გიორგი ლაღიძე – “იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ან სიბრიყვეა, ან ღალატი”

გიორგი ლაღიძე - "იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ან სიბრიყვეა, ან ღალატი"გულიკო ბალაძე, ახალი თაობა
პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე “ახალი თაობის” კითხვებს პასუხობს.
– 2008 წლის ომიდან 11 წელი გავიდა. რუსეთი აგრძელებს სეპარატიზმის მხარდაჭერას და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ახლაც პუტინი სოჭში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს, ხაჯიმბას შეხვდა. როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს?
– ეს არის ძალიან ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში. ომის შედეგად საქართველომ დამატებით დაკარგა ტერიტორიები, დამატებით წაართვეს 150-ზე მეტი სოფელი და რუსეთის საოკუპაციო ჯარები საქართველოს დედაქალაქიდან 30 კილომეტრში განლაგდნენ.
ომი რუსეთთან 2008 წელს არ დაწყებულა. რუსეთმა გაცილებით ადრე მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია-ანექსია – აფხაზეთში, 90-იან წლებში, ხოლო შიდა ქართლის მთიანეთში – ცოტა უფრო ადრე.
დღეს ძალიან აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ 2008 წლის ომის შედეგად დავკარგეთ ეს ტერიტორია. სამწუხაროდ, აღნიშნულ ტერიტორიებს, ცხადია, ახალგორის გამოკლებით, 2008 წლამდეც ვერ ვაკონტროლებდით.
– დღეს ოკუპირებული ტერიტორიების ნახევარს მაინც ვაკონტროლებდით. მაგალითად, თამარაშენს, ლიახვის ხეობებს, აქეთ კოდორის ხეობას და რუსეთს აღიარებულიც არ ჰქონდა.
– რუსეთს ეს დაგეგმილი ჰქონდა. ქურთას, თამარაშენს, ახალგორს, ლიახვის ხეობებს ვაკონტროლებდით, მაგრამ ომი რუსეთთან 2008 წელს არ დაწყებულა. ვინც აცხადებს, რომ რუსეთთან ომი 2008 წელს დაიწყო, ან ბრიყვია, ან – ქვეყნის მოღალატე. ვისაც საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის რაღაც გაეგება, მან უნდა იცოდეს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ომს არ იწყებენ.
აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს ტერიტორიად აღიარებული ტერიტორიაა. შესაბამისად, ჩვენ აქ ომს ვერ დავიწყებდით. საქართველო იძულებული გახდა, 2008 წელს თავი დაეცვა.
– ანუ რუსეთმა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება იძულებული გახადა, ფართომასშტაბიან ბრძოლაში ჩართულიყო? თუმცა, რამდენად შეიძლებოდა ამის აცილება, ამაზეც შეიძლება მსჯელობა.
– ეს კიდევ ცალკე თემაა. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რამდენად კარგად იყო დაგეგმილი ჩვენი მოსახლეობის გამოყვანა ტერიტორიიდან, საბრძოლო ოპერაცია, ან სამხედრო თვალსაზრისით სხვადასხვა მოქმედებების განხორციელება, მაგრამ, საერთო ჯამში, ომის დაწყების ინიციატორი რუსეთია.
ჩვენ მივიღეთ კატასტროფული შედეგები. რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუსეთის პირსისხლიანი იმპერია გვებრძვის. მას არ სურს დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა. ამიტომაც საკუთარი ტერიტორიებიდან გვყავს 500 ათასზე მეტი დევნილი, დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტი და, სამწუხაროდ, მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება.
ამ პროცესში უძლური აღმოჩნდა, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობაც. 2008 წლის ომის შემდგომ რუსეთმა საერთაშორისო თანამეგობრობისგან ღირსეული პასუხი ვერ მიიღო, თორემ ის მცოცავ ოკიუპაციას არ გააგრძელებდა.
– აფხაზეთიდან 300 ათასი დევნილი გვყავს, სადაც მოეწყო გენოციდი და ეთნოწმენდა, რაც ლისაბონის სამიტმაც აღიარა. ცხინვალის რეგიონიდან იმ დროს გვყავდა 40 ათასი დევნილი. რატომ ვერ მოხერხდა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება?
– სამწუხაროდ, რუსეთის აგრესიაზე საერთაშორისო თანამეგობრობას დაგვიანებული რეაქცია ჰქონდა. დაგვიანებული რეაქცია იყო საქართველოს ოკუპაციაზე და მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები. შემდეგ ამით გათამამებულმა რუსეთმა მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და პირდაპირ რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა, ხოლო კიდევ ორ რეგიონზე კონტროლს ახორციელებს, ორი სეპარატისტული რეგიონი არსებობს უკრაინის ტერიტორიაზე.
2008 წელს რუსეთს ღირსეული პასუხი რომ ვერ გაეცა, უკრაინაში განვითარებული მოვლენები სწორედ ამით იყო განპირობებული.
საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა დღესაც გრძელდება. ეს შეიძლება არ იყოს პირდაპირი მნიშვნელობით საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ ეკონომიკური სანქციები ქართულ სახელმწიფოზე პირდაპირი დარტყმაა.
რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ დღესაც მუდმივი პროვოკაციები ხორციელდება. ჩვენდა სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ორადაა გახლეჩილი, მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის. რუსეთთან საინფორმაციო ომს ვაგებთ.
დღეს ჩვენს ქვეყანაში სოკოებივითაა ამოზრდილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ატარებენ რუსულ ინტერესებს. მათ შორისაა მედიასაშუალებებიც, რაც პირდაპირ ურტყამს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
– 2008 წელს, როდესაც რუსეთს ჯარი უკვე შემოყვანილი ჰყავდა და ბრძოლაც დაწყებული ჰქონდა, რუსეთმა საქართველოს გაეროში ჩვენს ხელისუფლებას ჩივილი დაასწრო. ამის გამო ხომ არ იყო საერთაშორისო თანამეგობრობის დაგვიანებული რეაქციაც?
– რუსეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყანა. შესაბამისად, მას საერთაშორისო არენაზე, ჩვენდა სამწუხაროდ, უფრო მეტი ბერკეტები აქვს და იმ ბერკეტებს წარმატებით იყენებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ფაქტი. რამდენად კარგად იმუშავა ჩვენმა დიპლომატიამ, ეს ცალკე საკითხია.
თუმცა, 2012 წლის შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი იქნა საქართველოს პრეზიდენტად არჩეული, ამ თვალსაზრისით სამარცხვინო ვითარება გვაქვს. დღეს მაღალი ტრიბუნებიდან შეფარულად ისმის განცხადებები, რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ. ეს ან დიდი პოლიტიკური სიბრიყვეა, ან უფრო დიდი დანაშაულთან გვაქვს საქმე.
როდესაც საკუთარ სახელმწიფოს საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში ადანაშაულებ, ალბათ, ამას ქართველმა ხალხმა შეფასება უნდა მისცეს.
– აგვისტოს ომის შესახებ ტალიავინის კომისიაც თავის დასკვნას პირდაპირ ამით იწყებს და ამბობს, რომ ამიტომ გადაიზარდა ბრძოლები ფართომასშტაბიან ომში.
– ტალიავინის კომისიის დასკვნაში წერია, რომ სეპარატისტების მხრიდან მუდმივად ხდებოდა პროვოკაციები საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა, მსხვილმაშტაბიანი, მსხვილი კალიბრის იარაღიდან პირველმა საქართველომ დაიწყო სროლა.
– ცხადია, საუბარია მსხვილმასშტაბიანი ბრძოლის დაწყებაზე, თორემ სეპარატისტები განსაკუთრებით 1 აგვისტოდან მოყოლებული ქართულ სოფლებს ინტენსიურად ესროდნენ და პროვოკაციებს აწყობდნენ.
– დიახ, როდესაც მასობრივი შემოჭრა დაიწყო, მაშინ საქართველო იძულებული გახდა, მათთვის პასუხი გაეცა. რუსეთის მხრიდან მასობრივი, ტოტალური შემოჭრა დაიწყო. როკის გვირაბთან რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები იყვნენ განლაგებული, რაც საქართველოს შესაბამის სამსახურებს გამორჩათ, თუ რატომ ვერ მოახდინეს რეაგირება, გაუგებარია.
– რუსეთის მხრიდან შემოჭრა და შემოტევა რომ იყო, ცხადია. ამიტომ სულ მაინტერესებდა, ტალიავინის კომისია რატომ ვერ დაარწმუნა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ.
– მე ამ საკითხს ასე შევხედავდი – ტალიავინის კომისიის დასკვნა არის სქელტანიანი ნაშრომი. ჩვენ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით კი არ უნდა ვილაპარაკოთ. დასკვნა, საერთო ჯამში, უნდა გავაანალიზოთ, რამ გამოიწვია ომი და როგორი იყო შედეგი. ვინ წააქეზა საქართველოს ძირძველ, ქართულ ტერიტორიაზე სეპარატისტული მოძრაობები, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაპირისპირებოდნენ არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ შევარდნაძის დროს და უფრო ადრეც, ჯერ კიდევ დამოუკიდებელი საქართველო ჩანასახში რომ იყო, ზვიად გამსახურდიას დროს. მოგეხსენებათ, მაშინ დაიწყო ცხინვალის რეგიონის პრობლემა.
– ტალიავინის დასკვნაში სწორედ გამსახურდიაა გამტყუნებული და მას აბრალებენ კონფლიქტის დაწყებას. ამ დასკვნაში ბევრი რამ არის უარყოფითი და საქართველოს საწინააღმდეგო, მხოლოდ შეტევის დაწყება კი არა. კითხვაა დასმული, იყო თუ არა საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი სწორი და პასუხიც არის გაცემული, არაო. ამიტომ, ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ ტალიავინის კომისიასთან კარგად ვერ იმუშავა. იქ რუსეთის გამართლების მცდელობაა.
– ჰააგის სამხედრო პროკურორი აგვისტოს ომის გარემოებებს დღემდე იძიებს. თუმცა, ჯერ კონკრეტული მხარე გამტყუნებული არ არის, დასკვნა ჯერ არ დაწერილა.
– გამოძიება უკვე სხვა საქმეა.
– ჩვენ ინტერპრეტაცია კი არ უნდა მოვახდინოთ, არამედ უნდა ვისაუბროთ ფაქტებზე, როგორც ამ ქვეყნის მაცხოვრებლებმა. კი ბატონო, შეიძლება ჩვენმა დიპლომატიამ კარგად ვერ იმუშავა. თუმცა, მოცემულობა ისაა, რომ ჩვენმა ხალხმა რუსული აგრესია გამოსცადა. მათ სახლები გადაუწვეს, საკუთარი სახლებიდან გამოყარეს, დახოცეს, ოჯახის წევრები დაუხოცეს. ეს ყველაფერი რუსეთმა გააკეთა.
ჩვენ ვართ ის ერი, რომელმაც რუსული აგრესია თავის თავზე გამოსცადა. ფაქტობრივად, გენოციდის პირას მყოფი ერი ვართ. დღეს საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, აგრესიის მსხვერპლია. ამ აგრესიას ესაჭიროება შეჩერება. ამიტომ რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ცინიზმის უმაღლესი გამოხატულებაა 20-იან წლებში ჩვენი მხრიდან ვითომდა გენოციდის განხორციელებაზე ლაპარაკი, რაც არის აბსურდი.
აფხაზეთის მხარეში რუსების მიერ წაქეზებული სეპარატისტები ქართველებს თავებს აჭრიდნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ, რაც არ არის გამოძიებული, დამნაშავე პირები არ არიან დასჯილი. ქართველი ხალხის გენოციდში დადანაშაულებული არ არის არც რუსეთის ხელისუფლება და არც – სეპარატისტები. ამიტომ აქეთ უსაფუძვლოდ გვდებენ ბრალს.
ხომ არ დადგა დრო, ქართველი ერი გონს მოეგოს. ჩვენ ერთმანეთს კი არ უნდა ვეკინკლაოთ, არამედ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, რომ გაირკვეს, ვინ არის ქვეყნის მტერი, ვინ – მოყვარე და ვის უნდა ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გაყვანა.
ერთიანობა თუ გვექნება, საქართველო ოკუპაციასაც დაძლევს. დეოკუპაციაც მოხდება და დემოკრატიულ სახელმწიფოსაც ავაშენებთ. თუ ჩვენს თავს დავადანაშაულებთ იმაში, რომ ქართულმა ჯარმა იძულებით გადაწყვიტა, შემოჭრილი მტრისთვის პასუხი გაეცა, მაშინ ჩვენ ეს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს.