დიმიტრი შაშკინი – „იზორიასგან ვერ მოვისმინე, როგორ აპირებს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას“

დიმიტრი შაშკინი - „იზორიასგან ვერ მოვისმინე, როგორ აპირებს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას“4 აპრილს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში იმყოფებოდა და დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. მინისტრმა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი ის იყო, რომ მან რუსეთს მტერი იქამდე არ უწოდა, სანამ დამაზუსტებელი კითხვა არ დაუსვეს.

რამდენად დამაჯერებელი იყო იზორიას პასუხები, როგორ აფასებს თავდაცვის უწყების პოლიტიკას და რას ფიქრობს სააკაშვილის იმ განცხადებაზე, როდესაც მან თქვა, რომ მზად იყო, ნატოს წევრობაზე უარი ეთქვა თუ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებდა? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საუბრობს:

_ თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა პარლამენტში. თქვენთვის მისი პასუხები დამაჯერებელი იყო?

_ მე თავდაცვის მინისტრისგან, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე კონკრეტული გეგმა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რაც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას. აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის უსაფრთხოება. მე ეს, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე. იყო ზოგადი პოლიტიკური განცხადებები და არა კონკრეტული პოზიციები. თავდაცვის მინისტრმა არ ისაუბრა იმაზე, ვინ არის საქართველოს მტერი, სანამ მას ეს კითხვა არ დაუსვეს.

საერთოდ რისთვის ვითარდება ჩვენ ჯარი?! არ უნდა დიდი სამხედრო ექსპერტობა, რომ მარტივი ჭეშმარიტება გესმოდეს.

თავდაცვის უწყება ან შეიარაღებული ძალები ქვეყანაში ვითარდება იმის მიხდვით, თუ რა გამოწვევები დგას ქვეყნის წინაშე. ეს პირდაპირ კორელაციაშია თავდაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებთან და შეიარაღებული ძალების პერსპექტივებთან. რუსეთი არის საქართველოს მტერი და თუ ამაზე მინისტრი არ საუბრობს, მაშინ გაუგებარი ხდება, რისთვის ვამზადებთ ჯარს.

_ მან თქვა, რუსეთი ვიგულისხმეო. ხაზი უნდა გაესვა, რომ რუსეთზე საუბრობდა?

_ თუ შენ არ ამბობ, რომ რუსეთი მტერია, მაშინ რაღაცა გაუგებარი განცხადებები გასაგებია. ყველა ადამიანს ესმის, რომ რუსეთი ჩვენი მტერია. თუ ეს ასეა, მაშინ შენი ხედვა თავდაცვის სისტემის გაძლიერების ამას უნდა ეფუძნებოდეს. ანუ, მე მაინტერესებდა, მაგალითად, როგორ იქნება დაცული საქართველო ჰაერიდან. ანუ, ანტისაჰაერო სისტემები რამდენად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რუსეთის აგრესიისგან ვიყოთ დაცულები. ის, რაც იყიდეს საფრანგეთში ძალიან ძვირად, ბუნებრივია, არანაირად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჰაერიდან დაცულები ვართ. იმიტომ, რომ ის რაკეტები არის სტინგერის ექვივალენტი. ის მუშაობს მოკლე დისტანციაზე. ამ სიმაღლეზე რუსული თვითმფრინავები არ დაფრინავენ. ბევრად მაღლა დაფრინავენ.

აქედან გამომდინარე მაინტერესებს, როგორ აპირებს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბი ქვეყანა ჰაერიდან დაიცვას. მე მაინტერესებდა, რა გეგმები აქვთ ვერტმფრენებთან დაკავშირებით. ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე ძალიან გვიჭირს ჩვენი შენაერთების ერთი ადგილიდან მეორეში გადასროლა. ღმერთმა არ ქნას და რაღაცა პრობლემა რომ გვქონდეს მთა თუშეთში, ამას დასჭირდება 5-7 საათი ზაფხულის პერიოდში. ზამთარში საერთოდ ვერ ჩადიხარ მანქანით. აქედან გამომდინარე მაინტერესებს, სად არის ვერტმფრენები. გვაქვს შესაძლებლობა, რომ გადავისროლოთ მცირე ჯგუფები მაინც?

თავის დროზე ამაზე უარი თქვა ალასანიამ, რომ ამერიკიდნ საჩუქრად მიეღო. ასევე მაინტერესებდა სამხედრო წარმოებასთან დაკავშირებით. ამაზე ვერაფერზე პასუხი ვერ მივიღე.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი აქვთ.

_ ზოგადად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის პოლიტიკას როგორ შეაფასებთ? ყოველწლიურად მცირდება თავდაცვის ბიუჯეტი. რითი შეიძლება აიხსნას?

_ გარდა ბიუჯეტისა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ ოფიცრები წასულები არიან. ის ხალხი, ვინც ქვეყანას იცავდა 2008 წელს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნიდან არის წასული. ზოგი დაჭერილია, ზოგი სხვა ქვეყნებში მუშად მუშაობს, ზოგი სხვის ომში ომობს, მაგრამ ქვეყნიდან წასულია. სამხედრო გამოცდილება შეიარაღებული ძალების შექმნის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ხალხი ან შეიარაღებული ძალებიდან წავიდეს ან ქვეყნიდან.

_ თავდაცვს უწყებიდან გათავისუფლებული მფრინავი ქალი არ შეუშვეს სხდომაზე. რა რეაქცია გქონდათ, როცა ეს ნახეთ?

_ უბედურებაა ის, რომ გენერალურ შტაბში ვინც იყვნენ წარმოდგენილები, ეს ხალხი პოლიტიკური განცხადებებით არის დაკავებული. ისინი კაბინეტებიდან აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს და არაფერს აკეთებენ ჯარისკაცებისთვის, რომ დაიცვან მათი უფლებები და ინტერესები.

რატომ უნდა გაგვიკვირდეს იმის შემდეგ, როცა ქვეყნის მთავარსარდალმა გააკეთა განცხადებები. როგორ დავუძახო მთავარსარდალი, მაგრამ დე-იურე და დე-ფაქტოა და ითვლება, რომ მთავარსარდალია. ის იძახის, რომ ცხინვალი დავბომბეთ. ამბობს, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა, კაპრალებმა, სერჟანტებმა დაბომბეს ცხინვალი. ამის შემდეგ ჩვენი შეიარაღებული ძალების რა ინტერესების დაცვაზე შეიძლება საუბარი.

მაგალითს მოგიყვანთ. მქონდა ბედნიერება, რომ მქონოდა ურთიერთობა გენერალთან, რომელზეც შემდეგ ფილმიც არის გადაღებული „შავი ქორის დაცემა“. მაშინ ამ ოპერაციას ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ეს იმის შემდეგ დაიწყო, რაც ჩამოგდებული იყო ვერტმფრენი და ტყვედ ჩავარდა ამერიკელი მფრინავი. აშშ-მა დაიწყო ფართომასშტაბიანი ოპერაცია ამ ერთი მფრინავის გამოსაყვანად.

ამ ოპერაციაში დაიღუპა ათობით ამერიკელი. თუმცა, არავის არასოდეს შეუხედავს ამისთვის ეჭვის თვალით. იმიტომ, რომ აშშ-ში ჯარისკაცის სიცოცხლე არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომ გააკეთა ყველაფერი ჯარმა, რომ გამოეყვანა სომალიდან ტყვედ ჩავარდნილი მფრინავი. ღირსება ამ ოფიცრის არ უნდა შელახულიყო. ამ ოფიცერმაც იცოდა, რომ რაც უნდა მოხდეს, ამის უკან დგას ქვეყანა და ჯარი. ჩვენთან ადამიანს აგდებენ უწყებიდან და იმის უფლებასაც კი არ აძლევენ, რომ შევიდეს პარლამენტში. რა ღირსების დაცვაზეა საუბარი?!

_ სააკაშვილმა თქვა, რომ მზად იყო, ნატოზე უარი ეთქვა, თუ რუსეთი დაგვიბრუნებდა ტერიტორიებს. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ თემაზე?

_ ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც რელევანტური იყო იმ ვითარებაში, როდესაც ეს წინადადება იყო წარდგენილი. ეს იყო 2006 თუ 2007 წელს. ეს იყო ომამდე და ეს იყო ბოლო მცდელობა იმისთვის, რომ რუსეთისთვის შეგვეთავაზებინა ამ პრობლემის მოგვარება. ამის იქით უკვე არაფერი არსებობდა. ჩვენ ხომ დამოუკიდებლობას ვერ დავუთმობდით რუსეთს?! პოლიტიკურად ეს იყო სწორი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც გვეთქვა ეს. ისინი მუდმივად გვეუბნებოდნენ, რომ დაელაპარაკეთ რუსეთს. საიდუმლო ხომ არ არის, რომ იგივე აშშ 2008 წლამდე გვეუბნებოდა, რომ დიალოგში იყავით რუსეთთან და დაელაპარაკეთო.

_ ვთქვათ, წამოსულიყო რუსეთი ამაზე. რა გარანტია არსებობდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ისევ არ მოახდენდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას?

_ ჩვენც გვესმოდა, რომ რუსეთი არ წამოვიდოდა ამაზე, მაგრამ ეს იყო იმ მომენტისთვის ძალიან სწორი მესიჯი, რომ გვეჩვენებინა საერთაშორისო პარტნიორებისთვის. პირველ რიგში ამერიკისთვის, რომ ჩვენ მაქსიმუმის მაქსიმუმის დასათმობად მზად ვართ იმისთვის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ამით დავარეგულიროთ პრობლემა რუსეთთან. ჩვენი პრობლემა რუსეთთან გამომდინარეობს არა პიროვნული ფაქტორებიდან, არამედ იქიდან, რომ მათ აქვთ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორია. მაშინაც ჰქონდათ და ახლაც აქვთ.

ყველას გვესმოდა, რომ ეს იყო უძლიერესი არგუმენტი საერთაშორისო პარტნიორებთან. მაქსიმუმი შევთავაზეთ, რომ დავთმოთ და ამაზე არ მოდიან. ამის მერე გვქონდა ჩვენ ძალიან კარგი დაცვითი მექანიზმი იმ დემაგოგიისგან, რომელიც მოდიოდა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რომ უნდა დაელაპარაკოთ რუსეთს და მოლაპარაკებით შეიძლება რამე მოგვარდეს.

ეს იყო სწორად გაკეთებული პოლიტიკური ნაბიჯი. ყველას გვესმოდა, რომ რუსეთი უარს იტყოდა. ნატო კი არ არის პრობლემა ჩვენში, ეს ხომ გვესმის?! რუსეთს არ აინტერესებს და არ არის პრობლემა, საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. რუსეთის პრობლემა საქართველოსთან ბევრად უფრო დიდი და რთულია, ვიდრე ნატო.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა