რამაზ საყვარელიძე – “ერთკაციან პარტიებს ოქროს ფასი დაედება”

რამაზ საყვარელიძე - "ერთკაციან პარტიებს ოქროს ფასი დაედება”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, “ქართულ ოცნებას” საარჩევნო კოდექსის ცვლილება რას აძლევს ხელს? ივანიშვილი შეგნებულად მიდის ძალაუფლების გადანაწილებაზე?
– არაფერი არ არის გამორიცხული. არსებული საარჩევნო მოდელის ცვლილება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ნულოვანი ბარიერით იძლევა იმ შესაძლებლობას, რასაც თქვენ ბრძანებთ.
ამ საკანონმდებლო ცვლილებით თანაბარი ბრძოლის შესაძლებლობა ჩნდება. თანაბარი პირობები ეძლევა ყველას, ვისაც შეუძლია, 0.67 % აიღოს. ის მოხვდება პარლამენტში. დაახლოებით 15 ათას ხმაზეა საუბარი.
– მთელი აქცენტი პატარ-პატარა პარტიებზე კეთდება, მათი დაფინანსებაც იზრდება. ეს არის მხოლოდ პატარა პარტიების წახალისება თუ სხვა რამეც არის აქ ჩადებული?
– ერთიც და მეორეც. ბევრი პატარა პარტიის მიზანიც ხომ მხოლოდ დაფინანსების მიღებაა და ტივტივი. მიიღებს დაფინანსებას და ასე იქნება წლიდან წლამდე. მათი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლა და პასუხისმგებლობის აღება ხომ არ არის. ეს გათვლაც არის.
– საარჩევნო ბლოკების აკრძალვას ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს. გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ბლოკების აკრძალვით ხელისუფლება გაერთიანებულ ოპოზიციას დაუპირისპირდა. შეიძლება ეს აკრძალვა გაერთიანებული ოპოზიციის დაშლისკენ არის მიმართული?
– შეიძლება სწორედ აქეთკენაც არის მიმართული ეს აკრძალვა, მაგრამ ამაში დასაძრახისი და გაუგონარი რა არის?! პოლიტიკური ბრძოლაა და ამ ბრძოლაშია შესული ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციით და “ქართული ოცნებაც”. ერთ მოწინააღმდეგეს მეორის დამარცხება და დაშლა რომ უნდოდეს, ეს გაუგებარი და მიუღებელი რატომ არის?! პოლიტიკა ხომ სიყვარულის ხელოვნება არ არის. ბრძოლაა და ვინც ამ ბრძოლას მოიგებს, გამარჯვებულიც ის არის. მთავარია, საერთაშორისოდ აღიარებული წესები არ დაირღვეს.
– ვრცელდება ხმები, რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები იქნებიან და შემდეგ მოებმება პარტიული სია. ეს ნაციონალებში დაძაბავს ურთიერთობას?
– მე არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები იყვნენ ნაციონალების სიაში წარმოდგენილები და ეს დაძაბავს ვითრებას, რადგან სხვა ნაციონალები უკან გადაიწევიან, მაგრამ ეს ლიდერები თავიანთ პარტიებს დასჭირდებათ, მათ გარეშე ხომ ეს პარტიები არაფერს არ წარმოადგენენ?! ერთი სიტყვით, ეს უფრო მათი შიდა სამუშაოა, მათი შიდა სამზარეულოა და როგორ გადაწყვეტენ, მათი საქმეა.
– როგორ იქნება “ქართული ოცნების” პოლიტიკური სვლა, ვისთან შეკრავს კოალიციას, თუ ეს გახდა საჭირო?
– ძალიან რთული სათქმელია, რადგან ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება არითმეტიკა. ხშირად ამბობენ, რომ ივანიშვილი პატარ-პატარა პარტიებს გაურიგდება და მათთან შექმნის კოალიციას, რეალურად კი თავად იქნება ყველაფერი, მაგრამ სად არიან ეს სატელიტები?! მეორე მხარემ ხომ არ იზრუნა უკვე ამაზე?!
– ვის გულისხმობთ?
– ნაციონალურ მოძრაობას. ამაზე უკვე იზრუნა ნაციონალურმა მოძრაობამ, “ქართულმა ოცნებამ” კი არაფერი არ გააკეთა.
– “პატრიოტთა ალიანსი”?
– “პატრიოტთა ალიანსს” თავისი გზა აქვს. საკმაოდ ბევრ ხმას აიღებს. თუ “ქართული ოცნება” “პატრიოტთა ალიანსთან” შეკრავს კოალიციას, მაშინ გასაგებია, თუმცა, მაინც მერწმუნეთ, გადამწყვეტი როლი არითმეტიკას ექნება.
– ნაციონალური მოძრაობა და “ევროპული საქართველო” თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან? ამბობენ, “ოცნებასთან” კოალიციაში არ შევალთო.
– პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილები, კაბინეტში შევლენ თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია.
ამ შემთხვევაში მართლაც გადამწყვეტი იქნებიან ის თითოკაციანი პარტიები, რომლებიც შევლენ პარლამენტში. ისინი საითაც გადაიხრებიან, ეს იქნება გადამწყვეტი. სწორედ მათ დაედებათ ოქროს ფასი.
– მაინც აუხსნელია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა, ბევრად უფრო გარანტირებული ხომ ჰქონდა ხელისუფლებაში დარჩენა?
– მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს: ერთი, რაც გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ნაციონალების ოპოზიციური ერთობა დაეშალა. მეორე, ქუჩის დუღილი პარლამენტში გადაიტანოს. თავის დროზე შევარდნაძემ ქუჩიდან პოლიტიკა პარლამენტის კედლებში გადაიტანა და ამან გაამართლა. ეს იყო სწორი პოლიტიკური სვლა, რადგან, მაშინ, პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა მიტინგს მართავდა. თუ გახსოვთ, ზვიად გამსახურდიასაც საინფორმაციო მიტინგები ჰქონდა.
– ამბობენ, ძალიან ჭრელი იყო იმელის პარლამენტი.
– დიახ, მე წევრი გახლდით და მახსოვს, მართლაც როგორ იყვნენ წარმოდგენილები პარლამენტში ორკაციანი პარტიები. ერთმანეთისგან სრულიად, რადიკალურად განსხვავებული ადამიანები, პარტიებზე რომ აღარაფერი ვთქვა.
საოცრად ჭრელი იყო. ზოგი დეპუტატი მღეროდა, ზოგიც ცეკვავდა. ლექსები მომდევნო მოწვევის პარლამენტშიც უხვად იყო.

სიმართლე გითხრათ, ვუყურებდი ამ საოცრებას და მიკვირდა, მაგრამ ეს შეძლო შევარდნაძემ. იმ პარლამენტმა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კონსტიტუცია მიიღო, მაგრამ ამ ყველაფერს შევარდნაძე მართავდა.
მე მეეჭვება, რომ დღეს ეს შეძლონ ამათ. ამისთვის მაღალი პოლიტიკური კლასია საჭირო. მაღალი პოლიტიკური კულტურა.