“ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, კერძო ბანკებს ჭკუა ასწავლოს”

"ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, კერძო ბანკებს ჭკუა ასწავლოს"“ახალი თაობის” კითხვებს თიბისის გარშემო მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პასუხობს.
– ბატონო დემურ, თქვენთვისაც ცნობილია, რა პროცესებიც ვითარდება თიბისი ბანკის გარშემო. თავად ბანკის ფუნქციონირებას ხომ არ შეექმნება პრობლემები?
– მე არა მგონია, რომ თიბისი ბანკს რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცალკეული ბანკირებისა და ტოპმენეჯერების მიმართ, მათ შორის საუკეთესო ბანკებთანაც უამრავი პრეტენზია აქვთ სამართალდამცავებს, ის ბანკები კი აგრძელებენ მუშაობას ჩვეულებრივად.
არა მგონია, მამუკა ხაზარაძე ის ადამიანი იყოს, რომელსაც ხელოვნურად რაიმე შეიძლება წამოკიდო კისერზე. ამიტომ ერთია მამუკა ხაზარაძის საქმე და მეორეა თიბისი. ამ ბანკს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არც დგას საკითხი ასე.
– რა პრობლემები იყო?
– მე არა ვარ დეტალურად ჩახედული ამ საქმეში, მაგრამ პრეტენზია შესაძლოა იყოს კონკრეტული პიროვნებისადმი სამართალდამცავი ორგანიზაციების მხრიდან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბანკის მიმართ. ბანკშიც რომ იყოს რაიმე დანაშაული მომხდარი, ეს ბანკის დანაშაული არ არის. ეს კონკრეტული პირების დანაშაულია.
– ზოგადად საბანკო სექტორზე რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი?
– ბანკებთან მიმართებაში ჩემი შეფასებები ცნობილია. ეს არის ერთ-ერთი უმახინჯესი სისტემა, რომელიც უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში შეიქმნა ხელისუფლებების ხელშეწყობით. ეს არ არის მხოლოდ ბანკების და ბანკირების ბრალეულობა, რომ ასეთი მახინჯი და მონოპოლირებული სისტემა გვაქვს, რაც ძალიან უშლის ხელს ეკონომიკის განვითარებას. ბანკებს საფრთხე არ ემუქრებთ, როგორც მუშაობდნენ, ისევ ისე იმუშავებენ.
აქ წარმოქმნილია კონკრეტული წინააღმდეგობა და არა მგონია, რომ ეს მხოლოდ ბანკის საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული.
– კიდევ რას უკავშირდება, რაიმე პირადია?
– მე არ ვფიქრობ, რომ პირადია. პოლიტიკაში უფრო რთულად არის საქმე, ვიდრე პირადი ინტერესებია. არის რაღაცა იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ ვიცით, ამიტომ როცა ყველა დეტალი არ ვიცით, მე შემიძლია ჩემი გამოცდილებით გითხრათ, რომ აქ არის რაღაც დიდი ინტერესების გადაფარვა და არა უბრალოდ ის, რომ ვიღაცას არ მოწონდეს ვინმე.
– ეს ყველაფერი ანაკლიის პორტსაც უკავშირდება?
– როგორც ჩანს, ყველაფერი ერთად კომპლექსშია ერთმანეთთან. ანაკლიის პორტი კითხვებს იწვევს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მამუკა ხაზარაძესთან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთოდ კითხვა არ არსებობს. ეს ყველაფერი არის მთავრობის არასწორი გადაწყვეტილება და სწორედ მთავრობასთან უნდა გვქონდეს პრეტენზია.
– რა პრეტენზია?
– ეს იყო ძალიან საინტერესო და კარგი პროექტი და ძალიან კარგ ადამიანს ეკუთვნის ანაკლიის პორტის პროექტი, ეს მსოფლიოში ცნობილი პროექტი იყო, მაგრამ მთავრობამ ეს საკითხი არასწორად გადაწყვიტა.
ბანკის მმართველი, ბანკის მფლობელი, ადამიანი, რომელიც კერძო პირია, თუკი ხელისუფლება მას თამაშის ცივილიზებულ წესებში არ ჩააყენებს, ითამაშებს არაცივილიზებულად. სწორედ ხელისუფლებებმა არ ჩააყენეს ბანკები ცივილიზებული თამაშის წესების ფარგლებში და მივიღეთ ორი მონსტრი ქართულ პირობებში, რაც გამორიცხავს ეკონომიკის განვითარებას.
– ეროვნული ბანკი ჩაერია აქტიურად თიბისი ბანკის საქმეში. რამდენად სწორი იყო ეროვნული ბანკის ქმედება?
– ეროვნული ბანკი თუკი სადმე ჩაერევა ცივილიზებულად და სიტუაციას დაალაგებს, მას სრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, მათ შორის ბანკების რეგულირების სფეროში.
ეს წყალწყალა ნეოლიბერალური სისულელეები, რომ ბაზარი თვითონ არეგულირებს ყველაფერს, არის უვიცი ადამიანების პოზიცია და არა – პროფესიონალი ეკონომისტების და ფინანსისტების. 20 წელია, დომინირებს ეს სისულელე ქვეყანაში და საშველი აღარ არის.
ეროვნული ბანკი მოქმედებს მისსთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლებებით და ეს სულაც არ ნიშნავს კონკურენციის შეზღუდვას, ბანკების საქმიანობაში ჩარევას და ასე შემდეგ.
სწორედ ამ არასწორმა რეგულირებამ ეროვნული ბანკისა, რომელიც უფრო შორიდან, ხელისუფლების ნებიდან, მოდიოდა, მიიყვანა სიტუაცია იქამდე, რომ წარმოიქმნა ორი ასეთი მონსტრი, რომელიც დომინირებს დღეს ბაზარზე.
– ანუ ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, კერძო ბანკებს ჭკუა ასწავლოს? ცოტა გვიანი ხომ არ არის?
– ძალიან კარგი, მივესალმები, თუ გაიღვიძა ეროვნულმა ბანკმა. გვიანი არასდროს არ არის.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა