“მდუმარე“ პარლამენტარი იოსებ მაკრახიძის ცოლის კომპანიამ ბიუჯეტიდან 3.1 მლნ. ლარი მიიღო – სავარაუდო კორუფციული სქემით პროკურატურაც დაინტერესდა.
საუბარია“ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატ იოსებ მაკრახიძეზე, რომლის ოჯახის წევრები და ნათესავები ქალაქ გორში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერებში ყველაზე ხშირად იგებენ.
პარლამენტში შესვლამდე, მაკრახიძე გორის მერის თანამდებობას იკავებდა, ამ პერიოდში (2014-2017 წლებში) კი თავისი ცოლისა და ძმის სახელზე არსებული კომპანიებმა, ბიუჯეტიდან 3,5 მლნ ლარი მიიღეს.
„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ფინანსური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პარლამენტარი დღესდღეობით ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდუმარე დეპუტატი. მიუხედავად სრული სიჩუმისა, მაკრახიძესმხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში ანაზღაურების სახით 55 ათას ლარზე მეტი აქვს აღებული.
სავარაუდო კორუფციული სქემა და ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის ეს ქეისი დეტალურად შეისწავლა „ფლანგვის დეტექტორმა“ და „FactChek”-მაც. როგორც გაირკვა:
2014 წლის აგვისტოდან დღემდე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას კატეგორიით – მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები – სულ 77 ტენდერი აქვს გამოცხადებული. აქედან, ორი ტენდერი მიმდინარეა, 16 არ შედგა, შეწყდა ან უარყოფითი შედეგით დასრულდა, 59 მათგანთან კი ხელშეკრულება გაფორმებულია.
აღნიშნულ ტენდერებში უმეტესად იმარჯვებს შპს „შარა“ (12 მოგებული ტენდერი). მას მოსდევს შპს „არქმშენსტუდია2002“ (9 ტენდერი), შემდეგ შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 (7 ტენდერი) და ბოლოს შპს „ვერელი +“ (3 ტენდერი).
შპს „შარას“ 33% გორის მაჟორიტარი დეპუტატის მეუღლეს, ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის. 2014-2017 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ კომპანიას 3.107.114 ლარი ჩაერიცხა.
მაკრახიძეების გვარს უკავშირდება ასევე შპს „არქმშენ სტუდია 2002“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იმავე საჯარო მოხელის ძმა ალექსანდრე მაკრახიძეა. აღნიშნულ ორგანიზაციაში ბიუჯეტიდან 319.267 ლარია გადარიცხული.
აღსანიშნავია, რომ ძმები გასულ წლებში პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა ნუსხაშიც ფიქსირდებიან:
კერძოდ, იოსებ მაკრახიძეს 2012 და 2016 წლებში შემოწირულობის სახით გადარიცხული აქვს 75.000 ლარი (25.000 ლარი ნაციონალური მოძრაობისთვის, 50.000 ქართული ოცნებისთვის). ხოლო, ალექსანდრე მაკრახიძეს კი 2012 წელს გადარიცხული აქვს (ნაციონალური მოძრაობისთვის) – 8.000 ლარი.
რაც შეეხება შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო #1-სა და შპს „ვერელი +“-ს, მათი მფლობელებიც ან მაკრახიძის ნათესავები (ცოლის ძმა) ან ოჯახის ახლობლები არიან.
„მეტასტაზივით არის უკვე კორუფცია მოდებული ქართულ პოლიტიკას, რადგან მსგავსი ფაქტები ძალიან ხშირია. მაკრახიძე იყო გორის მერი და ამ დროს უწყება მისის ცოლისა და ძმის კომპანიასთან ხელშეკრულებას აფორმებდა… ზოგადად ამ ადამიანის ბიოგრაფია მსგავსი ფაქტებით არის ძალიან ხშირი. როგორც მახსოვს, პროკურატურაც დაინტერესდა ამ საქმით, მარგამ არჩევნების წინ რატომღაც შეწყდა გამოძიება. ჩვენ მაინც ვაპირებთ დავუკავშირდეთ პროკურატურას. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ სახელმწიფო ტენდერებიდან თითქმის მესამედი პირდაპირი შესყიდვაზე მოდის და ეს არის შემაძრწუნებელი სტატისტიკა ევროპის ქვეყნებთან შედარებით. მოგეხსენებათ, ამ ნაწილში კორუფციის უდიდესი რისკია“, – განმარტავს „ფლანგვის დეტექტორის“ დამფუძნებელი ზაზა აბაშიძე.
პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უმრავლესობის 16 წევრს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია. ამის შესახებ თავის დროზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წერდა. დეტალები პარლამენტის 2018 წლის მუშაობის შეფასების დოკუმენტშია აღნიშნული. ამ სიაში ერთ-ერთი სწორედ იოსებ მაკრახიძეა.
კომერსანტი