”ჩვენი გული მაგან წაიღო, მაგ ბავშვმა” – ყაზბეგში 27 წლის რუსთაველი კოტე საცერაძე დაიღუპა

”ჩვენი გული მაგან წაიღო, მაგ ბავშვმა” - ყაზბეგში 27 წლის რუსთაველი კოტე საცერაძე დაიღუპაყაზბეგში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი, კოტე საცერაძე გიდად მუშაობდა. 27 წლის მამაკაცი ერთ-ერთია სამ დაღუპულს შორის, რომლებიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.

ის რუსთავში ცხოვრობდა.

მეზობლები ჰყვებიან, რომ კოტე საცერაძე უმეტეს დროს ყაზბეგში ატარებდა. ის უცხოელ ტურისტებს ემსახურებოდა. მეზობლები ამბობენ იმასაც, რომ სავარაუდოდ კოტე საცერაძეს ხშირად უწევდა იმ ვერტმფრენით მგზავრობა, რომელმაც დღეს კატასტროფა განიცადა.

„დარეკეს, რომ რაღაც მოხდაო. ჩვენ ხომ არ ვიცოდით. სადღაც 12 საათისკენ გავიგეთ მეზობლებმა, რომ აღარ იყო ეს ბავშვი. ჩემი ბავშვის მეგობარია. ჩემ ხელში გაზრდილია ეს ბავშვი. საუკეთესო ბავშვი, 27 წლის. დედა პედაგოგი ჰყავს, მამა ინჟინერი, კარგი ოჯახი, ძმა ექიმი ბიჭი. სამაგალითო ოჯახი. ჩვენი გული მაგან წაიღო, მაგ ბავშვმა,“-განაცხადა დაღუპული გიდის მეზობელმა.

შემთხვევა ყაზბეგში დღის პირველ ნახევარში მოხდა. ვერტმფრენი დაახლოებით 50-60 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა, როდესაც მან ვარდნა დაიწყო. კატასტროფის დროს ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა. სამივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

რუსთავი 2