“ნარკოტიკებისგან სიყვარულმა და დედის ლოცვამ გადამარჩინა”

"ნარკოტიკებისგან სიყვარულმა და დედის ლოცვამ გადამარჩინა"სპეციალისტების თქმით, ნარკომანიით დაავადებულ ყოველ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, თავი დაანებოს ნარკოტიკების მიღებას, მაგრამ ამას მხოლოდ 3% თუ ახერხებს. ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების ნარკოტიკებისადმი ლტოლვის პრობლემა, შეიძლება ითქვას, ეროვნულ უბედურებად იქცა. მედიცინაში ნარკომანთა ორ ჯგუფს გამოყოფენ – “მოყვარულთა” და “პროფესიონალთა”. არც ერთი ამ ჯგუფის წარმომადგენელი თავს ნარკომანად არ თვლის, თუმცა “პროფესიონალებს”, “მოყვარულებისგან” განსხვავებით, კარგად აქვთ გაცნობიერებული ამ საშინელი სენის დამღუპველობა. როგორც ამბობენ, ნარკოტიკებზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ფიზიკურზე უფრო ძლიერია და ხანგრძლივად მიმდინარეობს. მისგან გამოხსნა ლამის სასწაულის დონეზე ხორციელდება.

ეს გზა გაიარა ჩვენმა რესპონდენტმა, თავის დროზე სანიმუშო ახალგაზრდამ, გიგიმ. როგორც თავად ამბობს, მას ბედმა გაუღიმა, ამ სენს სასწაულებრივად სძლია და დღეს უკვე “ახალი სუნთქვა გაეხსნა”. თავისი ცხოვრების მწარე გაკვეთილების შესახებ ჩვენი რესპონდენტი თავად გვესაუბრება.

გიგი:

– რამდენიმე წელი წამალდამოკიდებული ვიყავი. ნარკოტიკებს ისე მივეჯაჭვე, რომ მის გარეშე ყოფნა წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ჩემი მშობლები ძალიან განიცდიდნენ, ყველა საჭირო საშუალებას მიმართავდნენ ჩემს გამოსახსნელად. არაერთგზის ვიმკურნალე, მონასტერშიც ვიცხოვრე, მაგრამ დრო რომ გავიდა, ამ მავნე ჩვევას კვლავ დავუბრუნდი. ნებისყოფა არ მყოფნიდა, იმ თანამზრახველებსაც მივეჯაჭვე, ვისთან ერთადაც წამალს ვიზიარებდი. მახსოვს, მონასტერს რომ ვტოვებდი და დედაქალაქში ვბრუნდებოდი, ერთმა მადლიანმა ბერმა მითხრა, აქედან რომ გახვალ, ისევ შეგესევიან ეშმაკები და მედგრად დაუხვდიო. მართლაც, ნარკომანების წრეში რომ მოვხვდი, სულმა წამძლია… თავს თუ ვერ აჯობე, მერე შენც ებმები მათ მარაქაში და ერთ-ერთი იმ “ეშმაკთაგანი” ხდები. ეს დიდი საცდურია, შეგიტყუებენ, შეგიტყუებენ და ვეღარც გამოეხსნები. თითქოს რაღაც ორგანიზაციის, სექტის წევრი ხდები. კლანივითაა, თუ გამოეყოფი, მოღალატედ აღგიქვამენ. თავის გამოხსნა რომ დააპირო, საერთოდ უნდა შეიცვალო აზროვნება, გარემოცვა და ცხოვრების წესი.

– გმადლობთ, რომ ასე გულწრფელად გვესაუბრებით. თქვენს ადგილას ბევრი თავს აარიდებდა ამ თემას.

– წლების წინ ამ თემაზე ინტერვიუს კი არა, კომენტარს არ გავაკეთებდი. ყველას ურცხვად ვარწმუნებდი, რომ ნარკოტიკებთან საერთო არაფერი მქონდა: რა წამალი, რის წამალი, ეტყობა, რაღაც გელანდებათ-მეთქი. ეს კი არა და, შეტევაზეც გადავდიოდი, ჩემზე ეს როგორ იფიქრეთ და მკადრეთ-მეთქი. სხვა, უკვე გამჟღავნებულ ნარკომანებს განვიკითხავდი, ამას რას აკეთებენ, სხვასაც ღუპავენ და საკუთარ თავსაც-მეთქი. იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩემზე გული შესტკიოდა, თვალებში ნაცრის შეყრას ვცდილობდი. თუმცა ამტკიცე, რამდენიც გინდა, ხალხს რას გამოაპარებ, როცა ფაქტი სახეზეა!

– თქვენ მიმართ რა დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ?

– ზოგს ვეზიზღებოდი, ხალხის მტრად აღმიქვამდნენ, ზოგსაც ვებრალებოდი, ავადმყოფად მთვლიდნენ. კარგი ოჯახის შვილი ვიყავი და პირში ლანძღვას ვერავინ მკადრებდა, თუმცა ნოტაციებს მიკითხავდნენ, რჩევებს მაძლევდნენ. ზურგს უკან კი ალბათ ყველა ბრუნვაში მატრიალებდნენ.

– პირველად ნარკოტიკი როდის გასინჯეთ?

– მატერიალურად უზრუნველყოფილ ოჯახში გავიზარდე. შეიძლება დაუჯერებლად გეჩვენოთ, მაგრამ კარგად ვსწავლობდი, წარმატებული ვიყავი და თანატოლებისგან ჭკუით და წესიერებითაც გამოვირჩეოდი. თუმცა, არცთუ რიგიანი გარემო მქონდა. უბანში ჩემს ნაცნობ-მეგობრებს შორის, ვისთანაც ძალაუნებურად ყოველდღიური შეხება მიწევდა, ბევრი იყო ე.წ. “მოყვარული”. ესენი გახლდნენ უმეტესად “ბირჟავიკები”, დაუსაქმებელი ადამიანები, ვინც ვერ იპოვეს ადგილი ცხოვრებაში და დროს ამგვარ “თავშესაქცევებში” კლავდნენ.

– თუმცა ამ საცდურმა არაერთი დასაქმებული ადამიანი და თანამდებობის პირიც ჩაითრია.

– დიახ, ასეა. ჩემ გარშემო ისეთი ადამიანებიც იყვნენ, ვინც საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწეოდნენ. ზოგი საერთოდ აღმზრდელობით სისტემაში მუშაობდა და საზოგადოებაში დადებითი რეპუტაციით სარგებლობდა. უნდა ითქვას, რომ ასეთი ადამიანები ახალგაზრდებისთვის ძალიან საშიშები არიან. ერთი ნარკომანი მინიმუმი ათ ადამიანს მაინც ითრევს. თავიდან ინტერესის გამო იწყებ, ან რაღაც სტრესული სიტუაცია გაქვს, ხოლო გამოცდილი “კეთილისმსურველები” მის მოსახსნელად აბებს გთავაზობენ. შენც უჯერებ და აკეთებ იმას, რასაც გთავაზობენ. ამით პრობლემები გავიწყდება და სხვა სამყაროში ხვდები, საიდანაც გამოსვლა აღარ გინდა. გგონია, რომ თუ შიგადაშიგ გაიმეორებ და თუნდაც “მოყვარული” გახდები, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ნარკომანობას. დარწმუნებული ხარ, რომ ნებისყოფიანი, მაგარი ბიჭი ხარ და ეს სენი შენ ვერ მოგერევა, როცა მოისურვებ, თავს დაანებებ, მაგრამ მასე არ არის. სინამდვილეში ეშმაკს შენი სულის სადავეები ხელში უჭირავს და ცოცხალი თავით არ გთმობს. არადა, შენივე ნებით ჩაუდგე თავი.

– წეღან ახსენეთ, რომ თქვენს უბანში ბევრი დაუსაქმებელი ბიჭი ნარკომანი გახდა. როგორც ვიცი, ასეთი პირები წამლისთვის ფულის მოსაპოვებლად, ჩვეულებრივ, “კარგი მამიკოს” შვილებს იყენებენ, ჯერ გაასინჯებენ, ჩაითრევენ და მერე მათი ჯიბით უხვად სარგებლობენ. თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?

– გულწრფელად რომ ვთქვა, მამაჩემი ფულის მოცემით არ მანებივრებდა, თუმცა ჩემს ოჯახს ინახავდა. ცოლ-შვილს ადრეულ ასაკში მოვეკიდე. მამას წყალობით ბინით, კვებითა და სამოსით უზრუნველყოფილი ვიყავი. მშობლები მე და ჩემს ცოლს, მადონას, ყველანაირად ხელს გვიწყობდნენ, რომ მშვიდი და ბედნიერი გარემო გვქონოდა. უმაღლესი სასწავლებელი ფრიადებზე დავამთავრე, შემდეგ კი საუკეთესო სამსახურში მოვეწყვე და საკუთარი შემოსავალიც გამიჩნდა. მამაჩემს ჩვენთვის დახმარება არ შეუწყვეტია, ამიტომ ჩემს ხელფასს პირადი ინტერესებისთვის ვხარჯავდი. როცა ჩემი უბნელები ჯიბის ფულს მთხოვდნენ, უარს ვერ ვეუბნებოდი. საერთოდ, ხათრიანი და მორიდებული ბუნების ვიყავი. ზოგჯერ აბეზარ მთხოვნელებს ვემალებოდი, ჩემს ცოლს ვაფრთხილებდი, თუ დამირეკავენ, უთხარი, სახლში არ არის-მეთქი. მაგრამ მქონდა მეორე მომენტიც – ვინმეს თუ ვაწყენინებდი ან ხელს არ გავუმართავდი, მერე ძალიან ვდარდობდი.

– თქვენმა უბნელებმაც ეს “აქილევსის ქუსლი” მოგიძებნეს და თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს, არა?

– სამწუხაროდ, ასე მოხდა. ცხადია, ვერ მიმხელდნენ, რომ ფული ნარკოტიკისთვის სჭირდებოდათ. სხვადასხვა მიზეზს მისახელებდნენ, ვითომ შეყვარებულისთვის საჩუქრის ყიდვა უნდოდათ, ან დედა ჰყავდათ ავად და ექიმისთვის სჭირდებოდათ, ან ვალი ჰქონდათ ვიღაცის (“ქველმოქმედებისთვის” აღებული) და ვადა ამოეწურათ და ა.შ. როცა დავინახე, რომ მთელი ჩემი ჯამაგირი ჩემი ხათრიანი ბუნების გამო სხვის ჯიბეში მიდიოდა, თავმოყვარეობამ შემაწუხა და უფრო ხელმომჭირნე გავხდი. მერე სხვა გზას მიმართეს, დაიწყეს ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე, მეუბნებოდნენ, “აზრზე მოსული” რომ იყო და ვიღაცეების თვალში გოიმი არ გერქვას, ერთხელ ხომ მაინც უნდა გასინჯოო, და ფსიქოტროპული აბი შემომთავაზეს. მეც იმ შთაგონებით, რომ ძლიერ მამაკაცს მრავალმხრივი გამოცდილება უნდა ჰქონდეს, მათ შემოთავაზებაზე უარი არ ვთქვი. ერთი სიტყვით, გამაბრიყვეს. ასე შევყევი, შევყევი და… მერე რაც მოხდა, ამის გახსენებაც კი მზარავს.

–  მაგ მდგომარეობაში რა შეგრძნებები გქონდათ ისეთი, რასაც ვერ ელეოდით?

– როდესაც ოჯახში ჩემი მდგომარეობა გამჟღავნდა, ჩემმა ცოლმა კედელზე გამიკრა მწერალ მიხეილ ბულგაკოვის სიტყები მოთხრობიდან – “მორფი”. რამდენჯერაც ჩამოვგლიჯე და დავხიე, იმდენჯერ ხელახლა დამიწერა და გამიკრა. ბოლოს უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი და ხუმრობაში გადამქონდა… ბოლოს ეს ტექსტი სიმბოლურად შევინახე და ახლა თქვენი კითხვის პასუხად წავიკითხავ: “არამცთუ ნაღველი, ნელი სიკვდილი ეუფლება მორფინისტს, თუ მას ორიოდე საათით მოაკლებ მორფინს. ორგანიზმში უჯრედიც არ მოიძებნება, წამალი რომ არ სწყუროდეს. ერთი სიტყვით, ადამიანი აღარაა, გამორთულია, ბორგავს, ნაღვლობს, იტანჯება გვამი. მას აღარაფერი სურს, არაფერზე აზროვნებს, გარდა მორფისა. ვერანაირი გვემა ვერ შეედრება მისი წყურვილით გამოწვეულ სიკვდილს. ცოცხლად დამარხულივით იჭერს ჰაერის უმნიშვნელო ბუშტებს და ფრჩხილებით იკაწრავს მკერდს, როგორც კოცონს მიცემული ერეტიკოსი კვნესის და ირხევა, როცა ცეცხლის ენები მის ფეხებს ლოკავენ… სიკვდილი, უფერული, ნელი სიკვდილი…”

– უმძიმესი, შემაძრწუნებელი სიტყვებია… თქვენმა ოჯახის წევრებმა თქვენი მდგომარეობის შესახებ როდის შეიტყვეს?

– სხვათა შორის, ძალიან გვიან. ერთი წელი საერთოდ ვერაფერს ხვდებოდნენ, თავი აბსოლუტურად ნორმალურად მეჭირა და ვიზუალურადაც არაფერი მეტყობოდა. მერე ჩემმა ცოლმა შეიტანა ეჭვი, ჩემი ქცევები არ მოეწონა. საერთოდ, მოვლენებისადმი ინერტული გავხდი, თითქოს ყველაფერი სულერთი გახდა, არაადეკვატურად ვრეაგირებდი. გავუხეშდი, უმიზეზოდ ვჩხუბობდი, ხოლო თუ საჩხუბარი იყო და საამისოდ რეალური მიზეზი მქონდა, მაშინ ვჩერდებოდი… მადონა სულ თვალებში მიყურებდა პირდაპირი მნიშვნელობით, გუგებს მიმოწმებდა, გაფართოებული ან შევიწროებული ხომ არ მქონდა. ეტყობა, ვიღაცამ ურჩია, ამით მიხვდები, რამე თუ იმაიმუნაო.

– ცოლთან ურთიერთობა ამ მიზეზით დაგერღვათ?

– რა თქმა უნდა, ამაში მე ვიყავი დამნაშავე. მადონამ ბევრი მითმინა, მებრძოლა, ეგონა გამოვსწორდებოდი, მაგრამ რამდენჯერაც ვითომ თავი დავანებე ნარკოტიკულ ნივთიერებებს, იმდენჯერ მივუბრუნდი… ბოლოს, საშველი რომ აღარ დამადგა, ხელი ჩაიქნია და დამტოვა. მის საქციელს ეგოისტურად ვერ განვსჯი. ჩათვალა, რომ ცხოვრებას ვუმძიმებდი და განმერიდა – ალბათ მისთვის ასე სჯობდა.

– თქვენმა შვილებმა გაიგეს სიმართლე?

– მინდა მსგავს მდგომარეობაში მყოფ ქალბატონებს ვურჩიო, რომ შვილების თანდასწრებით ქმარს უნებისყოფო, უგნური და ნარკომანი არ უძახონ!.. არ ვიცი, მადონა რას ფიქრობდა, ასე რომ იქცეოდა – ეგონა, ბავშვების შემრცხვებოდა, გავწითლდებოდი და ცხოვრების წესს შევიცვლიდი თუ რა… ეს პრიმიტიული მიდგომაა. ჯობდა, შვილებს ამის შესახებ არ სცოდნოდათ, მათ თვალში ავტორიტეტი დავკარგე. არის მეორე მომენტიც, როცა გავიგე, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა, შვილებმაც კი, ჩემი სიტუაცია, ბოდიში და, საერთოდ ფეხებზე დავიკიდე……

ახლა ჩემი ბავშვები უკვე წამოიზარდნენ და მამის ხელი სჭირდებათ. დედას აღარ უჯერებენ. მადონა მირეკავს ხოლმე, მომეშველეო. მეც ვცდილობ ბავშვების აღზრდაში ჩავერიო, მაგრამ ისინი უკვე აღარ მენდობიან. არ შეიძლება ერთმა მშობელმა მეორის წინააღმდეგ წააქეზოს შვილები. ამგვარი საქციელის არამართებულობას მაშინ მიხვდებიან, როცა შედეგებს იწვნევენ.

– ცოლმა რომ მიგატოვათ, ამ ფაქტს როგორ შეხვდით, მაშინაც ფიქრობდით, რომ თქვენ იყავით დამნაშავე?

– ცხადია, არა. ხომ აღვნიშნე, არაადეკვატური გავხდი-მეთქი. ვამბობდი, რომ მადონა ცილს მწამებს, მოლანდებები დაეწყო, ნარკოტიკებთან რა საერთო-მაქვს-მეთქი.

– თავად თუ გჯეროდათ იმისი, რასაც ამბობდით?

– თქვენ წარმოიდგინეთ, კი. თავს ნარკომანად არ ვთვლიდი. ვფიქრობდი, რა მოხდა, თუ ახლა გავიკეთებ, ეს უკანასკნელი იქნება-მეთქი… მეგონა, როცა მოვინდომებდი, მყისიერად გადავაგდებდი… ასევე ფიქრობდნენ, ჩვენი ე.წ. “საძმოს” წევრებიც. ვინმეს მათთვის ნარკომანი რომ ეწოდებინა, შეიძლება მოეკლათ კიდეც… ამ “რა მოხდა – რა მოხდაში” კი ბიჭებს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები შეექმნათ, ზოგი დაინვალიდდა, ზოგი ციხეში ჩაჯდა, ზოგი დაიღუპა კიდეც. როცა გრძნობ, რომ ჭაობში ხარ და კატასტროფა გელის, უკვე ვეღარაფერს ახერხებ.

