2 დღის წინ ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:
”დღეს საოცარი ისტორია მოვისმინე…
ერთი კარგი ახლობელი ქალია, წარმატებულ ბიზნესსტრუქტურაში მუშაობს ხელმძღვანელ პოზიციაზე. რამოდენიმე წელია ვიცნობ რაღაც სიტუაციებიდან გამომდინარე და კარგი მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს.
დღეს შევიარე რაღაც საქმეზე, ყავით გამიმასპინძლდნენ, თან საუბარს შევყევით. ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, რომ ორი შვილიშვილის ბებია ყოფილა და მესამეს ელოდება თურმე. მეუღლემეთქი? ჩემი მეუღლე აფხაზეთის ომში დაიღუპაო, ომის დაწყებიდან მესამე დღესო… მე რომ ფეხმძიმედ ვიყავიო… ეგრევე გავარდა ომშიო, გულმოკლულს ქალური წყენა შეეპარა ხმაში. ორმეტრიანი ბიჭი იყო, რა თქმა უნდა, მოკლავდნენო. ასეც მოხდა, კოლხიდასთან სნაიპერმა მოკლაო…
არც შეძლებული, ძლიერი ოჯახის შვილი ყოფილა. დედისერთა პატარა გოგო ფეხმძიმე დარჩა ჯოჯოხეთში, რომელსაც ოთხმოცდაათიანების საქართველო ერქვა. შვილი გააჩინა. გაზარდა, მუშაობა დაიწყო მცირედან და ნელნელა წავიდა წინ. დღეს წარმატებული მენეჯერი და სასიამოვნო ადამიანია, რომლის გულშიც, ვერასდროს იტყვი რა არის სამუდამოდ დამარხული…
არ მინდოდა რომ შეცოდების მსგავსი დაენახა ჩემგან რაიმე. ან კი რა სჭირს საამისო? მალე სამი საყვარელი შვილიშვილი ეყოლება. მის ქალიშვილს ბევრი შვილები უნდა, რადგან თვითონ დააკლდა დედმამიშვილების სიყვარული. ასეთი ქალები გადაარჩენენ ამ ქვეყანას, თუ მართლა გადარჩენა უწერია…”