9 საათიან კურიერს ნინო თოლორდავა წაიყვანს

9 საათიან კურიერს ნინო თოლორდავა წაიყვანსმას შემდეგ, რაც რუსთავი2 კურიერის წამყვანებმა და საინფორმაციო სამსახურის თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა, არხის ახალი მფლობელი, უფრო ზუსტად კი ივანიშვილის გარემოცვა რუსთავი 2–ის ახალი კადრებით დაკომპლექტებაზე მუშაობს. ამოცანა ადვილი არ არის. ყველასათვის ცხადია, რომ ახალ რუსთავი2–ზე მუშაობის დაწყება ივანიშვილის დაქვემდებარებულ მედიაში მუშაობას ნიშნავს. შესაბამისად, ღია სკანდალის ფონზე, როცა არხის თანამშრომელთა ნაწილი ახალმა დირექტორმა გაუშვა, თანამშრომელთა დიდი ნაწილი კი პროტესტის ნიშნად წავიდა, რუსთავი2–ზე მუშაობის დაწყება მიმზიდველი აღარ არის და რეპუტაციულად დიდ დარტყმას ნიშნავს.

გავრცელებული ინფორმაციით ნინო შუბლაძე, რომლის არხზე მისვლა უკვე გადაწყვეტილი იყო, სკანდალის შემდეგ თავს იკავებს. ის მზად იყო არხზე მისასვლელად, თუ სარედაქციო პოლიტიკა ხავერდოვნად შეიცვლებოდა და თანამშრომლების შეცვლაც უხმაუროდ მოხდებოდა. თუმცა სკანდალის შემდეგ მას ღიად სახელისუფლო ცენზორის როლში გამოსვლა არ უნდა.

ბოლო დღეებში ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა 9 საათიანი კურიერის წამყვანის მოსაძებნად და გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია: წამყვანად ნინო თოლორდავა შეარჩიეს. თოლორდავა წლების მანძილზე მაესტროში მუშაობდა. მას შემდეგ კი, რაც მაესტრო სახელისუფლო გავლენის ქვეშ გადავიდა და იმედის ჰოლდინგში გაერთიანდა, თოლორდავა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსად გადაიყვანეს. ის ამ თანამდებობაზე დაახლოებით ორი წელი მუშაობდა.

კურიერის დღის გამოშვებების წამყვანი სავარაუდოდ გვანცა დარასელია იქნება. ის ერთ–ერთია იმ მცირერიცხოვან წამყვანებს შორის, რომლებმაც რუსთავი2–ზე დარჩენა ამჯობინეს და არხი არ დატოვეს.

ინფორმირებული წყაროს ცნობით კურიერი ეთერი უახლოესი ერთი თვე არ გავა. საინფორმაციო სამსახურის ახალი კადრებით დაკომპლექტების გარდა ამ პერიოდს არხის ახალი მფლობელი დიზაინის შესაცვლელადაც გამოიყენებს. ეთერში განახლებული კურიერი სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს გავა.

ნიუსრეპორტი.გე