როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?

  როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წლის მაისში საარსებო მინიმუმმა 190 ლარი და 10 თეთრი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 6,9%-ით არის გაზრდილი, აპრილის თვეში კი საარსებო მინიმუმი დაახლოებით 2,8%-ით ნაკლები იყო. რა არის საარსებო მინიმუმი, როგორ თვლიან მას და რა განაპირობებს მის ცვლილებას?

რა არის საარსებო მინიმუმი?
საარსებო მინიმუმს ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვები და არასაკვები პროდუქტების ღირებულება წარმოადგენს. საარსებო მინიმუმი ერთ სულ მოსახლეზე ითვლება. ეს მაჩვენებელი სასურსათო და არასასურსათო ნაწილს აერთიანებს. საარსებო მინიმუმი მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებას ასახავს.

„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ის ერთგვარი სოციალური ორიენტირია მოქალაქეთა ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებისათვის. სწორედ ამ მაჩვენებლის მიხედვით განისაზღვრება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობა.

საარსებო მინიმუმის ფორმირებას საფუძვლად უდევს შრომისუნარიანი კაცის სასურსათო კალათა, რომელიც 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ჯამში 2300 კილოკალორიას შეადგენს.

 როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?
საარსებო მინიმუმი 2 კომპონენტით განისაზღვრება. პირველი არის სასურსათო ნაწილის ხარჯები, მეორე კი – არასასურსათო ნაწილი. სასურსათო ნაწილის ხარჯების გამოთვლა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის ბრძანების მიხედვით ხდება. სასურსათო ნაწილი საარსებო მინიმუმის 70%-ს, არასასურსათო კი – 30%-ს შეადგენს.

მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება საქართველოს 5 ქალაქის ფასების მიხედვით დგინდება. ეს ქალაქებია თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, მთელი ქვეყნისთვის საერთო ფასი რომ გამოითვალოს, შეწონვით საშუალო მაჩვენებელი გამოიყენება. მაგალითად, თუ თბილისში 1 კილოგრამი პომიდორი 5 ლარი ღირს, ბათუმში კი – 3 ლარი, აუცილებელია ქვეყნის დონეზე საშუალო ფასის გამოთვლა.

მომდევნო ეტაპზე, როდესაც თითოეულ პროდუქტზე საშუალო ფასი უკვე გამოთვლილია, ამ მინიმალური სასურსათო პროდუქტების ჩამონათვალი ერთ თვეზე იანგარიშება. მაგალითად, თუ სასურსათო კალათიდან პურის დღიური ოდენობა 250 გრამია, ეს მაჩვენებელი ერთ თვეზე იანგარიშება. შემდეგ ეს რაოდენობა პროდუქტის ფასზე მრავლდება და საარსებო მინიმუმის სასურსათო ხარჯების ნაწილი მიიღება.

საარსებო მინიმუმის სასურსათო ნაწილის დათვლის შემდეგ არასასურსათო პროდუქტების დათვლა იწყება. ამდენად, არასასურსათო ნაწილის მაჩვენებელი სასურსათო ნაწილის ცვლილებაზე არის დამოკიდებული. აქ ერთგვარი მიზეზშედეგობრივი კავშირია.

 რატომ იცვლება საარსებო მინიმუმი?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ საარსებო მინიმუმში გარკვეული მიმართულებით ცვლილებებია. ამის მიზეზი კი საკვები პროდუქტების ფასების ცვლილებაა. სწორედ ამის გამო სხვაობა განსაკუთრებით სასურსათო ნაწილში შეინიშნება. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის მატება და კლება სასურსათო ხარჯის მატებასა და კლებაზეა დამოკიდებული. თუ ამ უკანასკნელმა მოიმატა, საარსებო მინიმუმიც იზრდება.

საქართველოს გარდა სად ითვლიან საარსებო მინიმუმს?
საარსებო მინიმუმის გამოთვლის საერთაშორისო მეთოდოლოგია არ არსებობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საარსებო მინიმუმს მხოლოდ 7 ქვეყანა ითვლის. საქართველოს გარდა, ეს ქვეყნებია ესტონეთი, ჩეხეთი, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და მოლდოვა. ამ ქვეყნებს თითქმის მსგავსი მეთოდოლოგია აქვთ, განსხვავება შეიძლება იყოს კოეფიციენტებსა და სხვადასხვა მაჩვენებლის გამოყვანის სპეციფიკაში.

იმედინიუსი