კახა კოჟორიძე: “ოქრუაშვილის დაპატიმრება მძიმე ტვირთია სასამართლოსთვის”

სხდომა რომ არ დაეხურა მოსამართლეს, ნათლად გამოჩნდებოდა ამ საქმის პოლიტიკური მოტივაცია

კახა კოჟორიძე: "ოქრუაშვილის დაპატიმრება მძიმე ტვირთია სასამართლოსთვის"ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი, იურისტი კახა კოჟორიძე პასუხობს.

– კახა, როგორია თქვენი, როგორც იურისტის და უფლებადამცველის შეფასებები ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით? რამდენად სამართლიანი იყო უვადო მოსამართლის, მაკა გველესიანის გადაწყვეტილება და, საერთოდ, რას ფიქრობთ ამ საქმეზე? მელია აცხადებს, მაშინ მეც რატომ არ დამაკავეს, ირაკლი ოქრუაშვილიც იგივე მუხლით არის დაკავებულიო. რას იტყვით თქვენ?

– როცა ოქრუაშვილი დააკავეს, მე იმ დღესვე ვთქვი ერთ-ერთ ტელეეთერში, რომ ახლა სასამართლო არის მძიმე არჩევანის წინაშე და რატომ? იმიტომ, რომ ამ სასამართლოს ჰქონდა ორი არჩევანი, ერთი, რომ გამოეშვა ირაკლი ოქრუაშვილი ან აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდებინა პატიმრობა. თუ გამოუშვებდა, მაშინ გამოდიოდა, რომ სამართალდამცავებმა, ვინც დააკავა ოქრუაშვილი, ისედაც ხომ იცოდნენ, რომ მელიასთან მიმართებაში სხვა ტიპის პრაქტიკა იყო და რატომ დააკავეს? რა აუცილებლობას წარმოადგენდა ოქრუაშვილის დაკავება? აი ამას გაამყარებდა სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელიც, დავუშვათ, ოქრუაშვილს გამოუშვებდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ გამოუშვებდა და გამოიყენებდა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას, მაშინ ასევე რთული მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდებოდა სასამართლო…

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ გაჩნდებოდა კითხვები, რომ მელიას თუ უშვებ და იმას ხომ იმუნიტეტი მოხსნილი ჰქონდა. ამიტომ ვერავინ იტყოდა, მელიას იმუნიტეტი იცავდაო, შესაბამისად, ეს კითხვები გაჩნდებოდა, რატომ იყო ერთი და იგივე სასამართლოს მიერ, რა მნიშვნელობა აქვს მოსამართლე იგივე იყო თუ არა, სასამართლო ხომ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას უნდა ამყარებდეს? ყველა ხომ თანასწორია, ყველა ხომ ერთნაირი მართლმსაჯულების ქოლგის ქვეშ უნდა იდგეს?!

– ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეებს გულისხმობთ?

– ზუსტად ერთი და იგივე მუხლი აქვთ წარდგენილი, ერთი და იგივე ამბავია, უფრო მეტიც, შესაძლებელია მელიას შემთხვევაში უფრო გამოკვეთილია, რომ ის რაღაცაზე ანიშნებს, შესვლაზე და ასე შემდეგ. ხოლო ოქრუაშვილთან მიმართებაში გავრცელებულ მასალაში კი, იქ არის შეხლა-შემოხლა და გაწევ-გამოწევა, მაგრამ მუხლის შემადგენლობა არის სხვანაირი, რომ ძალადობის ორგანიზებაა მუხლის შემადგენლობა და ძალადობის ორგანიზება არ ჩანდა იმ კადრებში. შესაბამისად, მით უმეტეს, ოქრუაშვილთან მიმართებაში გაჩნდებოდა კითხვები, რომ რა აუცილებლობა იყო აქ პატიმრობის გამოყენება აღმკვეთი ღონისძიების სახით. მაშინ როცა, სასამართლომ თქვა მელიასთან მიმართებაში, რომ პატიმრობას არ ვიყენებ და ვუკეთებ სამაჯურს. რატომ არ გაუკეთეს სამაჯური ოქრუაშვილს?! აი ეს კითხვები, რა თქმა უნდა, არის და ესეც ხაზს უსვამს იმაზე, რომ არის შერჩევითი მართლმსაჯულება.

– მელიასთან მიმართებაში რატომ არ გამოიყენეს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა?

– როგორც ჩანს, გამომდინარე იქიდან, რომ ის დეპუტატი იყო, ოპოზიციური ძალის ლიდერი იყო და ეს ოპოზიციური ძალა არის ძლიერი ოპოზიციური ძალა, შეიძლება შეეშინდათ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის და ასე შემდეგ, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ოქრუაშვილთან მიმართებაში კი ის გადაწყვეტილება მიიღო და ასე პოლიტიკურ შერჩევითობაში შესვლა, ძალიან მძიმე ტვირთია მართლმსაჯულებისთვის. ოქრუაშვილთან მიმართებაში ეს კითხვები სასამართლოს გადაწყვეტილებამ გაამართლა. მით უმეტეს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა იყო მოცემულობა.

– რა მოცემულობაზე საუბრობთ?

– ოქრუაშვილი იყო საზღვარგარეთ წასული. 20 ივნისის შემდეგ წავიდა, ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მას შეუთვალეს დაკავების შესახებ, მიაწოდეს ინფორმაცია სავარაუდო დაკავების შესახებ, შემდეგ დაიჭირეს მისი დაცვის წევრი, რომელზეც იყო ინფორმაცია, რომ შესაძლებელია იარაღი ჩაუდეს, ამას ამტკიცებდა ოქრუაშვილიც და მისი დაცვის წევრიც. ეს კი მოხდა არა უშუალოდ მისი დაცვის წევრის დასაშინებლად, არამედ ოქრუაშვილის გასანეიტრალებლად. აი ამის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ძალიან მაღალი ალბათობით ვარაუდი და საფუძველი იმისა, რომ მას ასევე ემუქრებოდა დაკავება…

ის მაინც ჩამოვიდა…

– დიახ, ის დაბრუნდა საქართველოში. მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა და ფინანსური რესურსიც, რომ იქ დარჩენილიყო, მაგრამ დაბრუნდა საქართველოში და მართლმსაჯულებას არ დაემალა. რა საჭირო იყო მაშინ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება?! კიდევ გარემოება არის ის, რომ ის მტკიცებულებები, რაც ოქრუაშვილის საქმეში იქნა გამოყენებული, ვიდეო ჩანაწერის სახით და სხვა მტკიცებულებები, ძალიან მაღალი ალბათობით გამოძიებას ჰქონდა რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე მისი დაკავება მოხდებოდა. ამ პერიოდში კი ოქრუაშვილმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები და შეიტანა სარჩელი…

– დიახ და მივადექით ამ მთავარ თემასაც, რომ მისი დაკავება სწორედ რუსთავი 2-ს უკავშირდებაო, ასეა?

– სწორედ ამას მოყვა მერე მისი დაკავება. ისე დალაგდა ეს ყველაფერი დროში, შინაარსის მიხედვით, რომ, რა თქმა უნდა, ეს კითხვები ჩნდება ცალსახად.

– სამხარაულმა ხელმოწერა რომ ნამდვილია და არ არის გაყალბებული ისიც დაადასტურაო…

– ეს ინფორმაცია გამოვიდა, თორემ ოფიციალურად სამხარაულს ეს ხომ არ დაუდასტურებია. ეს რომ დაადასტუროს, მაშინ ოქრუაშვილს მოგებული ექნება ეს სარჩელი. შესაბამისად, მე ვვარაუდობ, რომ მაგის დადასტურება ოფიციალურად არ მოხდება. ასევე გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ძალიან მაღალი ალბათობით, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რა სამართლებრივ პროცედურებსაც მე ვაკვირდები ხოლმე, ჩემი აზრით, სამხარაული არ დაადასტურებს იმას, რომ იქ არის ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა და შემდეგ, როცა ამის სასამართლო განხილვა მოხდება, სასამართლოს ექნება ასეთი მოცემულობა, ერთი მხრივ, სამხარაულის დასკვნა, სადაც არ დასტურდება ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა და მეორე მხრივ, ოქრუაშვილის დაკვეთით პარიზში ჩატარებული ექსპერტიზა, ჩემის აზრით, სასამართლო მოექცევა გავლენის ქვეშ და გაიზიარებს სამხარაულის დასკვნას, სადაც ხალვაშის ხელმოწერა არ იქნება დადასტურებული და არ გაიზიარებს სხვების დასკვნას. ეს არის ძალიან მაღალი ალბათობით ვარაუდი, რომ ასე იქნება. ასე რომ, ოქრუაშვილი დიდი ალბათობით ამ დავას ვერ მოიგებს. მე არ ვიცი, რამდენად სამართლებრივი საფუძველი აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ დავას რომ აქვს პოლიტიკური შეფერილობა და ეს გავლენას იქონიებს ამ დავის შინაარსზე, ამიტომ სასამართლოში ამ დავის მოგება ოქრუაშვილს ძალიან გაუჭირდება.

– მოსამართლე მაკა გველესიანმა, რომელიც უვადო მოსამართლეა, პროცესი დახურა, როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება?

– მე არ ვიცი სასამართლოს არგუმენტაცია პროცესის დახურვასთან დაკავშირებით, თუმცა ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაიხუროს. არგუმენტი არ ვიცი, რატომ უნდა დაიხუროს. ეს მოხდა იმიტომ, რომ პროცესზე ჟურნალისტების არსებობა, საზოგადოების არსებობა და ჩანაწერების გაკეთება იმ სხდომაზე და მერე იმისი საზოგადოებისთვის ჩვენება, კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენდა ამ საქმის პოლიტიკურ მოტივაციას. კაცი დაჭერას ელოდებოდა და მაინც ჩამოვიდა, ეხლა ესენი ამბობენ, გამოძიებას დაემალებაო. დამალვა რომ სდომოდა, ხომ არ ჩამოვიდოდა?! თუმცა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. რატომ ხდება ხოლმე, სასამართლო რომ ხურავს საქმეებს?!

– რატომ ხდება?

– წინა ხელისუფლების დროს სასამართლო პროცესები იყო ღია, მერე კანონშიც შევიდა ცვლილება და პროცესებს ხურავდნენ. როცა თვითონ მიხვდნენ, რომ სასამართლო ისეთ მძიმე დღეშია, რომ არ უნდათ საზოგადოებს ეჩვენოს, თვითონაც ხვდებიან, რომ ცუდი სახე აქვს სასამართლოს და ამ ცუდი სახის სასამართლოსთვის ჩვენება არ უნდათ. წინა ხელისუფლების დროსაც იმიტომ იხურებოდა თითქმის ყველა პროცესი. ახლაც ასეა.

რადგან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ სასამართლოს მხრიდან, საუბარია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესაც პოლიტიკური შეფერილობა აქვსო. თქვენ რას იტყვით?

– ხაზარაძესთან მიმართებაშიც რამდენიმე აქცენტია. ეს საქმეც ტოვებს შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს ცხადია. ის, რომ მოქმედ პოლიტიკურ ელიტას ხაზარაძე არ მოსწონდა, ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავიგეთ და კულუარებში კიდევ უფრო ადრე იყო მაგ თემებზე საუბარი, რომ მიუღებელი პირი იყო ხაზარაძე. ის, რომ მას შეუთვალეს გარკვეული მოქმედებების შესრულება, ხაზარაძემ ამაზე საპარლამენტო ტრიბუნიდან ღიად ილაპარაკა. წერილის შესახებ, სხვა მოქმედებების შესახებ. მისი ბანკის მიმართ რომ განხორციელდა კიბერშეტევა, ამაზეც ისაუბრა ხაზარაძემ. კიბერშეტევასთან დაკავშირებით მე ვნახე მისი წერილები, 20 წერილი მაინც აქვს გაგზავნილი საგამოძიებო ორგანოებისთვის, რომ გამოიძიეთო. კონკრეტული ფაქტები მიაწოდა, კონკრეტული მისამართი, რომ რუსთაველის 12 ნომრიდან ხდებოდა ეს შეტევა. ის ინფორმაციაც გავრცელდა, რომ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირის მიერ იყო ეს ოფისი დაქირავებული. ანუ მთელი რიგი ფაქტები იყო, რომელიც მიუთითებდა, რომ თიბისი ბანკთან მიმართებაში რაც ხდებოდა, ეს იქნებოდა პოლიტიკური მოტივებით განპირობებული. გამოძიების გაჭიანურებაც პოლიტიკური მოტივებით აიხსნება.

ამიტომ გაჭიანურდა კიბერშეტევის გამოძიება?

– დიახ. ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვინახავს თაროზე შემოდებული იმიტომ, რომ ვიღაცას მაღალი ეშელონებიდან, არ უნდა ამ საქმის გაგრძელება. ახლაც ეგ შთაბეჭდილება იქმნება. მაშინ როცა, გაცილებით მძიმე დანაშაულებები, ვიდრე ხაზარაძე-ჯაფარიძისაა, თუნდაც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი, თაროზეა შემოდებული… მე გავიხსენებდი 2013 წლის 28 ნოემბერს, როდესაც წულუკიანმა, მაშინ საუბარი იყო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე და გამოვიდა წულუკიანი 28 ნოემბერს და მთავრობის სახელით თქვა, რომ ჩვენ ამ კომისიას ვერ შევქმნითო, რადგან ჩვენ რომ დავადგინოთ, რომ ვიღაცები უსამართლოდ დაისაჯნენო, მოგვიწევს კომპენსაციის გადახდა და ბიუჯეტს არა აქვს ფულიო. ანუ ეკონომიკური მოტივით უარი თქვა კანონის უზენაესობის პრინციპის განხორციელებაზე მთავრობის სახელით! მოდით ახლა და შევადაროთ ხაზარაძის საქმეს…

– ეკონომიკური კუთხით?

– დიახ. ხაზარაძესთან მიმართებაში, ვიცით, რომ ეს გამოძიება ზიანს აყენებს თიბისი ბანკს და მილიონობით ზიანზეა საუბარი. ვიცით, რომ ზიანს აყენებს საინვესტიციო გარემოს, რადგან ყველა ინვესტორს გაუჩნდება კითხვები, რომ რანაირად უნდა იყოს ჩემი ინვესტიცია დაცული ამ ქვეყანაში, თუ სამართალდამცავი ორგანოები არ არიან აპოლიტიკური ორგანოები. ასევე ზიანს აყენებს ანაკლიის ცალმხრივად მნიშვნელოვან პორტს და ეს ეკონომიკური ეფექტი არ იყო გასათვალისწინებელი? სრულიად პირიქით მოხდა, აქ ეკონომიკური ფაქტორები სრულიად დაივიწყეს. თურმე ხაზარაძის და ჯაფარიძის პასუხისგებაში მიცემა ისეთი მნიშვნელოვანი ყოფილა კანონის უზენაესობისთვის, რომ არაუშავს თუ პრობლემა შეექმნება საინვესტიციო გარემოს, არაუშავს თუ ლარს პრობლემა შეექმნება, არაუშავს თუ ანაკლიის სტრატეგიულ პროექტს პრობლემა შეექმნება, ისეთი მნიშვნელოვანია ჯაფარიძის და ხაზარაძის პასუხისგებაში მიცემა. ამიტომ ჩნდება ეს კითხვებიც. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე ამბავი. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი.

– კიდევ რა?

– ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი აქვთ წაყენებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, ფულის გათეთრებაზე. არაერთი იურისტის მოსაზრება არსებობს მასზე და მეც ვუერთდები ამ მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაში, დანაშაულის ის შემადგენლობა, რაზეც არის საუბარი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან მიმართებაში სისხლის სამართლის კოდექსში არსებულ მუხლში, ეს დანაშაულის შემადგენლობა არ იქმნება. იმ ქმედებაში არის თუ არა უფრო მსუბუქი თუ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ნიშნები, ამაზე პასუხი გაგვცეს პროკურატურამ, სხვა დანაშაულის ნიშნები არის თუ არა, მაგრამ რაც წაუყენეს, იმ დანაშაულის ნიშნები არ არის. შესაბამისად ჩნდება კითხვა, რომ რაღა მაინცდამაინც ის მუხლი წაუყენეს, რისი შემადგენლობაც სახეზე არა გვაქვს?! ბრალის ხელოვნურობაზე მიუთითებს!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა