დიმიტრი შაშკინი – „განათლების ამ რეფორმით ნიშნებს დაწერენ გოჭებით, ბამბანერკებით და ფულით”

დიმიტრი შაშკინი - „განათლების ამ რეფორმით ნიშნებს დაწერენ გოჭებით, ბამბანერკებით და ფულით”განათლების სამინისტრომ 28 იანვარს განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები გამოაცხადა. 2019 წელს მე-11 კლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ, ხოლო 2020 წლიდან ისინი მე-12 კლასელებისთვისაც გაუქმდება.

ამას გარდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროს სავალდებულო აღარ იქნება გამოცდა ზოგად უნარებში და ამას უნივერსიტეტები გადაწყვეტენ. უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, დაამატონ სხვა საგანი. ეროვნული გამოცდებისას სავალდებულო იქნება გამოცდის ჩაბარება 3 საგანში – ქართული ენა და ლიტერატური, უცხოური ენა და მათემატიკა (ტექნიკური დარგის სტუდენტებისთვის) ან ისტორია (ჰუმანიტარული დარგის სპეციალისტებისთვის).

განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს.

_ რამდენად დამაჯერებელი იყო განათლების სამინისტროს არგუმენტები, რომ ვერ ხდებოდა სკოლების განვითარება, უსამართლო სისტემა იყო, უნივერსიტეტებს ჰქონდათ სურვილი, მათი როლი გაზრდილიყო და ა. შ. არ იყო ეს არგუმენტები დამაჯერებელი?

_ არა. მე ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტი, როგორ შეიძლება აწიოს განათლების ხარისხი გამოცდების გაუქმებამ. განათლების სამინისტროს პირდაპირი ამოცანაა ეს, ეს არის მათი საქმე, ამაში ხელფასს იღებენ. ყველაფერი უნდა გააკეთონ განათლების ხარისხის ასამაღლებლად. თუ საატესტატო გამოცდების გაუქმება აამაღლებს განათლების ხარიხს, ამაზე არგუმენტი არ არსებობს. ასეთ არგუმენტებს ჩვენ ვერ მოვისმენთ. ყველაფერი დანარჩენი დემაგოგიაა.

იგივე დემაგოგია იგივე ხალხისგან მომისმენია, როდესაც მინისტრი ვიყავი. მით უმეტეს ის ხალხი, ვინც ახლა ამართლებს ამ გადაწყვეტილებას, მაშინაც განათლების სამინისტროში მუშაობდა და ყოველთვის მქონდა მარტივი შეკითხვა. დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს სკოლებში საატესტატო გამოცდები არ იყო. მე ვსვამდი ერთი და იგივე კითხვას, თუ დემაგოგიით ამართლებთ, რომ თურმე გამოცდები უშლის ბავშვებს ხელს ცოდნის მიღებაში, მაშინ ამიხსენით, რატომ არ იზრდებოდა განათლების ხარისხი მის შემოღებამდე-მეთქი და რატომ ვერ უზრუნველყოფდით განათლების ხარისხის გაზრდას-მეთქი.

პასუხი არასდროს მიმიღია.

საატესტატო გამოცდები 2010 წელს იყო შემოღებული. ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება. თუ ვინმე მეტყვის, რომ 2010 წლამდე სასკოლო განათლების სისტემა ყვაოდა და გამოცდების შემოღებამ შეაფერხა ეს განვითარება… არა მგონია, ასეთი უვიცი ადამიანი იყოს, ვინც შავზე იტყვის თეთრს და პირიქით.

_ ხომ არ გგონიათ, რომ თუ უქმდება გამოცდები, მაშინ კონცეფცია უნდა წარმოედგინათ მაინც, როგორ აპირებენ სასკოლო განათლების ხარიხის აწევას?

_ სამწუხაროდ, ბოლო 7 წლის განმავლობაში ვერცერთი კონკრეტული კონცეფცია ვერ მოვისმინეთ, თუ როგორ უნდა განვითარდეს განათლება საერთოდ და სასკოლო განათლება კონკრეტულად.

2013 წელს დიდი ზარზეიმით საუბარი იყო დვალის კონცეფციაზე, „ოცნება“ ამაზე ბევრს საუბრობდა. გახსოვთ რამე ამ მიმართულებით? ვინმემ რამე გააკეთა? არავინ! 2012 წლის არჩევნების შემდეგ სისტემას ანადგურებენ. განათლების სისტემა ჩადეს მიწაში და 28 იანვარს დააყარეს მიწა.

_ რა არის ამის მიზანი?

_ მთავარი პრობლემაა, რომ ხალხს, რომელიც ბოლო 7 წელია, მართავს განათლების სისტემას, არ ესმის კონცეპტუალურად, რომ სასკოლო განათლება არ არის უმაღლესი განათლების დანამატი. არ შეიძლება მოვითხოვოთ ჩვეულებრივი ადამიანებისგან ამის ცოდნა. თუმცა, ჩინოვნიკებს, რომლებიც განათლების სისტემას მართავენ, უნდა ესმოდეთ, რომ სასკოლო განათლება განათლების ფუნდამენტია.

ეს არის არამხოლოდ ჩემი აზრი, არამედ ბევრი ჩემი მეგობრისა და ექსპერტის აზრი, რომ სასკოლო განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია განათლების სისტემაში. სასკოლო განათლების მიერ ხდება ადამიანში ისეთი უნარების განვითარება, რომელთა საფუძველზეც ბავშვები წარმატებულები იქნებიან ცხოვრებაში.

უნარები ადამიანში ვითარდება არა სპონტანურად და ჯადოსნურად, არამედ მთავარი უნარები ადამიანში 8 სავალდებულო საგნის მეშვეობით ვითარდება. ეს საგნებია მშობლიური ენა, უცხოური ენა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. ამ 8 საგნის მეშვეობით ხდება ბავშვი წარმატებული.

სისტემის არსი არის ის, რომ ბავშვი გახდეს წარმატებული და საზოგადოების წარმატებული წევრი იყოს. ეს უნარები ვერ განვითარდება რამდენიმე საგნის მიერ. მაგალითად, კრიტიკულ აზროვნებაზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს მათემატიკა. შედეგზე ორიენტაციის უნარზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ფიზიკა და ა. შ. როდესაც შენ რომელიმე საგანს აკნინებ სკოლაში, ან ქმნი სიტუაციას, როდესაც ხელოვნურად ხდება დაჩაგრული, ვერ მიიღებ მის განვითარებას. ეს არ ესმით.

_ საუნივერსიტეტო განათლების ჩართულობის გაზრდა როგორ უნდა მოხდეს?

_ ეს ეხება უნივერსიტეტებს და უნარების გამოცდებს. მოდით, გავიხსენოთ, რატომ იყო მიღებული ერთიანი ეროვნული გამოცდები იმ ფორმით, რომლითაც ის არსებობდა. თქვენც ხომ ამ ქვეყანაში ცხოვრობთ და თქვენც ხომ გახსოვთ ეს?!

_ კორუფციის აღმოსაფხვრელად.

_ აბსოლუტურად გეთანხმებით. 2000-იანი წლების დასაწყისში ყვაოდა კორუფცია უმაღლეს სასწავლებლებში. ამოცანა იყო უნივერსიტეტებიდან მისი გამოტანა. ახლა მიდის საუბარი, რომ კვლავ უნდა დავუბრუნოთ უნივერსიტეტებს გამოცდები. ეს კორუფციას ააყვავებს და ზენიტში აიყვანს.

სანამ ჩვენი მასწავლებლების კვალიფიკაცია არ იქნება ამაღლებული და განათლების დონე ზემოთ არ იქნება აყვანილი, რეპეტიტორების საკითხი მნიშვნელოვანი იქნება. იმისთვის, რომ ღარიბი ბავშვები არ დაიჩაგრონ, მიღებული იყო უნარების დანერგვის გადაწყვეტილება. უნარები ისეთი რამეა, რომ მას ვერ სწავლობ. შეგიძლია გამოცდისთვის მოემზადო, მაგრამ უნარებს ვერ ისწავლი, ისევე როგორც ქიმიას, ისტორიასა და ინგლისურს.

ვიცი, რომ ბავშვები ემზადებიან უნარებში, მაგრამ ისინი ემზადებიან, ვისაც სჭირდება დახმარება მეთოდოლოგიაში და არა შინაარსში. ამიტომ იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება და უნარებზე ამიტომ იყო დამოკიდებული. თუ მშობლებს არ აქვს ფული, უნარებით მათი შვილი იღებს გრანტს.

_ ვერ დაგეთანხმებით ამ ნაწილში. ბავშვების უმეტესი ნაწილი უნარებშიც ემზადებოდა.

_ ზუსტად ამიტომ გითხარით, რომ დადიან ისინი უნარებზე რეპეტიტორებთან. მაგრამ, მომზადება, როგორც ასეთი, შეუძლებელია. მაგალითს მოგიყვანთ, არსებობს გამოცდა _ სატ. ეს არის ყველაზე ცნობილი გამოცდა მსოფლიოში, რომლის მეშვეობითაც იღებენ პრინსტონში, კემბრიჯში, ოქსფორდში და ა. შ.

ესეც უნარებზეა დაფუძნებული. ამისთვის მომზადება თქვენ შეგიძლიათ, თუმცა ბავშვები ემზადებიან როგორც უნარების გამოცდებზე. ბავშვები ემზადებიან მეთოდოლოგიაში და არა _ შინაარსობრივ ნაწილში. შინაარსობრივ ნაწილში მომზადება შეუძლებელია. ამას ნებისმიერი პროფესიონალი გეტყვით. ის, რომ ბავშვები დადიან და ხშირად ფულს იხდიან, არ ნიშნავს, რომ ისინი უნარებში ემზადებიან. ისინი მეთოდოლოგიაში ემზადებიან. თუ ბავშვს არ აქვს ფული და ვერ ემზადება უნარებში, აბსოლუტურად უპრობლემოდ აბარებს გამოცდას. იმიტომ, რომ უნარები ან გაქვს, ან არა. სტატისტიკა ამაზე მეტყველებს.

ეროვნულ გამოცდებს საუკეთესოდ აბარებდნენ ბავშვები, რომლებიც რეპეტიტორებთან არ დადიოდნენ და რეგიონებიდან იყვნენ. ერთი პერიოდი გამოირჩეოდა რუსთავი. მინისტრობისას მაინტერესებდა, ველაპარაკებოდი ბავშვებს და არცერთი არ ემზადებოდა უნარებში.

ბევრი რამეა გასაკეთებელია განათლების სისტემაში, თუმცა, არსებობს ისეთი რამეები, რაც არ შეიძლება, რომ დაანგრიო. იმიტომ, რომ ეს ფუნდამენტია. თუ დააბრუნე კორუფცია სკოლებში ან უნივერსიტეტებში, თუ დაჩაგრე კონკრეტული საგნები… ხომ გაიხსენეთ, რატომაც შემოვიღეთ ეროვნული გამოცდები?! მუდმივად იყო ტირილი, მათემატიკას და ფიზიკას არ სწავლობენო. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მოდიოდა და მეუბნებოდა, მათემატიკაზე არ არის მოთხოვნაო.

2011 პირველი წელი იყო, როდესაც საატესტატო გამოცდების შემოღების შემდეგ ფიზიკაზე დაიწყო კონკურსი ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ახლა, რასაც მიიღებენ ამ რეფორმით, არის ის, რომ კორუფციას მიიღებენ სკოლებში, ნიშნებს დაწერენ გოჭებით, ბამბანერკებითა და ფულით.

მეორე _ რეალურად განადგურებული იქნება ზუსტი მეცნიერებები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ბავშვს არ შეიძლება მისცე არჩევანი, ისწავლოს მათემატიკა თუ ისტორია. ორივე მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ბავშვი ისტორიას აირჩევს, რადგან ბევრად იოლია. მესამე _ არ შეიძლება მივიღოთ სპეციალისტები, რომლებმაც 2-3 საგანი იციან და საერთოდ არ იციან მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია თუ ბიოლოგია. განათლების სამინისტრო აძლევს ბავშვებს საშუალებას, რომ ეს საგნები არ ისწავლონ.

_ ენდიაის ბოლო კვლევებით, განათლება პრიორიტეტებს შორის მერვე ადგილზეა, ეს რითი შეიძლება აიხსნას?

_ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ხალხმა გადაწყვიტა, რომ თავის თავს თვითონ უნდა მიხედოს. იმიტომაც იზრდება კერძო სკოლებში ყოველწლიურად ბავშვების მიღება. ვისაც შესაძლებლობა აქვს, ყველას კერძო სკოლებში მიჰყავთ ბავშვები. ამით არის ეს ყველაფერი განპირობებული.

კი ბატონო, კარგია, როცა ვიღაცას აქვს ფული და შეუძლია, თავისი შვილების განათლებაში ჩადოს. მაგრამ რა ქნან მათ, ვისაც ფული არ აქვთ?! ასეთი უაზრო გადაწყვეტილებების მსხვერპლი ხდებიან ეს ბავშვები. უმეტეს შემთხვევაში ნიჭიერი ბავშვები, რაც სერიოზული პრობლემაა.

სამწუხაროდ არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ მე და თქვენ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ეს ხელისუფლება ანადგურებს განათლების სისტემას. განათლების ინსტიტუცია პირველი იყო, რომელიც დაეცა. მიდის ამ სისტემის მიზანმიმართული განადგურება. არც კონცეპტუალურად არ ესმით, რას აკეთებენ და არც ცდილობენ.

ხომ გესმით, ეს რატომაც გააკეთეს და მიზეზი რაც იყო?!

_ რა იყო?

_ საატესტატო გამოცდები მუდმივად აჩვენებდა, რომ განათლების ხარისხი უარესდება და უარესდება. უფრო და უფრო მეტი ბავშვი იჭრება ყოველწლიურად. რა გააკეთა განათლების სისტემამ ამით, ხომ ხვდებით?

_ დამალა პრობლემები?

_ ბუნებრივია. საატესტატო გამოცდებს, სხვა პლუსებთან ერთად, ის პლუსიც ჰქონდა, რომ ის აჩვენებდა, რომ სისტემა არის ავად, სისტემაში პრობლემებია და ბევრი ბავშვი როცა იჭრება გამოცდაზე, ეს პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ განათლების ხარისხი არ ვარგა.

იმის ნაცვლად, რომ განათლების სამინისტროს ამ ხარისხის გაუმჯობესებაზე ეზრუნა, პრობლემის ინდიკატორი მოკლა. ეგ იგივეა, ავადმყოფ ადამიანს აუკრძალო ანალიზების ჩაბარება იმ ლოგიკით და არგუმენტით, რომ თუ ანალიზებს არ ჩააბარებ, გამოჯანმრთელდები.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა