“რედაქციაში ჩამოვიდა ილია და გვითხრა, დაგვებადა, დაგვებადაო” – დღეს ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა

1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე – ლუკა რაზიკაშვილი. მისი ფსევდონიმი ვაჟა-ფშაველა იყო.

მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე: 
“მამას ჩარგალი უყვარდა. ყვავილებიდან ყველაზე მეტად – ია. მოკრეფდა რამდენიმე ღერს და ყნოსავდა ხოლმე. ეს რომ ვიცოდი, მეც გავიდოდი მახლობელ ტყეში, მოვკრეფდი იებს, შევკრავდი კონად და მივართმევდი, როცა იგი ფანჯარასთან იჯდა და გატაცებით წერდა.

წერის დროს სარკმელი ხშირად ღია ჰქონდა. მეც გარედან გადავაწოდებდი ხოლმე იის კონას. სიხარულით ჩამომართმევდა, მაშინვე წყლიან ჭიქაში ჩადებდა იებს და იქვე ახლოს, მაგიდაზე ან სარკმელზე დადგამდა.

მე უმალ მოვცილდებოდი ხოლმე ფანჯარას, რომ მამას წერაში ხელი არ შეშლოდა.” – ვახტანგ რაზიკაშვილი.

“გორის საოსტატო-სამასწავლებლო სემინარიასთან არსებულ სამაგალითო სკოლაში ვსწავლობდი. ლუკა რაზიკაშვილი, რომელიც ჯერ ,,ვაჟა-ფშაველად” არ იწოდებოდა, მეორედ თუ მესამედ უფრო ახლოს ვნახე სემინარიის ეზოში, დასვენების დროს.

მისი გარეგნული შეხედულება და მედიდური სიარული გვიზიდავდა სამაგალითო სკოლის ყველა მოწაფეს, საითაც წავიდოდა, ჩვენც იქით მივდევდით, რომ უფრო კარგად გაგვეგონა მისი ლაპარაკი და ფშაური კილო.

ვაჟა განვითარებულ შეგირდად და სამაგალითო ადამიანად ითვლებოდა სემინარიაში.  ამხანაგები დიდ პატივსა სცემდნენ და უყვარდათ კიდეც. ხშირად მათე წივწივაძე, სკოლის ამხანაგი, დაარტყამდა ვაჟას ბექობივით ამობურთულ მკერდზე ხელსა და ეტყოდა: ,,ამან უნდა იცოცხლოს დიდხანსო!” – მოგიკვდეთ ლუკა რაზიკაშვილი , თუ არ გასახელოთო,- მიუგებდა ღიმილით ვაჟა. ნათქვამი ასრულდა.” – შიო მღვიმელი.

“ვაჟა-ფშაველა” პეტერბურგში შეარქვა თუშმა მეგობარმა დიმიტრი ცისკარიშვილმა.

მან იცოდა, რომ ,,ვაჟა” ფშავ-ხევსურეთში ვაჟკაცს ნიშნავს. დიმიტრი ხან ,,ვაჟას” ეძახდა, ხან ,,ფშაველას”. მერე შეაერთა და ვაჟა-ფშაველა” დაუძახა.

ერთხელ დილით, ადრე, როგორც გადმოგვცა გიგა ყიფშიძემ, რედაქციაში ჩამოვიდა ილია, ყურში კალამგადებული და არაჩვეულებრივი აღტაცებით გვითხრა: ,,დაგვებადა, დაგვებადაო!”

ეს სიტყვები გაიმეორა რამდენჯერმე. შემდეგ გამოიღო ყურიდან კალამი, დადო მაგიდაზე, გადმოგვცა ვაჟას პოემა ,,მოხუცის ნათქვამი ” და თქვა: ,,დღეიდან მე თავისუფალი ვარ, დაგვებადა უნიჭიერესი მგოსანი. პოემა ხვალისთვის დაბეჭდეთ, მთლიანად, არ გაწყვიტოთო”.

თანამშრომლები გაოცებული დავრჩით ასეთი საქციელით, მწერლის დაფასება-ქებაში ილია ძალიან ძუნწი იყო.” – შიო მღვიმელი.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი