რამაზ საყვარელიძე – “გამსახურდიას დროს მედია მთლიანად ხელისუფლების იყო, მაგრამ არჩევნები ზვიადმა მოიგო”

რამაზ საყვარელიძე - "გამსახურდიას დროს მედია მთლიანად ხელისუფლების იყო, მაგრამ არჩევნები ზვიადმა მოიგო"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში ბოლო დრო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, ტელევიზიების ირგვლივ მიმდინარე პროცესებს რას უკავშირებთ?
– რუსთავი 2-ის დავალიანება გუშინდელი ფაქტი არ არის, დიდი ხნის ისტორია აქვს. ანალოგიურად დავალიანება აქვთ იმედს, მაესტროს. ეს არის დამოკიდებულება, როდესაც სახელმწიფო, როგორც ბიზნესს, ისე არ უდგება ტელევიზიებს და თავის წილს არ ითხოვს. გამოიძებნა ასეთი ფორმა – ვალად უტოვებს.
რუსთავი 2-თან დაკავშირებით ალბათ კითხვა ჩნდება, მაინცდამაინც რატომ დღეს?
ერთი მხრივ, ამას ხელი შეუწყო სტრასბურის გადაწყვეტილებამ.
მეორე: რუსთავი 2 ნაციონალური მოძრაობის ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა და მისი იარაღი გახდა. თუ არჩევნები პოლიტიკური ბრძოლაა, მაშინ გასაკვირი არ უნდა იყოს, მთავარი ოპონენტის განიარაღება რომ უნდოდეს მეორე მხარეს. ისევე როგორც, თავის დროზე ნაციონალურმა მოძრობამ განაიარაღა ოპოზიცია. რატომ შეიჭრა ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა ტელეკომპანია იმედში, სხვა მიზეზი ხომ არ ყოფილა?!
– წინა ხელისუფლებას უფრო კარგადაც ჰქონდა დალაგებული ტელევიზიებთან ურთიერთობა, მაგრამ არჩევნები წააგო. კი შეიჭრა იმედში, მაგრამ ამან უშველა?
– აბსოლუტურად გეთანხმებით! ამ ბრძოლაში ტელევიზია გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის პერიოდში მთელი მედია საბჭოთა ხელისუფლების ხელში იყო, მაგრამ ხეებზე გაკრული პროკლამაციებით მოახერხა გამსახურდიამ არჩევების მოგება.
ივანიშვილს სატელევიზიო თეფშები დაუყადაღეს, მაგრამ მაინც მოიგო არჩევნები. გადამწყვეტი ფაქტორი სულ სხვა რაღაც იყო.
ხომ გახსოვთ, 2012 წელს არჩევნებზე როგორ მიდიოდა ხალხი. სახლში არავინ დარჩენილა, როგორი რიგები იდგა საარჩევნო ურნებთან. მითხარით, აქ რა ფაქტორი და გავლენა ჰქონდა ტელევიზიას?! არავითარი! ადამიანებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება და მორჩა.
ამიტომ, ასეთი თავგანწირული ბრძოლა ტელევიზიის გარშემო შეიძლება ღიმილის მომგვრელიც კი იყოს. მით უფრო, როდესაც ინტერნეტი არსებობს.
– ხელისუფლების შიგნით არის გაურკვევლობა ხომ არ არის?
– ამ ხელისუფლების შიგნით ერთგვარი გაურკვევლობა, დაძაბულობა ყოველთვის იყო. ისეთი დალაგებულობა, როგორიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში იყო, ამ შემთხვევაში არ გვაქვს და ეს გასაგებიც არის. ავტორიტარული მმართველობა ყოველთვის უფრო დალაგებულია.
“ქართულ ოცნებას” ხშირად ის პოლიტიკური ინსტრუმენტიც არ აქვს, რასაც პიარი ჰქვია. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ხელისუფლებას დამაჯერებლობა აკლია.
20 ივნისის მოვლენების დროს მოსახლეობამ საკუთარი თვალით ნახა, პოლიციელებზე როგორი შეტევა იყო, ასევე მოისმინა მოწოდება პარლამენტში შესვლის შესახებ, მაგრამ პიარულად მოიგო კი ეს დაპირისპირება ოპოზიციასთან?! რამდენი დრო გავიდა და დამაჯერებელი, სერიოზული არგუმენტები ვერ წარმოადგინა ხელისუფლებამ, არადა, სრულიად თავისუფლად შეიძლებოდა, ბევრად უფრო არგუმენტირებული ყოფილიყო.
– პიარულად აგებს ოპოზიციასთან?
– ზოგადად აგებს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ოპოზიციასთან აგებს. ხალხს, ამომრჩეველს ვერ არწმუნებს და ამაშია მისი პრობლემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მით უფრო, 21-ე საუკუნის პოლიტიკისთვის.
– რა არის ამის მიზეზი?
– დაბალი კვალიფიკაცია და არაპროფესიონალიზმი. ხელისუფლებას უნიათობის იმიჯი აქვს არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ საზოგადოების თვალშიც. ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ იმიჯის შესაცვლელად.
სწორედ ამ იმიჯზე გადის მისი წაგება-მოგების ამბავი. ეს თუ არ გააცნობიერა “ქართულმა ოცნებამ”, ძალიან რთული იქნება. ადამიანებს ძლიერი უყვართ, სუსტი ზოგჯერ თანაგრძნობასაც კი არ იწვევს. ასეთია ადამიანის ბუნება.
ქუჩაში ადამიანები უკვე ღიად საუბრობენ, კი, ცუდი იყო ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ საქმეს აკეთებდაო.
– სამთავრობო ცვლილებები შეიძლება ამ პიარის ნაწილიც იყოს, რომ გზავნილი იყოს ამომრჩევლისადმი, რომ ის რაღაცას ცვლის პოლიტიკაში?
– დიახ, პოზიტიური გზავნილია. ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა გაუგზავნოს გზავნილები თავის ამომრჩეველს და არა მხოლოდ არჩევნების წინ. თუმცა, ვერ გეტყვით, სტრატეგიულად რამდენად სწორია ახლა სამთავრობო ცვლილებები.
– რატომ?
– დღეს შეცვლილი მინისტრი ერთწლიანი მინისტრია. რა უნდა მოასწროს ამ ერთ წელიწადში?! ამიტომ, წონიანი ფიგურა, რომელიც თავის ავტორიტეტს უფრთხილდება, ერთწლიან მინისტრობას არ დათანხმდება.
ამიტომ, პიარის თვალსაზრისთ, ეს შეიძლება ისეთი ეფექტურიც არ იყოს, როგორი გათვლაცაა.