118-ე სკოლის მოსწავლე იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული – „უმოწყალოდ ურტყეს წიხლები თავში“

118-ე სკოლის მოსწავლე იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული - „უმოწყალოდ ურტყეს წიხლები თავში“118-ე სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. დედის განცხადებით, ბავშვი მეოთხე დღეა იაშვილის კლინიკაში იმყოფება, რადგან სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

– დილით, კლასში შესვლისთანავე, ჩანთამოკიდებულს მიეპარნენ ზურგიდან, დააგდეს იატაკზე, უმოწყალოდ ურტყეს წიხლები თავში და რომ არა შეძახილები „მასწავლებელი მოდის“, ღმერთმა უწყის, რა უბედურება დატრიალდებოდა. დროის გასვლასთან ერთად, ბავშვს ჩივილები მოემატა და დაეწყო ცნობიერების კარგვა, გადაგვიყვანეს იაშვილის კლინიკაში, დღეს ვაკეთებთ ელექტრომაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას თავზე, – წერს მშობელი და აღნიშნავს, რომ გეგმავს რეაგირებისთვის განათლების სამინისტროსა და სამართალდამცველებს მიმართოს.

ინციდენტს ადასტურებს სკოლის დირექტორი გიული შენგელია. მომხდარზე განმარტება გააკეთეს განათლების სამინისტროშიც:

– როცა კლასის დამრიგებელი მეორე გაკვეთილის შემდეგ ბავშვებთან მივიდა, მოსწავლეებისგან გაიგო აღნიშნული ჩხუბის თაობაზე. ბავშვებს გარეგნულად ჩხუბის კვალი არ ეტყობოდათ. ბავშვებმა განაცხადეს, რომ ისინი მეგობრები არიან და არ უჩხუბიათ. რამდენიმე დღის შემდეგ დამრიგებელთან მივიდნენ მშობლები და უთხრეს, რომ ბავშვს თვალი აქვს ჩალურჯებული. თუმცა ჩალურჯებული თვალი პედაგოგს მანამდე არ შეუმჩნევია. ამავე დღეს მოსწვალის დედა შეხვდა სკოლის დირექტორს და შვილის პარალელურ კლასში გადაყვანა სთხოვა. დირექტორმა მშობელს აუხსნა, რომ ვინაიდან მეხუთე კლასების საკლასო ოთახები ერთმანეთის გვერდით მდებარეობდა, კლასის შეცვლა შედეგს ვერ გამოიღებდა. ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, ბავშვი იმავე კლასში დარჩენილიყო ყურადღების ქვეშ. რამდენიმე დღის შემდეგ, მოსწავლე გადავიდა N 119 საჯარო სკოლაში. N 118 სკოლის დირექტორმა 25 დეკემბერს დღის ბოლოს გაიგო, რომ მოზარდი საავადმყოფოშია. დაუკავშირდა მშობელს, რომელმაც განაცხადა, რომ ბავშვი საავადმყოფოშია თავთან დაკავშირებული პრობლემებით და ეჭვია, რომ ტრავმა სკოლაში ჩხუბის დროს მიიღო. თუმცა, ეს ეჭვი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, – განმარტავენ განათლების სამინისტროში.