ზურაბ გურული: “კვალიფიციური ექიმების დეფიციტი მთელ მსოფლიოშია”

ზურაბ გურული: "კვალიფიციური ექიმების დეფიციტი მთელ მსოფლიოშია"სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, პაციენტთათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 2018 წლის მუშაობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 348 ექიმის შესახებ 162 საკითხი განიხილეს. შედეგად, როგორც ანგარიშშია აღნიშნული: 342 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა, 235 ექიმს “წერილობითი გაფრთხილება” მიეცა, 105 -ს საქმიანობა შეუჩერდა, ხოლო 2 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა.
მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი ზურაბ გურული მიიჩნევს, რომ ქართული სტატისტიკა, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებულ ანალოგიურ სტატისტიკურ მონაცემებს, მეტ-ნაკლებად ადეკვატურად შეესაბამება, თუმცა, მისივე თქმით, ქართული სამედიცინო შეცდომების ზუსტი ანალიზის გაკეთება ამ მონაცემებით არ შეიძლება.
– ბატონო ზურაბ, დაახლოებით ერთი თვის წინ, მამაკაცს, რომელსაც საქართველოში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, საფრანგეთში ეს დაავადება არ დაუდგინდა. თქვენ პრაქტიკაში ყოფილა ასეთი შემთხვევები, რომ აქ დადგენილი მძიმე დიაგნოზი უცხოეთში არ დადასტურებულა?
– დიახ, ყოფილა ჩემს პრაქტიკაში რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მძიმე დიაგნოზი არ დადასტურებულა და პაციენტს საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა შეცდომით. გასაგები მიზეზების გამო მე არ შემიძლია ვისაუბრო ჩემი კლინიკის შეცდომებზე, მაგრამ შემიძლია,მაგალითად მოვიყვანო პრესაში გამოქვეყნებული მასალები. მაგალითად, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ბაპტისტების სამედიცინო ცენტრის კლინიკაში 2018 წლის აპრილში გამოავლინეს პათანატომიური ლაბორატორიის შეცდომის 10 შემთხვევა, რომელთა გამო პაციენტებს ჩაუტარდათ არასაჭირო მძიმე ოპერაციები, რადიაციული და ქიმიოთერაპია; მათ შორის ერთ-ერთს, სრულიად ჯანმრთელ ახალგაზრდა ქალს ორმხრივი მასტექტომია, მკერდის კიბოს შეცდომით დიაგნოსტირების გამო. ამჟამად ამ ჰოსპიტალში სერიოზული გამოძიება მიმდინარეობს და სამედიცინო კორპორაციას მილიონობით დოლარის გადახდა მოუწევს დაზარალებულებისათვის.
საუბედუროდ, ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის, ჯონს ჰოპკინსის საავადმყოფოს მიერ ჩატარებული კვლევებით მიღებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობის მიზეზებს შორის სამედიცინო შეცდომები მესამე ადგილზე დგას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიმსივნეების შემდეგ. საშუალოდ 250 ათასამდე ადამიანი იღუპება ყოველწლიურად ასეთი შეცდომების გამო. შესაბამისად, თქვენ მიერ მოყვანილი სამწუხარო მაგალითი არ წარმოადგენს მხოლოდ საქართველოსათვის დამახასიათებელ პრობლემას და ქართული სტატისტიკა მეტ-ნაკლებად ადეკვატურად შეესაბამება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებულ ანალოგიურ სტატისტიკურ მონაცემებს.
– როგორ გგონიათ, ძირითადად მსგავსი შემთხვევების მიზეზი რა არის ხოლმე, უცოდინრობა თუ გულგრილობა ექიმის მხრიდან?
– სამედიცინო შეცდომებს მრავალი მიზეზი აქვთ და არაკორექტული იქნება მათი დაყვანა მხოლოდ ექიმის გულგრილობასა და ცოდნის დეფიციტზე; თუმცა ამ ფაქტორებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მცდარ დიაგნოსტიკაში. არ არსებობს უშეცდომო ადამიანი, შესაბამისად ვერ იარსებებს უშეცდომო ექიმიც. აბსოლუტურად ყველა ექიმი უშვებს არაერთ შეცდომას საკუთარი კარიერის მანძილზე. საბედნიეროდ, ამ შეცდომების აბსოლუტური უმრავლესობა ადვილად გამოსწორებადია. იქ, სადაც ადამიანური ფაქტორი დომინირებს, ყოველთვის იქნება შეცდომა. ამასთან, ერთგვარი პარადოქსია ისიც, რომ რაც უფრო მკაცრია შეცდომების გამო დასჯა, მით უფრო დიდია განზრახ მიჩქმალული სახიფათო შეცდომების წილიც, რაც ძალიან უშლის ხელს ასეთი სავალალო შემთხვევების მაქსიმალურ პრევენციას.
– როგორც ჩანს, კარგი სპეციალისტების დეფიციტი მხოლოდ ჩვენთან არ არის.
– დიახ, კარგი სპეციალისტების დეფიციტი არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოშია. მედიცინა მეცნიერებისა და ხელოვნების ურთულესი დარგია და გამორჩეული ექიმები ყოველთვის უმცირესობაში არიან. გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სერიოზული დიაგნოზი დაუსვეს, ამერიკაშიც გულდასმით ეძებს შესაბამისი დარგის გამორჩეულ სპეციალისტს და ხშირად, თუკი მას ამის საშუალებას საკუთარი ფინანსები აძლევს, სხვა ქალაქებში და შტატებში მიემგზავრება სამკურნალოდ. შესაბამისად, საქართველოც ვერ იქნება გამონაკლისი და გამორჩეული პროფესიონალები ჩვენთანაც სანთლით არის მოსაძებნი.
– იცით, საზოგადოებაში ექიმების მიმართ ნდობა დაკარგულია და ისეც ხდება ხოლმე, რომ როდესაც მიდიან ექიმთან და დიაგნოზს იგებენ, მნიშვნელობა არ აქვს, მძიმეს თუ მსუბუქს, მკურნალობის დაწყებამდე ამ დიაგნოზის სისწორეს მეორე, მესამე ექიმთან ამოწმებენ. ხდება ისეც, რომ ყველა ექიმი სხვადახვა დიაგნოზს სვამს და პაციენტი დაბნეულია. ამ შემთხვევაში რა არის გამოსავალი ერთი რიგითი პაციენტისთვის?
– სამწუხაროდ, იოლ გამოსავალს ვერ შემოგთავაზებთ. ცხადია, აუცილებელია პროფესიონალთა რანგირების ადეკვატური და აკურატული სისტემის შექმნა; ასევე აუცილებელია სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების გარკვეული კონტროლიც. სამწუხაროდ, საქართველოში ექიმები ადვილად ხელწამოსაკრავ სოციალურ ჯგუფად იქცა. ამას მრავალი მიზეზი აქვს და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკოსთა მიერ იაფფასიანი ქულების დაწერაა განრისხებული საზოგადოების დასამშვიდებლად. საქართველოს არ გააჩნია ჩამოყალიბებული სამედიცინო სისტემა; ძალიან სუსტია პროფილური სამედიცინო ასოციაციები, რომლებიც თავად უნდა აწარმოებდნენ საკუთარ დარგებში სერთიფიცირების მკაცრ პროცესს და თავადვე ნერგავდნენ პრაქტიკის სტანდარტებს. ამ ყველაფერზე ჩვენთან ზრუნავენ არაკომპეტენტური ჩინოვნიკებისა და პოლიტიკანების ჯგუფები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ არა საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებზე დაყრდნობით, არამედ საზოგადოების რეაქციებზე დაკვირვებით. შესაბამისად, შეუძლებელია ექიმთა რანგირების ობიექტური სისტემის შექმნა.
სოკოებივით იხსნება ახალ-ახალი კლინიკები, რომლებიც დაკომპლექტებულია საეჭვო რეპუტაციის თანამშრომლებით, რადგან ე.წ. “ბიზნესმენები” თვლიან, რომ სამედიცინო სექტორი მომგებიანი სფეროა და წარმატების მთავარ ფაქტორად კლინიკების ტექნიკურად აღჭურვა მიაჩნიათ. სწორედ ამიტომ არის საზოგადოება დაბნეული და ვერ ახერხებს კვალიფიციური სპეციალისტების ადვილად მოძებნას. ნდობა ექიმის მიმართ არ არსებობს და მათ დიაგნოზს გამუდმებით ამოწმებენ. არადა, უმრავლეს შემთხვევაში ეს დიაგნოზი მართებულია. სერიოზული დიაგნოზი კი არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში უნდა გადაამოწმო, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს ალოგიკურად ეჩვენება ექიმის მიერ მოყვანილი არგუმენტები.
– შეიძლება ითქვას, რომ უკვე ერთგვარ ტენდენციადაც ჩამოყალიბდა არასწორი დიაგნოზის დასმა?
– საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და, შესაბამისად, შეცდომის ყოველი ფაქტი ძალიან მკვეთრად ჩანს; მით უმეტეს, რომ ასეთ შემთხვევებზე ერთნაირად “ნადირობენ” როგორც პოლიტიკოსები, ასევე მედია. ამჟამად საქართველოში არაერთი საერთაშორისო კლასის სპეციალისტი მოღვაწეობს წარმატებით; მათ შორის უცხოეთში წვრთნა გავლილი პროფესიონალები. სამწუხაროდ, მხოლოდ ამ სტატისტიკური მონაცემებით მე არ შემიძლია ქართული სამედიცინო შეცდომების ზუსტი ანალიზის გაკეთება და ამიტომ თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ რაიმე გადაჭრით ვამტკიცო.
– უცხოეთში ძირითადად რა სახელდება ხოლმე ასეთი შემთხვევების მიზეზად?
– ჯონს ჰოპკინსის კლინიკამ სპეციალური კვლევა ჩაატარა იმისათვის, რომ გამოევლინა სამედიცინო შეცდომების ძირითადი მიზეზები. კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ მათ შეძლეს 8 ძირითადი ფაქტორის გამოვლენა:
1. არაადეკვატური კომუნიკაცია როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე ექიმსა და პაციენტს შორის;
2. მკვეთრი გადახვევა არსებული სამედიცინო სტანდარტებიდან; არაადეკვატური დოკუმენტაცია და პროცედურული თანამიმდევრობა, ანუ ე.წ. ადამიანური ფაქტორი;
3. პაციენტთან დაკავშირებული პრობლემები. მათი არასწორი იდენტიფიცირება და ინფორმირება;
4. კლინიკების თანამშრომელთა არასრულყოფილი პროფესიული მომზადება:
5. სამუშაოთი უზომოდ გადატვირთული ექიმები;
6. ტექნიკური ინვენტარის არასრულყოფილება;
7. არასრულყოფილი სამედიცინო გზამკვლევები, ადგილობრივი პროტოკოლები.
– როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ჯანდაცვის სისტემაში იმისთვის, რომ ეს სტანდარტები იყოს დაცული, რომ მსგავსი შედეგების წინაშე არ დავდგეთ.
– ჯანდაცვის სისტემაში უპირველესად უნდა გაკეთდეს ის, რომ შეიქმნას თავად ეს სისტემა. ქართული ე.წ. სისტემა რეალურად არის უსისტემო, ამორფული ქაოსი, რომელსაც არ გააჩნია არც ჩამოყალიბებული დოქტრინა, არც შორს მიმავალი გეგმები და წარმოადგენს მლიქვნელი, მედროვე პოლიტიკანების სამანიპულაციო სფეროს.
– თქვენი დაკვირვებით, რა არის მთავარი ხარვეზი, რაც ჯანდაცვის სისტემაში არსებობს?
– ყველაზე მთავარი ხარვეზი, რაც გამოსასწორებელია, არის ის, რომ საქართველოს სამედიცინო სკოლების გამორჩეულ, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სახელმწიფომ უნდა შეუქმნას სერიოზული ბაზისი იმისათვის, რომ მათ ქვეყანა არ დატოვონ და სამშობლოში გააგრძელონ მოღვაწეობა. ქართული სამედიცინო ინტელექტის მკვეთრი გადინება საზღვარგარეთ და მათ მიერ სპეციალობის შეცვლა, რათა საარსებო მინიმუმის მოპოვება მოახერხონ, არის ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც საფუძვლიდანვე ანგრევს ქართულ ჯანდაცვას და, შესაბამისად, სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ საფუძველს. საოცრად სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ რეზიდენტურაში მყოფი ახალგაზრდა ექიმები თავად იხდიან სწავლის საფასურს, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს ეს სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი დარგი. ექიმთა ახალგაზრდა თაობაში დამკვიდრებული სრული ნიჰილიზმი და სასოწარკვეთა ხდება სწორედ დანაშაულებრივი გულგრილობისა და სისასტიკის მთავარი წანამძღვარი.
– რისი დანერგვა შეიძლება ამ ვითარების მოსაგვარებლად და ყველაზე მეტად რა არ მოდის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში? ვთქვათ, საჭირო ხომ არ არის მკაცრი რეგულაცია გატარდეს რეზიდენტების მისაღებად და უფრო მაღალი კრიტერიუმები დაწესდეს მათ შესაფასებლად?
– სანამ სამედიცინო განათლების უაზრო გამკაცრებას დავიწყებთ, მანამ მოსაგვარებელია გამორჩეული სტუდენტებისა და რეზიდენტების ადეკვატური დასაქმებისა და ანაზღაურების საკითხები. სამედიცინო განათლება ისედაც ყველაზე ხანგრძლივია სხვა სპეციალობებთან შედარებით და თუ ამ დარგის მუშაკებს ადეკვატური შემოსავალი არ ექნებათ, ქართული სამედიცინო სკოლების ელიტა მთლიანად საზღვარგარეთს მიაშურებს და მიაშურებს უკანმოუხედავად, აქედან გამომდინარე ყველა ლოგიკური შედეგით.
– როგორ ფიქრობთ, უცხოეთთან შედარებით, ჩვენთან უფრო მარტივად ხომ არ ხდებიან ექიმები? უფრო ნაკლები ძალისხმევის გარეშე?
– არა, არ მიმაჩნია. ქართული სამედიცინო სკოლების გამორჩეული სტუდენტები უმკაცრეს რეჟიმში ეუფლებიან თავიანთ სპეციალობას უნივერსიტეტებში. პრობლემა იწყება უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ; მაშინ როდესაც ახალგაზრდა რეზიდენტებმა კლინიკური გამოცდილება უნდა შეიძინონ კარგად ჩამოყალიბებულ პროგრამებში. ამჟამად კი რეზიდენტებს, რომელთა საშუალო ასაკი 25-26 წელია და რომელთა 75% უკვე დაოჯახებულია, ელემენტარული საარსებო პირობების უზრუნველყოფაც არ შეუძლიათ საკუთარი შემოსავლით. უფრო სწორად, მათ არ გააჩნიათ შემოსავალი, მათ აქვთ მხოლოდ გასავალი და სახელმწიფოსა და კერძო კლინიკებს იქეთ უხდიან თანხას, რათა კლინიკური წვრთნა გაიარონ. სწორედ აქედან იწყება ქართული ჯანდაცვის (და ქართული სახელმწიფოსიც) ძირითადი ტრაგედია. ქართველ ახალგაზრდა ექიმებს ბევრად უფრო დაუნდობელ პირობებში უწევთ სწავლა და მუშაობა, ვიდრე მათ უცხოელ თანატოლებს. ჩვენ, საზოგადოება, დუმილით შევცქერით საკუთარი მთავრობის მიერ ახალგაზრდა ექიმების მიმართ გამოვლენილ დანაშაულებრივ გულგრილობას და შემდეგ, ამ გულგრილობის შედეგად მიღებული შეცდომების გამო ჯვარზე ვაკრავთ არა დამნაშავეებს, არამედ მსხვერპლს.
ლელა მდივანი; „ახალი თაობა“