2018 წელს, ეკონომიკის მიმართულებით, საქართველოში არაერთი მთავარი მოვლენა განვითარდა, ზოგიერთიც განვითარების პროცესშია.
განვითარებული მოვლენებიდან შეგვიძლია ვალების განულების პროგრამა, პურის გაძვირება და სამინისტროების შემცირება გამოვყოთ, განვითარებადში კი _ ტაქსის მომსახურების ტარიფის გაზრდა, ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირება და საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები.
თუ რამდენად ადეკვატურია დღეს არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაანონსებული რეგულაციები, რა რისკების წინაშე დგას ქვეყნის ეკონომიკა და როგორ შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას პარლამენტში ბოლოს გამოსვლის გათვალისწინებით, „ახალ თაობასთან“„ევროპული საქართველოს“ ლიდერი სერგი კაპანაძე საუბრობს.
სერგი კაპანაძე:
_ ეკონომიკის მინისტრის პროგრამით გამოჩნდა, რომ შემდეგი 3 წელიწადის გეგმაც კი არ გვაქვს, იმდენად გვაქვს გარღვევა მოხმარებაში მიწოდებასთან შედარებით. ნახევრად ზღაპრულ რეჟიმში გველაპარაკებოდა.
_ კალაძემ თქვა, რომ 2019 წლიდან ტაქსის მომსახურების ტარიფი უნდა გაიზარდოს, რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ტაქსის მომსახურება ძალიან იაფია. რას იტყვით?
_ ჩვენთან ტაქსი იმიტომ არის იაფი, რომ ასეთი მოთხოვნების შედეგად დაჯდა ეს ფასი. თუ კალაძე რეგულაციებით ტაქსს ხელოვნურად გააძვირებს, ადამიანების დიდი ნაწილი მიაწყდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომლის მდგომარეობა უკვე არის სავალალო. მეტროები, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები არის გადატვირთული. შესაბამისად, მოხდება კიდევ უფრო დიდი დატვირთვა სხვა ტრანსპორტების და ტაქსებს ექნებათ ნაკლები შემოსავალი. მართალია, ძვირს დაუწესებს ფასს, მაგრამ ნაკლები მოთხოვნა იქნება ტაქსზე. ანუ ყველასთვის იქნება ცუდი: ტაქსის მძღოლებისთვის და მგზავრებისთვისაც.
ამას მივიღებთ, თუ კალაძე ამ იდეას განახორციელებს რეგულაციების გზით. საქართველოში ტაქსი მართლა იაფია, მაგრამ ეს იმიტომ, რომ უფრო ღარიბი ქვეყანა ვართ. თორემ ჩვენზე ღარიბ ქვეყნებში კიდევ უფრო იაფი არის ტაქსი.
_ სემეკმა ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი შეამცირა. ყოველ 100 ლარზე მოსახლეობას 1 თეთრი მოაკლდება. რა მხრივ იქნება შედეგიანი ეს ცვლილება მოსახლეობისთვის?
_ ეს არის ძალიან პატარა ცვლილება, რომელიც აბსოლუტურად არავის ჯიბეზე არ იმოქმედებს, და აქედან გამომდინარე შეფასებაც კი ძნელია, რომ რაღაც შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის.
მანდ პრობლემა სხვა რამეშია. რამდენადაც ვხვდები, ეს იყო პოლიტიკური გზავნილი, რომ შემცირდა ტარიფი, მაგრამ რეალურად, იმდენად მცირეა შემცირება, ასეთი პატარა ცვლილება არ გამოიწვევს არავისთვის შეღავათს. მაგრამ ის, რომ ეს ხდება სუბსიდირების ხარჯზე, არის კიდევ უარესი და ეს ხდება ნავთობისა და გაზის კორპორაციის ბიუჯეტიდან სუბსიდირების ხარჯზე, რაზეც მოვისმინეთ ახსნა, რომ თითქოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ხდებაო დაფინანსება, რაც ასევე არასწორი მიდგომაა, რადგან ისიც სახელმწიფო კორპორაციაა და რეალურად, სახელწიფოს ფულს ხარჯავს, უბრალოდ სხვა ჯიბიდან.
მოსახლეობისთვის გადასახადების სუბსიდირებით შემცირება არის არასწორი მიდგომა და საშუალოვადიან პერსპექტივაში ღუპავს ქვეყნის ეკონიმიკას.
გაიაფება მაშინ არის კარგი, როცა ხდება კონკურენციის შედეგად. როცა იზრდება კონკურენცია და კონკურენტი კომპანიები ან კონკურენტი მიმწოდებლები, უფრო დაბალ ფასად გაძლევენ. ეს არის სწორი მოდელი.
_ იანვრიდან თამბაქო ძვირდება როგორც ადგილობრივ წარმოებაზე, ისე იმპორტირებულზე, რისი მიზეზიც უფილტრო სიგარეტზე აქციზის 1.7 ლარამდე ზრდაა. რა შედეგი მოჰყვება ამას?
_ ფასების გაძვირება უაქციზო საქონელზე ხელოვნურადაა გაკეთებული და ეკონომიკის არმცოდნე ადამიანების ქმედებების შედეგია. როცა იზრდება სიგარეტის ფასი, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ეს იწვევს სიგარეტისითვის თავის დანებებას, მაგრამ ასე არ არის.
ფასის გაზრდა იწვევს უფრო დაბალხარისხიან სიგარეტზე გადასვლას და ეს უკვე გამოჩნდა.
_ რამდენად შედეგიანი იქნება მომავალი პენსიონერებისთვის საპენსიო რეფორმა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, შემდეგ კი აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს?
_ ეს არის ძალიან ცუდი რეფორმა და არასწორი იდეა, პირველ რიგში იმიტომ, რომ უძვირებს ადამიანებს ცხოვრებას, რადგან მათ ნაკლები შემოსავალი ექნებათ და მეორე იმიტომ, რომ ეს ფული, რომელიც შეგროვებული იქნება საპენსიო ფონდში, რაზე დაიხარჯება, არის აბსოლუტურად გაუგებარი.
ეკონომიკის მინისტრი რომ იყო კომიტეტზე მოსული, მან რამდენიმე იდეა ახსენა, რაზეც შეიძლება ეს ფული დაიხარჯოს და თუ მართლა ასე გააკეთა, ძალიან დიდი საფრთხე შეიძლება არსებობდეს იმის, რომ ეს ფული ბოლოს დაიკარგოს ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა ძალიან ბევრ ქვეყანაში, როდესაც საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხები მთავრობებმა არამიზნობრივად გამოიყენეს.
ამ არასწორ გზას დავადექით ამ რეფორმის განხორციელებისას. მთავრობა ამას იმიტომ აკეთებს, რომ მას თავისთვის სჭირდება უფასო ფული. ანუ მთავრობას ექნება რაღაც სარეზერვო „ფონდი“, რომელსაც გამოიყენებს დანიშნულებისამებრ, თვითონ როგორც ჩათვლის საჭიროდ და ამის ადმინისტრირებაში კიდევ უამრავი ფული იხარჯება.
_ ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ეს ყველაფერი კავშირში იყოს პრემიერის ინიციატივასთან საბანკო ვალების განულების შესახებ? სახელმწიფოს ხომ არ სურს, ამ გზით აღადგინოს ბალანსი და ამოიღოს ის თანხა, რაც ამ ინიციატივის განხორციელებისას დაიხარჯა?
_ არა, ასე არ არის, იმიტომ, რომ ეს ინიციატივა ძირითადად შავ ვალებს ეხება. ანუ ეს არ არის ის ვალები, რომლებიც გადაიხდებოდა. ეგ არის ის ვალები, რომლებიც უკვე განულებული იყო და არცერთი ადამიანი, ვინც ამ სიაში არის, არ აპირებდა ამ ვალების გადახდას.
მაგ პრინციპით შეირჩნენ ზუსტად, თორემ მიმდინარე ვალები ვისაც აქვს, ისინი კი არ გათავისუფლდნენ ამ ვალებისგან. ამიტომ ერთი მეორესთან კავშირში არ არის.
_ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ეკონომიკის მინისტრის განცხადებებს. როგორ შეაფასებთ მინისტრს?
_ მოსწავლე რომ დადგება ხოლმე გაკვეთილზე და ზეპირად ნასწავლ ტექტს ყვება, ყველაფერი რომ არ იცის და თან რომ ჰგონია, იცის, ასეთი შთაბეჭდილება დატოვა.
”ადამიანები რეალურად კარგად არიან, მაგრამ ამას ვერ გრძნობენ” _ ასეთი არასერიოზული და სამარცხვინო განცხადების გამო უნდა დააყენო წესით მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. მაგრამ ამაზე უფრო შემაშფოთებელი განცხადებებიც იყო, რაც მეტყველებს მის არცოდნაზე. მაგალითად, ლართან დაკავშირებით, მან პირდაპირ თქვა, რომ რაც უფრო მეტი არისო დოლარი შემოსული ქვეყანაში, მით უფრო უფასურდება ლარიო და პირიქით არის ამ დროს. თან ეს არ იყო წამოცდენა, მან რამდენჯერმე გაიმეორა. პრინციპების დონეზეც კი არ ესმის ბევრი რაღაც სამწუხაროდ.
მარტივად რომ ვთქვათ, ეკონომიკის მინისტრი არ არის მზად პოსტისთვის. თანამდებობისთვის შეუფერებელ ადამიანს ვუსმენდით ჩვენ ამ რამდენიმე საათის განმავლობაში.
_ რაზე უნდა ესაუბრა ეკონომიკის მინისტრს და არ ისაუბრა?
_ წესით, ეკონომიკის მინისტრს, უნდა ესაუბრა იმაზე, როგორ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში მეტი ფული. მაგალითად, ლარის კურსთან დაკავშირებით, კონკრეტულ საკითხზე ველოდით ჩვენ, რომ ისაუბრებდა, იმიტომ რომ იცით, ლარის კურსი როგორც დგება. შემოსული და გასული ფულის ბალანსით. რაც უფრო იზრდება შემოსული ფული, ეს ნიშნავს იმას, რომ ვალუტა გამყარდება, მარტივად რომ ვთქვათ.
როგორ იქნება უფრო მეტი ინვესტიციები სხვადასხვა სფეროებში, ამაზე არ ილაპარაკა. პირიქით თქვა, ინვესტიციები 10-ჯერ შემცირდებაო, იმიტომ, რომ აქამდე გაზრდილი მონაცემი რაც იყო, ეს უკავშირდებოდა ნავთობ-გაზსადენს საქართველოს ტერიტორიაზეო და ამიტომ იყო მაღალიო. ანუ იწინასწარმეტყველა, რომ ეს შემცირდება.
უნდა ესაუბრა იმაზე, გაიზრდება თუ არა და როგორ მოხდება გადმორიცხვები, თუმცა ამ ყველაფერზე არ უსაუბრია, ილაპარაკა მხოლოდ იმაზე, რომ ფსიქოლოგიისთვის რამდენად არის მნიშვნელოვანი ეს მოვლენები.
ძალიან სამარცხვინოა ეს განცხადებები მინისტრის მხრიდან.
სხვათა შორის, ის მართალია, რომ პანიკა ყოველთვის მოსდევს ხოლმე გაუფასურებას, მაგრამ ეს პანიკა არის ხელისუფლების უაზრო ქმედებების შედეგი, როგორც წესი. განსაკუთრებით, წლის ბოლოს ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვის გამო, მაგრამ ეს დააბრალოს პირველ რიგში თავის თავს და თავის ხელისუფლებას და არა _ მოსახლეობის ემოციურ განწყობას.
ლელა მდივანი, ახალი თაობა