ლია ელიავა – “პენსიის ფულს მთავრობა გაფლანგავს და მერე გვეტყვის, დიდი ბოდიშიო!”

ლია ელიავა - "პენსიის  ფულს მთავრობა გაფლანგავს და მერე გვეტყვის, დიდი ბოდიშიო!"დაგროვებით საპენსიო რეფორმას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უნდობლად უყურებს. საზოგადოებას არ სჯერა იმის, რაშიც ხელისუფლება არწმუნებს. რა ხარვეზები აქვს აღნიშნულ რეფორმას და რატომ ვერ მოიპოვა საზოგადოების ნდობა? – “ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლია ელიავა პასუხობს.
– ქალბატონო ლია, საზოგადოების დიდი ნაწილი უნდობლად უყურებს დაგროვებითი პენსიის საკითხს. ფიქრობენ, რომ გაწბილებულები დარჩებიან, როდესაც მათ საპენსიო ასაკი მოუვათ. რას იტყვით თქვენ?
– ის, რომ საქართველოს მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებს ამ საპენსიო პროგრამას, არის გამართლებული და გამართლებული პირველ რიგში იმით, რომ არც ერთს მთავრობას, რომელიც ჰყავდა საქართველოს, არ შესწევდა და არ შესწევს უნარი, ეფექტიანად განკარგოს თანხები, იმისთვის, რომ სამომავლოდ მიიღოს გარკვეული სარგებელი და ამით იხეიროს მოსახლეობამ.
საქართველოს არ გააჩნია საინვესტიციო პოტენციალი. ჩვენთან, საქართველოში, ინვესტიციების განხორციელება, ძალიან სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ჩვენთან არ არის განვითარებული საფონდო ბირჟა და სახიფათოა ფულის ინვესტირება ისეთ საწარმოებში, რომლებიც ფინანსურ ანგარიშგებას ან არ ასაჯაროებენ, ან ასაჯაროებენ მხოლოდ ნაწილობრივ.
– კიდევ რა ხარვეზზე შეიძლება საუბარი?
– კანონის თანახმად, შესაძლებელია ამ დაგროვილი საპენსიო თანხების ინვესტირება საზღვარგარეთ, თან ამ კანონში ხაზგასმულია, რომ აუცილებლად მაღალი სანდოობის ფასიან ქაღალდებში.
მაღალი სანდოობის ფასიანი ქაღალდების სარგებლიანობა, როგორიცაა აშშ-ის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, არის წელიწადში 1-1,5%. ანუ რაც უფრო მაღალი სანდოობის მქონეა ფასიანი ქაღალდი, მით უფრო ნაკლებია მისი სარგებლიანობა.
თქვენ დათვალეთ, ეს 1% წელიწადში რას მისცემს ახალგაზრდას, რომელმაც დღეს დაიწყო თავის საქმიანობა, 30 და 40 წლის შემდეგ?! ფაქტობრივად არაფერს. ეს თანხები კომერციულ ბანკებში რომ დააგროვონ, უფრო მეტ საპროცენტო განაკვეთს მიიღებდნენ. ერთადერთი, რაც რჩება ამ საპენსიო ფონდს, არის ფულის დაბანდება არასანდო ფასიან ქაღალდებში, რომლებიც უფრო მეტ შემოსავალს იძლევიან, 3-4%-ის ფარგლებში.
– და რისკიც დიდია, რომ ეს თანხა დაიკარგება?
– დიახ, სამწუხაროდ, ასეა. რისკი დიდია. მით უფრო, რომ საქართველო არ არის ავტორიტეტული ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე და მის მიმართ აგდებული დამოკიდებულება კერძო ფირმების მიერ ნამდვილად არ არის გამორიცხული. ამიტომ, სამომავლოდ რაღაცა არსებითი თანხის აკუმულირების პერსპექტივა არის ფაქტობრივად ნულოვანი.
უკვე აკუმულირებული თანხა, 100 მილიონზე მეტი, განთავსებულია კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე. ყველაზე დიდი დაინტერესება ამ თანხების აკუმულირებაში გააჩნიათ კომერციულ ბანკებს. განსაკუთრებით ორ ბანკს, საქართველოს ბანკს და თიბისი ბანკს, რომლებსაც გააჩნიათ ფასიანი ქაღალდების მართვის გამოცდილება.
მათი მხრიდან ამ ფულის ხელში ჩაგდების და საზღვარგარეთ გატანის ინტერესი დიდია. იქ უკვე სად დააბანდებენ, როგორ დაატრიალებენ, ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ამიტომ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ამ თანხების მეტი წილი დაიკარგოს.
მერე გამოვა მთავრობა და გვეტყვის, უკაცრავად, მაგრამ ფასიან ქაღალდებში დაბანდება რისკფაქტორებთან არის დაკავშირებული და ამიტომ დავკარგეთ ეს თანხებიო.
– ხელისუფლება ამბობს, რომ სხვა ქვეყნებში ამ საპენსიო სქემამ გაამართლა. ხომ შეიძლება, რომ ჩვენთანაც გაამართლოს?
– უფრო ცივილიზებულ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები არის უფრო ძლიერი და კვალიფიციური, ეს სქემა გაამართლებს. საქართველოში, სადაც მთავრობა, განსაკუთრებით კი ეკონომიკური გუნდი არის სუსტი, როდესაც კონტროლი მოსახლეობის მხრიდან არის ნულოვანი, ამ დაგროვილი თანხების დაკარგვის შანსი არის დიდი.
გარდა ამისა, იმ 2%-ის ქვეყნიდან გატანა, რომელსაც ამატებს სახელმწიფო ბიუჯეტი, არის დანაშაული!
– რატომ არის დანაშაული?
– იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი არის ისედაც დეფიციტური და კიდევ მისგან თანხების ამოღება და ქვეყნის გარეთ გატანა ნიშნავს მისი დეფიციტის კიდევ უფრო ზრდას და ეკონომიკის დაზარალებას.
– აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა 40 წლის ზემოთ ნებაყოფლობითია, 40 წელს ქვემოთ კი – სავალდებულო. რამდენად სწორია, რომ სახელმწიფო იძულების წესით გიქვითავს თანხებს?
– მერწმუნეთ, რომ არავინ ისურვებდა თავისი ნებით ამის გაკეთებას. ეს არის იძულების მომენტი.
– 40 წელს ზემოთ რატომ დატოვეს ნებაყოფლობითი?
– 40 წლის ზემოთ სამსახურის პოვნა ან შენარჩუნება არის ძალიან რთული, აქცენტი ყოველთვის კეთდება ახალგაზრდებზე, ამიტომ მათი რაოდენობა არ არის იმდენად დიდი და ეს მომგებიანი არ არის.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა