“ნუგზარ კახიძის მკვლელობის მერე ქილერი კოჭლობით გარბოდა, იარაღი რომ გადააგდო, ბინოკლიც გადაუგდია” – მამუკა გამყრელიძე მკვლელობის ახალ დეტალებზე საუბრობს

"ნუგზარ კახიძის მკვლელობის მერე ქილერი კოჭლობით გარბოდა, იარაღი რომ გადააგდო, ბინოკლიც გადაუგდია" - მამუკა გამყრელიძე მკვლელობის ახალ დეტალებზე საუბრობსსაზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 30 წლამდე მამაკაცი იყო.
“ახალი თაობა” ნუგზარ კახიძის ოჯახის ახლობელს, მის მძახალს, დიპლომატ მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა.
– ბატონო მამუკა, ვიზიარებ თქვენი ოჯახის ტრაგედიას. რისი თქმა შეგიძლიათ მომხდართან დაკავშირებით. გაჩნდა სხვადასხვა ვერსია. მის ბიზნესსაც დაუკავშირეს მომხდარი. კერძოდ რას საქმიანობდა?
– მოწილე იყო ვარკეთილის ბაზრობის, თუმც არც ისე დიდი წილი ქონდა. ასევე ჰქონდა უძრავი ქონება, აქირავებდა. მოკლედ, წარმატებული ბიზნესმენი იყო, მაგრამ მილიონერი არ იყო ნამდვილად.
– დავა ჰქონდა მოწილესთან?
– კი, ჰქონდა რაღაც დავა სასამართლოში, მაგრამ ჩვეულებრივი დავა, ეს არის ხოლმე ხშირად მოწილეებს შორის. საქართველოში ეს არ არის იშვიათობა. ეს დავა ძალიან დიდი ხანი გრძელდებოდა და ნამდვილად არ იყო იმის საფუძველი, რომ რაღაცის გამო ადამიანი მოკლა. აბსოლუტურად წარმოუდგენლად მიმაჩნია, იმიტომ რომ უკონფლიქტო კაცი იყო. ძალიან მშვიდი, ძალიან წყნარი, ძალიან კეთილმოსურნე ადამიანი და რა გითხრათ, აბა? მე პირადად გაოგნებული ვარ.
– სერიოზული დავები ჰქონდა?
– მის ბიზნეს საქმიანობაში ღრმად ჩახედული არ ვიყავი, ჩვენ სულ რაღაცა ერთი წელია, რაც დავნათესავდით. თუმცა რაც ვნახე ამ ადამიანში, ის ყოველთვის ერიდებოდა კონფლიქტებს, ყოველთვის ერიდებოდა გაურკვეველ სიტუაციებს და იყო ჩვეულებრივად თბილი და მოწესრიგებული ადამიანი. რა მიზეზი უნდა ჰქონოდა ვიღაცას მისი მოკვლის, მე არ მესმის და ოჯახის წევრებიც მართლა გაოცებული არიან. თვითონაც არ ელოდებოდა ამას და იყო სრულიად მშვიდად. იმ დღესაც არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ძალიან მშვიდად იყო.
დღისით მზისით, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლეს. თურმე ეს ადამიანი უთვალთვალებდა კარგა ხნის განმავლობაში. იმიტომ, რომ შეუმჩნევია დაცვასაც.
– დაცვა ჰყავდა?
– მას არ ჰყავდა. კორპუსის დაცვას შეუმჩნევია და რომ უკითხავთ, ვინ ხარო, გაქცეულა. ახლომახლო სულ დადიოდა თურმე. იარაღი რომ გადააგდო, ბინოკლიც გადაუგდია, ანუ უთვალთვალებდა. ჰქონდა მაყუჩიანი იარაღი.
– დაქირავებული მკვლელი იყო?
– დიახ, შეკვეთილი მკვლელობაა და ის იყო დაქირავებული მკვლელი.
– და პირდაპირ საცხოვრებელ სახლში მივიდა მოსაკლავად?
– დიახ, სახლში მიადგა. ქალბატონი იყო სახლში, ვინც სახლის საქმეებში ეხმარებოდა ოჯახს. კარი ამ ქალბატონმა გააღო და მისთვის უთქვამს, რომ ბანკიდან საბუთები მოვიტანე კახიძის სახელზეო. ამ ქალბატონსაც გაუღია ჩვეულებრივად. თქვენ არ გაგიღიათ კარები, ხან გაზის ინკასატორი მოდის და ხან ვინ. რატომ არ უნდა გაეღო? საწყალი ნუკრიც გამოსულა სანახავად, რა საბუთები მოუტანეს და არც შესულა ეს ბიჭი, შეყო თურმე ხელი გაღებულ კარში და სროლა დაუწყო. საწყალ ქალბატონს დაუწყია კარების დახურვა, მაგრამ მკვლელს ფეხი ჩაუდია კარებში, რომ არ დაეკეტა ბოლომდე და აი ასე შეყოფილი ხელით მოკლა. ბედის ამბავიცაა, პირველივე ტყვია გულში მოხვდა.
– რა ტიპის იარაღი ჰქონდა?
– როგორც გვითხრეს, მაკაროვის ტიპის. მაკაროვით რომ ვინმე მოსაკლავად დადის, ეს ცოტა უცნაურია. ამ იარაღს უფრო სხვა დატვირთვა აქვს. შესაჩერებელი იარაღია, უფრო დაცვითი ტიპის, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტია, რომ მოკლა კაცი. მკვლელმა ამ ქალბატონსაც ესროლა. 7 ტყვია ნუგზარს ესროლა და 1 – ამ ქალს.
ქალი დაჭრილია, მაგრამ მსუბუქად. ის კარს იყო ამოფარებული, აწვებოდა მთელი ძალით, ცდილობდა დაეკეტა. შეყო ხელი და მასაც ესროლა, კიდევ კარგი, რომ სასიკვდილოდ ვერ მოარტყა, ხელშია დაჭრილი.
– ოჯახის სხვა წევრები არ იმყოფებოდნენ სახლში?
– ოჯახის სხვა წევრები არ იყვნენ. ჩემი ქალიშვილი ერთი სართულით ზევით ცხოვრობს იმავე კორპუსში. თუმცა არაფერი გაუგია, რადგან გასროლის ხმა არ იყო.
– თუ იკვეთება ეჭვმიტანილთა წრე, რაიმე მონახაზი, რას ფიქრობს ოჯახი?
– არაფერს. არ აქვთ ვერსია. ერთადერთი, ყველას პირველი ეჭვი გაუჩნდა მოწილეებზე. ის კაციც წაიყვანეს დაკითხეს და აბსოლუტურად მშვიდად არის ადამიანი და ამბობს, არაფერ შუაში ვარო. ალბათ არც არაფერ შუაშია. პირველი ეჭვი შეიძლება გაგიჩნდეს ადამიანს, მაგრამ მერე რომ დაფიქრდები, ხომ ხვდებით, ყველაზე ნაკლებად ხმაურიანი მკვლელობა აწყობს იმას, ვისაც დავა აქვს. იმიტომ, რომ, პირველ რიგში, მასზე აიღებენ ეჭვს.
– მკვლელმა თუ დატოვა რაიმე კვალი?
– ამ ადამიანს, ვინც ესროლა, არც უცდია დამალვა საკუთარი თავის. არც ნიღაბი ეკეთა, არც ხელთათმანები. ანაბეჭდები დატოვა, კვალიც დატოვა. ძაღლიც მოიყვანეს და გაჰყვა კვალს ძაღლი. დაინახა რამდენიმე ადამიანმა, ამ ქალბატონმაც დაინახა. გაქცეულიც დაინახეს, კოჭლობით გარბოდაო. ფეხი უტკენია ჩამოხტომისას. უკანა მხრიდან ჩამხტარა, რომ დაცვას არ შეხვედროდა. მუშებმაც დაინახეს, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებს ატარებდნენ. კამერებზეც ფიქსირდება. ამოღებულია კამერების ჩანაწერები. მოკლედ, არც უცდია დამალვა, მშვიდად მოკლა და მშვიდად წავიდა.
– ეს რას გეუბნებათ?
– ეს პროფესიონალი მკვლელის ხელწერას არ ჰგავს. პოლიციელებმაც თქვეს, ამდენი შეცდომაა დაშვებულიო. ალბათ ვიღაცას ქუჩაში მოკიდეს ხელი, მისცეს ფული და ისიც წავიდა და მოკლა. ხომ არიან ტიპები, ვალი აქვთ უზარმაზარი და ვერ იხდიან. გადაუხადეს და იმანაც მოკლა. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. არაპროფესიონალი ჩანს, თუმცა საკმაოდ დიდხანს უთვალთვალებდა. მეზობლებსაც შეუმჩნევიათ და უთქვამთ, ამ აღწერილობის ადამიანი ერთი თვის წინაც დავინახეთო. იმ ტერიტორიაზე ტრიალებდა და ხელსაყრელ მომენტს ეძებდა.
– მკვლელის ცხელ კვალზე დაკავება ვერ მოხერხდა.
– ვერა. თუმცა პოლიცია იძახის, ძალიან სწრაფად დავაკავებთო. დანარჩენი უკვე პოლიციის საქმეა. ვნახოთ, რას იზამენ. მითუმეტეს, ის არ ყოფილა პროფესიონალი და ყველა კუთხეში ანაბეჭდები დატოვა, ხელის თუ ფეხის.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

იამზე ქავთარაძე – “ნუგზარ კახიძის მერე შეიძლება მე მომკლან” – რა ხდება ვარკეთილის ბაზრობაზე