს, როდესაც თქვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მუშაობთ, რა წინასწარი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა მათთან კომუნიკაცია, კანონპროექტის ჩანაცვლებას ხომ არ უნდა ველოდოთ ისევ?
– როგორც უკვე აღვნიშნეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება და ეთანხმება წარმოდგენილ კანონპროექტს და ჩვენ აქ იმაზე ვსაუბრობთ, თუ რა წესებით უნდა განხორციელდეს პირდაპირი მოლაპარაკებები. მთავრობამ სსფ-ის რეკომენდაციების შესაბამისად მაქსიმალურად შეზღუდა პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა. ისინი მხოლოდ საინიციატივო შეთავაზებაშია დაშვებული, ანუ როდესაც კერძო კომპანია მოდის პროექტით და მხოლოდ კონცენსიურ შეთანხმებებში და მხოლოდ იმ სექტორებში, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ იქნება დადგენილი. მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები ძალიან შეზღუდულ სექტორებში იქნება დასაშვები. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი არგუმენტია, როდესაც კერძო კომპანიაა პროექტის ინიციატორი იგი აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე პროექტის ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებებს და სხვა მნიშვნელოვან უფლებებს ფლობს. შესაბამისად, ის მიდგომა, რომ ყველა შემთხვევაში პროექტი საჯარო შერჩევის წესს დაექვემდებაროს სწორი არ იქნება. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვითაც ასე არ ხდება და სხვადასხვა ქვეყნები მსგავს შემთხვევებს სხვადასხვანაირად არეგულირებენ.
– სსფ-ის მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ბაზარზე თავისუფალი კონკურენცია იზღუდება, ახალი კანონპროექტი აღნიშნულ პრობლემას დღის წესრიგიდან ხსნის?
– კანონპროექტი კონკურენციას ცალსახად არ ზღუდავს. პირიქით იგი ძალიან გახსნილ და ღია პროცედურას აწესებს ყველა საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შერჩევისთვის. ერთადერთი გამონაკლისი ის საინიციატივო შეთავაზებაა, როდესაც კერძო კომპანია მოდის თავისი პროექტით, რაზეც მას გარკვეული ტიპის ინტელექტუალური საკუთრების თუ სხვა სახის უფლებები გააჩნია. ის, რომ კანონპროექტი რაღაც კუთხით კონკურენციას ზღუდავს, ამაში ვერ დაგეთანხმებით. პირიქით, კანონპროექტი კონკურენციას მაქსიმალურად ხელს უწყობს და ყველა პროცედურის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, რაც მსგავსი ტიპის ხელშეკრულებების გაფორმებასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია პროცესი ყველა ეტაპზე გამჭვირვალე იყოს. აღნიშნული კანონპროეტი გამჭვირვალობას და კომპანიებს შორის კონკურენციას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.
– კერძო სექტორის პოზიციების მიმართ როგორია თქვენი დამოკიდებულება?
– ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კერძო ინიციატივების შემთხვევაში კანონპროექტი უკვე შესაბამის სტიმულებს განსაზღრავს თუ რატომ უნდა მოიტანოს კერძო პარტნიორმა პროექტი სახელმწიფოსთან. ერთი უკვე განვიხილეთ და მეორე არის ის შემთხვევა, როდესაც აღნიშნული პროექტი საჯარო შეთავაზების ფორმატში გამოდის, ანუ პროექტის კონკურსის წესით შერჩევა ხდება თუ ვინ იქნება პროექტი განმახორციელებელი. ასეთ შემთხვევაში თუ კერძო მხარე, რომელიც პროექტს წარმოადგენს არ იქნება კონკურსში გამარჯვებული, გამარჯვებული მხარე მას პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს აუნაზღაურებს. როდესაც ჩვენ ამ კანონპროეტზე ვმუშაობდით საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილება ძალიან კარგად შევისწავლეთ, სხვადასხვა სტიმულებს გავეცანით და ამ ორი სახის სტიმულზე შევჯერდით, რაც აღნიშნულ კანონპროექტშია ჩადებული. კანონპროექტი სახელმწიფოს მხარდაჭერის სახეებს განსაზღრავს, თუ რა კუთხით შეიძლება სახელმწიფომ მოახდინოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მხარდაჭერა. ეს შესაძლოა იყოს გარანტიები მომსახურებაზე, მოხმარებაზე, ტარიფებზე, ასევე შეიძლება ინტელექტუალური საკუთრების გარკვეული სახის გადაცემა იყოს, ან კონკრეტული კომერციული საქმიანობის განხორციელებაზე ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭება და სხვა მრავალი. კონკრეტულ პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება კონკრეტულ მხარდაჭერის სახეებზე შეთანხმება და მოლაპარაკების მიღწევა.
ზოგადად აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ის, რომ პროექტების განხორციელება გამჭვირვალე იყოს. შესაბამისად, ყველა ინფორმაცია პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით არის და იქნება საჯარო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციისა. თუ ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებას არ შეიცავს და სხვა სახის საიდუმლოსთან არ არის დაკავშირებული, იგი საჯარო იქნება და ყველა მხარეს ექნება აღნიშნული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს შექმნას, რომელიც PPP პროექტების ბაზის მართვას მოახდენს და ინფორმაციას პროაქტიულ რეჟიმში გამოაქვეყნებს.
ბიზნესმედია