სანდრო ბრეგაძე: “ამერიკის პრეზიდენტი არ გვაფინანსებს, მაგრამ მის ადმინისტრაციასთან კავშირი გვაქვს”

სანდრო ბრეგაძე: "ამერიკის პრეზიდენტი არ გვაფინანსებს, მაგრამ მის ადმინისტრაციასთან კავშირი გვაქვს"“მინისტრის მოადგილეობიდან ჩემს გადაყენებას სოროსის მონა თინა ხიდაშელი ითხოვდა”

ვინ ელოდა ზვიად სიჭინავას რუხის ხიდზე, რა კავშირი აქვთ ევროპულ ნეონაცისტებთან, რატომ შეუყვარდათ დონალდ ტრამპი და ვისგან იცავენ მას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.

– ქართული მარშის წევრები ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პირდაპირ ეთერში მიგიპატიჟათ სოხუმის ასაღებად. ის 4 ნოემბერს რუხის ხიდზე გელოდათ. მასთან ჩასვლის ნაცვლად თქვენ რუსთავი 2-ს მიუცვივდით.

– როგორ შეიძლება, სიჭინავაზე ადამიანმა სერიოზულად ილაპარაკოს? ეს ადამიანი რომის პაპსა და რომის პაპას ვერ არჩევს ერთმანეთისგან. მეტსაც გეტყვით, მას ივო შუშაკი და შუშანიკი ერთი ადამიანი ჰგონია. ვისაც მისი განცხადებები მოუსმენია, მის შეთავაზებას სერიოზულად არ მიიღებდა. ჩვენ მისი გამოწვევა მივიღეთ და 4 ნოემბერს, 4 საათზე, რუხის ხიდზე ვიყავით. ბატონი სიჭინავა რატომღაც არ გამოჩენილა. არადა, მან მოგვიწოდა, თუ გული გერჩით, მოდით და ერთად ავიღოთ სოხუმიო.

– შეგიძლიათ მათი ვინაობის დასახელება, ვინც სიჭინავას 4 ნოემბერს, 4 საათზე, ენგურის რუხის ხიდზე ელოდა?

– ეს ადამიანები არიან ზვიად გამსახურდიას გვარდიის წევრები. ისინი დღეს ქართული მარშის წევრები არიან. მათ ვინაობას მხოლოდ იმიტომ არ ვასახელებ, რომ არ მინდა, რამე პრობლემა შევუქმნა. ამ ბიჭებმა ხიდზე გადაიღეს სურათი და მზად ვარ, ეს ფოტო სიჭინავას ჩავუგდო.

სიჭინავა არის სამარცხვინო პოპულისტი. გმირობის თამაში დაიწყო და, როცა საქმე საქმეზე მიდგა, დაიმალა.

– და ამის გამო გადაწყვიტეთ აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერა? ან რაში სჭირდება დონალდ ტრამპს ქართული მარშის მხარდაჭერა?

– ბოლო დროს სოროსის დაკვეთით აშშ-ის პრეზიდენტზე ქართულ მედიაში საზიზღრობებს ლაპარაკობენ. მისი მხარდაჭერა სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ.

– თქვენგან ცოტა გამიკვირდა, აშშ-ის პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას რომ აწყობთ. როცა მინისტრის მოადგილეობიდან წამოხვედით, თქვენი გარემოცვა ამბობდა, აშშ-ის ელჩი დაჟინებით სთხოვდა მაშინდელ პრემიერ ღარიბაშვილს ბრეგაძის მოხსნასო.

– ამ ამბავში ამერიკის ელჩი არ იყო ჩართული, თან, ჩართული რომც ყოფილიყო, ტრამპი ამასთან არაფერ შუაშია. ის მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი არ ყოფილა. ჩემს გადაყენებას დაჟინებით ითხოვდა თავდაცვის მაშინდელი მინისტრი თინა ხიდაშელი. ის სოროსის მონა გახლავთ.

ამერიკის პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის მოწყობა 5 ნოემბერს ეკა კვესიტაძის გადაცემის შემდეგ გადავწყვიტეთ. ამ გადაცემაში დაუფარავად ლანძღავდნენ აშშ-ის პრეზიდენტს.

ამ გადაცემის სტუმრებმა და მასპინძლებმა ბატონი დონალდი ადოლფ ჰიტლერის კონტექსტში მოიხსენიეს და მას ფაშისტობა დასდეს ბრალად. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ბრალდება ის იყო, რომ ტრამპი პრეზიდენტი რუსეთის ჩარევითა და რუსული ფულით გახდა. ეს აშშ-ის პრეზიდენტის გაუგონარ დისკრედიტაციას წარმოადგენს.

იქვე ირონიულად ამბობდნენ, რას მოგვიტანს ტრამპის პრეზიდენტობა, ეს მალე გამოჩნდებაო. სოროსის მიერ დაფინანსებულები ისე გათავხედდნენ, რომ მარტო ქართულ მარშს კი არა, დონალდ ტრამპსაც უპირისპირდებიან. სოროსულმა მედიამ აშშ-ის პრეზიდენტი დაბლოკა.

– რანაირად დაბლოკა?

– მის გამოსვლებსა და განცხადებებს სოროსულ-ქართული მედია საერთოდ არ აშუქებს. ცოტა ხნის წინ ტრამპმა თეთრ სახლში ბიბლიის შემსწავლელი კურსები გახსნა და არც ეს გააშუქეს. აშკარაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დაბლოკილია.

– ამის გამო ტრამპი, სავარაუდოდ, არ ინერვიულებს.

– მეც არა მგონია, რომ ტრამპმა ამაზე ინერვიულოს, მაგრამ მაინც უხერხულია ასეთი დამოკიდებულება. ჩვენ ამერიკის საელჩოსთან იმიტომ მივდივართ, რომ ლიბერასტების ბრალდებების გამო უკაცრავად მაინც ვუთხრათ აშშ-ის პრეზიდენტს.

მეორე მიზეზი, რისთვისაც აშშ-ის საელჩოსთან მივდივართ, არის ის, რომ გვინდა, ტრამპს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მის პოლიტიკას. მისი მოსვლის შემდეგ მთელ მსოფლიოში შეიცვალა პოლიტიკური სურათი.

– პოლიტიკური სურათის შეცვლაში რას გულისხმობთ?

– ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ეროვნული, პატიოსანი და მორწმუნე ძალები საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევენ როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. ამის ნათელი მაგალითი ავსტრიაში ნაციონალისტური პარტიის გამარჯვებაა. ეს დიდი მიღწევაა და თუნდაც ამიტომ უნდა ვუთხრათ ტრამპს მადლობა და ქართველი ლიბერასტების გამო ბოდიში მოვუხადოთ.

– ამ აქციის შემდეგ აუცილებლად იტყვის ვიღაცა, რომ ქართულ მარშს დონალდ ტრამპი აფინანსებს.

– დარწმუნებული ვარ, ასეთი ჭორი აუცილებლად აგორდება. ჩვენში ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება ადამიანს უანგაროდ დაუჭირო მხარი. ეს ხალხი მინდა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ დონალდ ტრამპი ნამდვილად არ გვაფინანსებს.

ჩვენი დაფინანსების თემა ძალიან აქტუალური გახდა. ზოგი ამბობს, რომ რუსეთიდან ვფინანსდებით, ზოგი ამტკიცებს, რომ ევროპელი ნეონაცისტები გვაფინანსებენ. არავინ გვაფინანსებს, არც რუსეთი და არც ტრამპი.

ტრამპი არ გვაფინანსებს, მაგრამ მის ადმინისტრაციასთან და მხარდამჭერებთან გვაქვს კავშირი. ამ დღეებში ჩვენზე ამერიკულმა მედიამ არაერთი მასალა მოამზადა. ქართულ მარშზე მომზადებული მასალა ტრამპის მხარდამჭერების ფეისბუქგვერდზე იქნა გაზიარებული.

ქართულ მარშს აქტიური მიმოწერა გვაქვს მარი ლე პენის პარტიასთან. ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ევროპულ პარტიებთან, რომლებიც ეროვნულ ღირებულებებს სცემენ პატივს. ასეთი ძალები დასავლეთში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობენ. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც ასე იქნება.

ძალიან სამწუხაროა რომ რამდენიმე მედიასაშუალებამ ბოიკოტი გამოგვიცხადა. არა უშავს, ჩვენს აქტივობას დასავლური მედია გააშუქებს. ჩვენ კიდევ ბევრი საინტერესო და ხმაურიანი აქციის მოწყობას ვაპირებთ და ის ხალხი არ დავინახო ჩვენს ღონისძიებებზე, რომლებიც ქართული მარშის ბოიკოტირების იდეით გამოვიდნენ.

– ისევ აშშ-ის პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას დავუბრუნდეთ. როდის აპირებთ აშშ-ის საელჩოსთან მისვლას?

– აქციას, სავარაუდოდ, ამ კვირაში გავმართავთ. თარიღს ხვალ ან ზეგ დავასახელებთ.

– ამ კვირაში ქართული მარში ფეხბურთის ფედერაციასთანაც აპირებდა აქციის მოწყობას. პირობა ისევ ძალაშია?

– რა თქმა უნდა. ფეხბურთის ფედერაცია ასე მოქცევას იმსახურებს. მისი მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაზე უკეთესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ, როგორც ჩინოვნიკი, არც ლევან კობიაშვილი უქნია ღმერთს. მისი ფედერაციის პრეზიდენტობისას ეროვნულ ნაკრებს არცერთი ოფიციალური შეხვედრა არ მოუგია.

ამ წარუმატებელი სერიის გამო კობიაშვილსა და ნაკრების წევრებს ქართველი ხალხისთვის ბოდიში უნდა მოეხადათ. ამის ნაცვლად რაღაც სისულელეებითა და გეიპროპაგანდით არიან დაკავებული. ისინი ამაზე აუცილებლად მიიღებენ პასუხს. 10 ნოემბერს ძალიან საინტერესო მოვლენის მომსწრეები გახდებით.

– რა ხდება 10 ნოემბერს?

– მაგას 10 ნოემბერს გაიგებთ. მაგ დღეს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ატარებს. შეხვედრა გორში გაიმართება, სადაც გაეცემა ამათ თავხედობას პასუხი. ამ პასუხს საქართველოსთან ერთად მთელი მსოფლიო ნახავს