– საუბრის დასაწყისში ახსენეთ, ვერც სამედიცინო ჩარევამ და ვერც მონასტერში პერიოდულმა ცხოვრებამ ვერ მიშველაო. აბა, როგორ გამოეხსენით?

– დედაჩემი ერთ-ერთი ეკლესიის მრევლი გახდა და სულ ჩემზე ლოცულობდა. არ ტოვებდა სამების ტაძარში არც ერთ სპეციალურ ლოცვას. დავრდომილი რომ ყოფილიყო, მაინც დგებოდა, კილომეტრებს გაივლიდა, ტაძარში მივიდოდა (არ ვიცი, რა ძალა ეძლეოდა) და გულმდუღარედ ლოცულობდა. მისმა ლოცვებმა მეც მომაქცია და ქრისტიანული ცხოვრებისკენ მიბიძგა…

მერე, ერთ მშვენიერ და საბედისწერო დღეს, გავიცანი ქეთა. არ ვიცი, ამ ანგელოზივით გოგოს რით მოვეწონე – თითქმის გაუბედურებული ვიყავი, აღარც სამსახური მქონდა, ძველი “დიდების” ნიშანწყალიც აღარ მეტყობოდა. ქონების ნაწილიც დავანიავე, წარმოიდგინეთ, რა დონეზე ვიყავი – შინიდან ნივთებს ვიპარავდი და წამლისთვის ვყიდდი. ვალების გამო სახლიც გავყიდე და მშობლებთან ერთად პატარა ბინაში გადავედი. ახლა რომ მახსენდება, ყველა იმ ქცევისთვის საკუთარი თავი მძაგს.

– ქეთასთან თქვენი ურთიერთობა განვითარდა?

– მან ჩემ მიმართ იმხელა გაგება და ადამიანურობა გამოავლინა, იმხელა გრძნობა მიჩვენა, შეუძლებელი იყო, არ მეპასუხა. ახლა უკვე ერთმანეთს ვეჯიბრებით სიყვარულში. მისი ძალიან მადლიერი ვარ. ქეთას გვერდით ნორმალური სახე აღვიდგინე და ადამიანს დავემსგავსე. დავმშვიდდი, გონება დამეწმინდა. ჩემი წარსულის შეცდომებისკენ გახედვაც აღარ მინდა. თითქოს ახალი სუნთქვა გამეხსნა და სულ წინ ვიყურები… ახლო მომავალში შეუღლებასაც ვგეგმავთ.

– თქვენი ასეთი ფერიცვალება ქეთამ სიყვარულით შეძლო?

– ქეთა არაჩვეულებრივი ადამიანია. კარგი ფსიქოლოგივით მომიდგა. ისეთ სიმაღლეზე დამაყენა, რომ მის წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ. არ მაქვს უფლება, ურიგოდ მოვიქცე და გავაწბილო.

– თქვენმა ყოფილმა მეუღლემ თუ იცის იმის შესახებ, რომ თქვენ გვერდით სხვა ქალი გაჩნდა, რომელთანაც მზად ხართ ახალი ცხოვრება დაიწყოთ?

– შეიძლება იცის… ამ თემაზე არაფერს მეუბნება, თუმცა ჩემ მიმართ გააქტიურდა.

– ფიქრობთ, რომ შერიგება უნდა?

– ალბათ სხვისთვის არ ვეთმობი. რაც უნდა იყოს, მისი შვილების მამა ვარ. თან უკვე შევიცვალე, ძალები აღვიდგინე, ჯანსაღი ცხოვრების წესს ვეწევი, ვვარჯიშობ, საქმესაც მოვეკიდე.

– როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი?

– მხოლოდ კარგზე ვფიქრობ, პირად ცხოვრებასა და კარიერაში პოზიტიური მიზნები დავისახე… ვცდილობ, დაკარგული წლები ავინაზღაურო, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია. სამწუხაროდ, ძველმა ცხოვრებამ ჯანმრთელობის მხრივ ნაკვალევი დამიტოვა, მაგრამ, ალბათ ამასაც მოევლება. რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა და ცხოვრებას ნათელ ფერებში ვუყურებ. ის, რაც ახლა ჩემს თავს ხდება, ნამდვილად ღვთის სასწაულია. იმედი მაქვს, ღმერთი შემეწევა და კეთილ გზაზე ხელს მომიმართავს.