სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ხეცურიანი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეს აღიარება საქართველოს უცხო ბაზრების ათვისებაში დაეხმარება.
– ამის აღიარება პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მარკეტინგისთვის, რადგან ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ღვინის რუკაზე ჯერ კიდევ პატარა წერტილს წარმოვადგენთ, ბევრი გვაქვს გასაკეთებელი დამკვიდრებისთვის, რათა გაგვიცნონ და ეს რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას იპყრობს, პირველადი გაცნობისთვის მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს. ამას მოჰყვა სტატიები ძალიან მნიშვნელოვან გამოცემებში, რაც გააკეთებს ძალიან კარგ საქმეს, იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენ არ გვიცნობენ, ძალიან კარგად იმუშავებს. ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მივიქციოთ ძალიან დიდი ყურადღება, – განაცხადა ხეცურიანმა.
მისივე განმარტებით ქართულ ღვინოს ხარისხის პრობლემა აღარ აქვს.
– ხარისხის პრობლემა აღარ არის აქტუალური, რადგან ეს საკითხი პრაქტიკულად, მოგვარებულია. შეიძლება ვისაუბროთ ღვინის კლასზე, ღვინოების კლასიფიკაციასთან დაკავშირებით კიდევ გვაქვს სამუშაო. თამაშის შიდა წესები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, საუბარია აგროწარმოშობის თემაზე. თუ ვართ მისი ერთგული, მაშინ მტკიცედ უნდა დავიცვათ და კიდევ უფრო სწორი სტრუქტურირება შევძლოთ, რადგან ბევრი აგროწარმოშობის ღვინო საერთოდ არაა აქტუალური ქვეყანაში, ზოგიერთი კი მხოლოდ ერთ, კონკრეტულ ბაზარზეა მიბმული.
მეორე არის ქვევრის ღვინის თემის რეგულირება, ისე, რომ გასაგები იყოს პირველ რიგში ქართული ბაზრისთვის, რადგან ეს კანონში ახალი შესულია და ჯერ შიდა ბაზარზეა საჭირო ამის კარგად გაგება და შემდეგ უკვე კომუნიკაცია ქვეყნის გარეთ. ხარისხის თემა ქვეყანამ მოაგვარა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენ ბაზრებს ვერ ვთავაზობთ ღვინოების ისეთ კლასიფიკაციას, რომელიც ნათლად იქნება შეთანხმებული ქვეყანაში, – ამბობს სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით ყველაზე დიდი პრობლემა მევანახეობის განვითარებაა.
– ყველაზე დიდი გამოწვევა არის მევენახეობა – დარგი, რომელშიც გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ექსპერტიზა. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არის ეს ექსპერტიზა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მაღალი დონის მევენახე. ვენახის გაშენების პროცესიც კი აშკარად ძალიან განსხვავებულია ევროპაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ შევარჩიოთ ნიადაგი, გვჭირდება ტერუარის ანალიზიც – ეს არის გამოწვევა. ღვინის ბიზნესის კონცეფციაში ჯერ კიდევ დიდი განვითარება გველოდება, – ამბობს შალვა ხეცურიანი.
ადრეული დასკვნით, რომელიც 7.000 წლის წინანდელ თიხის ჭურჭელზე დაყრდნობით გაკეთდა, ღვინის სამშობლოდ ჩრდილო-დასავლეთ ირანი სახელდებოდა. ახალი დასკვნა რამდენიმე დღის წინ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა.
კომერსანტი