ანზორ აბრალავა – “ახალი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ჩვენ წინააღმდეგ უკვე მოქმედებს”

ანზორ აბრალავა - "ახალი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ჩვენ წინააღმდეგ უკვე მოქმედებს"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
რა ამოცანას ისახავს კრემლი შიდა ქართლში მიმდინარე ხანგრძლივი აგრესიით? რა დგას საოკუპაციო ხაზის გავლება-გადმოწევისა და ჩვენი მოქალაქეების ცხინვალში გატაცების უკან? ამ საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას.
ანზორ აბრალავა:
– ის, რაც კონფლიქტურ რეგიონთან ხდება, რუსეთის მხრიდან უბრალოდ ზემოქმედება აღარ არის. ეს უფრო ღრმად წასული და შორსმიმავალი საქმეა. ჩვენ ვართ საგანგაშო მოვლენების მოწმეები და მონაწილეები. ხდება ქვეყნის კონფიგურაციის შეცვლა, რასაც ახლავს სრული უმოქმედობა, უსუსურობა და ბედოვლათობა.
– საოკუპაციო ზოლებთან მუდმივად ირღვევა ნორმები. ორ ოკუპირებულ რეგიონში შეინიშნება ანექსიის მცდელობები. თქვენ რა კონფიგურაციაზე საუბრობთ?
– ვსაუბრობ საქართველოს პოლიტიკური რუკის შეცვლის საფრთხეზე და უდიდეს გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ. გამოსავალზე არც ხელისუფლება ფიქრობს, მაგრამ მისი ოპონენტების საქციელი ამაზე უფრო აღმაშფოთებელია.
– ოპოზიციის ქმედებებზე საუბრობთ?
– ოპოზიცია უნდა იყოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და კონსტრუქციული. ოპოზიციამ ისტერიული სპექტაკლები კი არ უნდა დადგას, ღირებული წინადადებები უნდა წარმოადგინოს. დავით ბაქარაძე და ელენე ხოშტარია გაჰკივიან, რომ ხელისუფლება ამ გამყოფ ზოლთან უნდა იდგეს. ჟურნალისტები მშვიდად იღებენ კომენტარებს ამ საკითხებზე და ამით მთავრდება ყველაფერი. ხელისუფლება, პირველი პირების ჩათვლით, იქ რომ დადგეს, ამით რა შეიცვლება?! ასე გადაიჭრება პრობლემები?
– ხელისუფლებას მოუწოდებენ, უფრო აქტიური იყოს საერთაშორისო საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენებაში
– საერთაშორისო საზოგადოებამ ისედაც შესანიშნავად იცის ყველაფერი. ამაზე განცხადებები კეთდება, რაც საკმარისი არ არის. აუცილებელია დიპლომატიის, ასევე სხვაგვარი ძალების ამოქმედება. ჯარით რუსეთს ვერ ვერევით. არსებობს საზოგადოებრივი აქტიურობის მრავალი ფორმა.
ბაქრაძე რომ გუგუტიანთკარში დადგება და იტყვის, რომ ხელისუფლებაც იქ უნდა იდგეს, ეს პრიმიტივიზმია. იმ დროს, როცა საქართველოს სახელმწიფოებრიობა ბეწვზე ჰკიდია, ამათთვის მთავარი მთავრობის იქ დადგომა ყოფილა.
– ამ დღეებში მსოფლიოში აღინიშნება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის 80 წლისთავი. 1939 წლის აგვისტოში ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა გარიგებით გაინაწილეს პოლონეთი, ბალტიის სახელმწიფოები და რუმინეთი. პუტინის ხელისუფლება ამ დოკუმენტს ამართლებს და ცდილობს მის რეაბილიტაციას. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ რუსეთს მსგავსი გარიგება კიდევ უნდა, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით?
– ახალი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ჩვენ წინააღმდეგ უკვე მოქმედებს. ვერ ხედავთ, რომ რუსეთის აგრესიაზე ნორმალურად ხმას არავინ იღებს? საქართველოზე მოსკოვს პასუხს არავინ სთხოვს.
– სხვებმა საფრანგეთის პრეზიდენტიც გააკრიტიკეს პუტინთან შეხვედრის გამო. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიც გრძელდება.
– რუსეთი ევროპის საბჭოში დააბრუნეს. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რუსეთის ძველი პარტნიორები არიან. ისინი რუსეთის მოკავშირეები იყვნენ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში.
– დიდი ბრიტანეთი აშშ-ის მოკავშირეა.
– დიახ, დიდი ბრიტანეთი აშშ-ის საძირკველია, მაგრამ საფრანგეთი და ბრიტანეთი არ შედიან კონფლიქტში კრემლთან. ზოგადად, დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფოები ერთამანეთს ანგარიშს უწევენ. რუსეთს თავის ფედერაციაში და რუსეთის ფარგლებს გარეთ ამ რეგიონშიც ჰყავს წარმონაქმნები და სახელმწიფოები, რომლებსაც ის ეყრდნობა. ჩვენი მდგომარეობა საგანგაშოა. რუსეთის გეგმით, საქართველო უნდა დაიშალოს.
– გამოსავალი?
– აუცილებელია, პირველ რიგში, აქტიური დიპლომატია. რუსეთთან დასალაპარაკებლად გვაქვს მხოლოდ ჟენევის ფორმატი, რომელიც ფორმალური და ქმედუუნაროა. ჟენევის ფორმატი იგივეა, აღელვებულ ადამიანს რომ დამამშვიდებელი აბები მისცე. მკვეთრი პრინციპული ნაბიჯები გვჭირდება. თუ გონზე არ მოვედით, სახელმწიფოს გასვენებას დავესწრებით. ახლა პანაშვიდი გვაქვს.
– მოლაპარაკებებისთვის ახალი ფორმატებია აუცილებელი?
– რასაკვირველია. ამას ახალი საღად მოაზროვნე ძალა თუ შეძლებს, თორემ ახლანდელი პოლიტიკოსები რისი გამკეთებლებიც არიან, გავიგეთ. ქვეყანაში ჩამოყალიბდა სოციალური კასტა, რომელიც პოლიტიკაშია, მაგრამ მარტო საკუთარი ოჯახების ეკონომიკურ ინტერესებს იცავს.