თამარ ჩხეიძე – “პუტინს ეგონა, რომ ქართველები მიწების დაკარგვას შევეგუეთ”

თამარ ჩხეიძე - "პუტინს ეგონა, რომ ქართველები მიწების დაკარგვას შევეგუეთ"რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დისდენტსა და დეპუტატს თამარ ჩხეიძეს.
– რამდენად ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლების რეაგირება რუსეთის უმაღლესი პირების განცხადებებსა და მოქმედებებზე?
– საქართველოს ხელისუფლების გამოხმაურებები სრულიად არაადეკვატურია. ავიღოთ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შემთხვევა. ფორმა, რომელიც გაბუნიამ აირჩია თავისი პოზიციის გამოსახატავად, მიუღებელია. ის მოსაწონი არ არის საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, მაგრამ ხელისუფლების რეაქცია ამაზე აბსოლუტურად გაუგებარია. იმდენად გამაოგნებელი, რომ ამან გაბუნიას სიტყვებიც კი დაჩრდილა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაადეკვატურობაში თავის თავს გადააჭარბა. რუსეთისადმი ქვეშევრდომობა და მედიის შევიწროება “ქართულ ოცნებას” ადრეც გამოუმჟღავნებია. ახლა კარგად მოხდა ხელისუფლების ლუსტრირება.
– კერძოდ, რა გამოვლინდა?
– უფრო ნათლად გამოჩნდა დამოკიდებულება როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს, ისე იმ ტელეკომპანიის მიმართ, რომელიც ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. გიორგი გაბუნიას გამონათქვამების გამო ოფიციალური სტრუქტურები დაირაზმნენ და მათ რეაგირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს.
ეს სრული ნონსენსია. ამაზე არც საერთაშორისო საზპგადოებისათვის უნდა მიემართათ და არც თვითონ უნდა მიეღოთ ზომები. თუ ამაზე შეკითხვებს დაუსვამდნენ, მაშინ შეეძლოთ ეთქვათ, რომ არ ეთანხმებიან გამოხატვის ფორმას ან ფორმას და შინაარსს. ხელისუფლებამ ეს არ იკმარა და დაიწყო საზოგადოებაში აზრის გავრცელება იმაზე, რომ რუსეთი გაბუნიას გამოსვლის გამო საქართველოს ომს დაუწყებს.
საუბედუროდ, საზოგადოება, რომელიც ვერ ერკვევა ნიუანსებში, დაშინდა. ამ დროს, ომზე თვითონ რუსეთიდანაც კი არ ყოფილა მინიშნება. ერთ-ერთი პირველი კომენტარი პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა გააკეთა. მან ამ ფაქტს სამარცხვინო უწოდა. მას ომით არავინ დაუშინებია.
დაშინებული ხალხი 8 ივნისს მოვარდა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან, ასევე პარლამენტთან. იმავე დღეს შეიკრიბნენ ხელისუფლების მიერ მობილიზებული ჯგუფები. სწორედ იმ დაძაბულ დღეს, შეუფერებელ დროს მოუნდა მარშის მოწყობა “თბილისი პრაიდს”. ამით გამოაშკარავდა, რომ “თბილისი პრაიდიც” რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რომ არაფერი ვთქვათ მოფაშისტო შავრაზმელებზე. საბედნიეროდ, პუტინმა იმ დღეს ფიასკო განიცადა.
– მხედველობაში გაქვთ ის, რომ ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეები თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ?
– ცხადია. აგრესიული ჯგუფები იმ დღეს რუსთაველზე იმ განზრახვით შეკრიბეს, რომ მათ უნდა ჩაეშალათ ანტისაოკუპაციო აქცია. რუსეთს ეს არ გამოუვიდა.
– როგორ ფიქრობთ, რამ იმოქმედა ამაზე?
– რამდენიმე გარემოებამ. როგორც ჩანს, ეგონათ, რომ მოფაშისტო ჯგუფებთან ზღვა ხალხი დადგებოდა. ხალხი იმაზე ნაკლები შეგროვდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. ვინც იქ იდგა, ის დამუხტული იყო ლგბტ-ღონისძიებების და არა – ანტისაოკუპაციო მიტინგის წინააღმდეგ. ანტისაოკუპაციო მოძრაობას უმძლავრესი მოტივაცია აქვს. მასთან დაპირისპირება შეუძლებელია. ამიტომ, ლგბტ-პრაიდთან მებრძოლები დაიშალნენ და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ისევ დაბრუნდნენ ქალაქის ცენტრში.
– ანტისაოკუპაციო აქცია 21 ივნისის შემდეგ იმართება. იმ ღამის დარბევის გამო პასუხი არავის უგია.
– ეს სისხლიანი ანგარიშსწორება პუტინის საამებლად მოეწყო. როცა დარბევა დაიწყო, იმ მომენტში შეხლა-შემოხლაც კი აღარ მიმდინარეობდა. მიტინგზე მდგარი ადამიანების 90% მშვიდობიანი იყო. სწორედ ამ ხალხს გაუსწორდნენ და თვალები დასთხარეს.
თბილისში არაერთი მიტინგი დარბეულა, მაგრამ მომიტინგეებს გმირთა მოედნამდე არავინ მისდევდა. 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ პრეზიდენტი გადადგა. 9 აპრილის დარბევის შემდეგ პატიაშვილი გუმბარიძით ჩანაცვლდა. 20-21 ივნისის მოვლენების გამო შს მინისტრიც არ გაუთავისუფლებიათ.
– რატომ?
– გახარია რუსეთის კადრია. რუსებს, როგორც წესი, არ უჭირთ, რომ საქართველოში ერთი თავისი კადრი მეორეთი შეცვალონ. ამ ნაბიჯით ახლანდელი ხელისუფლება კრემლს თავის ერთგულებას უმტკიცებს.
– ერთგულება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებშიც იკვეთება?
– რასაკვირველია. პუტინმა ჯერ შეზღუდვები დაგვიწესა, მერე განაცხადა, რომ სხვა სანქციების მომხრე არ არის. ჯერ სიტყვა დამთავრებულიც არ ჰქონდა, რომ თბილისიდან გულაჩვილებული ამაზრზენი მადლობები ისმოდა.
ამაზე მონური დამოკიდებულება წარმოუდგენელია. იმ მომენტში ქედმოხრილმა საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღების მიღმა დატოვა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ჩვენი ისტორიის უხეში გაყალბება.
– ამაზეც ამოიღეს მოგვიანებით ხმა.
– საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი ისტორიის გაყალბებაზე საცოდავი კომენტარები წარმოთქვა. ოფიციალური განცხადებები კი არ გავრცელა და საერთაშორისო საზოგადოება კი არ გააფრთხილა, ხელისუფლებას კითხვები დაუსვეს და მათ გასცა უბადრუკი პასუხები.
– რუსული პროპაგანდა ყოველთვის იმას ამბობდა, რომ აფხაზეთი არასდროს ყოფილა საქართველო. 1919 წლის ოსების გენოციდი, როგორც ჩანს, ახალი ვირუსია.
– პუტინის ლექცია ისტორიაში გამაოგნებელი იყო. თურმე, მე-18 საუკუნეში ყოფილა ჩრდილოეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი. მათ რუსეთთან ყოფნა სდომებიათ, საქართველო კი ფაქტობრივად არ არსებულა. ამ დროს ვიცით, ვინ როდის შექმნა ის ავტონომიური ოლქი. ამ სულელურ იდეოლოგიას თავისი მიზანი აქვს.
– რა ახალი მიზანი ამოძრავებს?
– ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია. საუბედუროდ, ამის ნიშნებს ვხედავ. პუტინი იმას კი აღარ გვედავება, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი ერთეულებიაო. უკვე იმას ამბობს, რომ ეს რუსეთის მიწებია და უნდა მოხდეს მათი ანექსია.
– ამ ფონზე რუსეთისგან დასაცავად ლეიბორისტული პარტიის ლიდერი აყენებს საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსების საკითხს.
– ზოგადად, ჩვენი თავდაცვის სისტემა დასავლეთს, მათ შორის, აშშ-ს უნდა დავუკავშიროთ. კონკრეტულად, რა ფორმით და როდის უნდა მოხდეს ეს, განხილვის და შეთანხმების საგანი უნდა გახდეს.
– მთლიანობაში, საზოგადოებისაგან როგორ განწყობას მოელით?
– ბევრი უარყოფითი მოვლენის გარდა, ბოლო ხანს ერთი ძალიან სასიხარულო მოვლენა მოხდა. ჩემთვის აღმოჩენაა საზოგადოების ახალგაზრდული ნაწილის შემართება და პატრიოტიზმი. პუტინს ეგონა, რომ ქართველები ჩვენი მიწების დაკარგვას შევეგუეთ. ეს მისი ილუზია გამოდგა.
– აქაც ასე ეგონათ.
– ცხადია. გარდა იმისა, რომ გვყავს რუსეთს დაქვემდებარებული ხელისუფლება, საზოგადოებაც პასიურობას იჩენდა. ამიტომ გაჩნდა ნიჰილიზმი. იცვლებოდნენ თაობები. თაობა მარტო მამები და შვილები არ არიან. შუალედებში, ყოველ ხუთ ან ექვს წელიწადში სხვადასხვა თაობა მოდის.
თურმე, გვყოლია ცოცხალი, ენერგიული, ორგანიზებული, ეროვნულად განწყობილი და რუსეთისგან დამოუკიდებელი ახალგაზრდობა. ეს მოქალაქეები პარტიების დაძახილზე არ შეკრებილან. თუმცა, ოპოზიციაც ჯანსაღად იქცეოდა მათ აქციებზე. ისინი თვითონ დადგნენ ქვეყნის ინტერესებისთვის.
ამ ადამიანებს შეუძლიათ სამშობლოს დაცვა. ამის იმედი მაქვს.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა