ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, შვიდს კი, გირაო. აღნიშნულით, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ – ანტონ ღლონტს და თემურ ირემაძეს. ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით მაია ბერიძეს – 10.000 ლარიანი, მარიამ ჩადუნელს – 2.000 ლარიანი, ანი აროშიძეს – 2.000 ლარიანი, თენგიზ ირემაძეს – 3.000 ლარიანი, ნონა ჟორჟაძეს – 2.000 ლარიანი, გიორგი გასვიანს – 1.500 ლარიანი, ირაკლი ქასრაშვილს – 3.000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ გამოაცხადა. სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
საქალაქო სასამართლომ ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან დღეს 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.
ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ინტერპრესნიუსი