რომა რცხილაძე – “ჩემი შვილები 30 წელია, ათენში ცხოვრობენ… სპილო სოსო ებრალიძემ დამარქვა”

მეტსახელი “სპილო” მუსიკოსმა სოსო ებრალიძემ დაარქვა, ხოლო საკუთარი სახელი – რომანი, მშობლებმა. ნათლია ჰყავდა ბატონი ლადო (მამის კოლეგა), ძალიან კარგი ადამიანი და იურისტი, რომელიც სამწუხაროდ გარდაცვლილია. რომან რცხილაძე თავისი სახელის წარმომავლობაზე საუბრობს: “ეს არის ძველი ბერძნული სახელი – რომანოზ ტკბილად მოუბარი. ანგელოზი იყო. მგონი, გაამართლა, არა? (იცინის).

– როგორც ვიცი, უმცროსი ძმა ხანდახან ეშმაკობით “გჩაგრავდათ”, თქვენ არ აპროტესტებდით?
– არასწორი ინფორმაციაა, ჩვენ ფანტასტიკური ძმობა გვაქვს. ყველა და-ძმა კინკლაობს ბავშვობაში. ბევრ რამეს ვპატიობდი, რადგან ჩემზე პატარა იყო. თუმცა, ისეთს არაფერს აშავებდა.
– ფიზიკურად ძლიერი იყავით, სპორტის რომელ სახეობაზე დადიოდით?
– ძველი კალათბურთელი ვარ, ახალმისულს უფროსი თაობიდან მიშა ქორქია დამხვდა, სპორტში იმ თაობამ გამზარდა. 15 წლამდე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და დინამოს ახალგაზრდულ გუნდში არაერთხელ მითამაშია. დიდი პერსპექტივები მქონდა, მაგრამ არჩევანის დრო რომ დადგა – კალათბურთი თუ მუსიკა, ეს გზა ავირჩიე.
– ფილმში “ჭიდაობას რა უნდა?!” ბიატორია კარანაკის როლი მშვენივრად მოირგეთ, სპორტის ამ სახეობაში გამოცდილება გქონდათ?
– არავითარი შეხება არ მქონია ჭიდაობასთან. ფილმში ჩემ გარდა, ყველა მოჭიდავეა. უბრალოდ, რეჟისორი მიშა ჭიაურელი (უმცროსი) ჩვენი ახლობელია და ვმეგობრობთ. როლზე დავთანხმდი იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი ჯგუფი იყო. რაც მთავარია, ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესის პარტნიორი ვიყავი. ეს იყო ჩემთვის ენით აღუწერელი სიხარული. ამ ფილმის შემდეგ, გიორგი შენგელაიამ მთელი ჯგუფი წაგვიყვანა თავის ფილმში – “ხარება და გოგია”, იქ მეც უნდა მეთამაშა. სახლში დღესაც მაქვს ფილმის სცენარი.

– ვისი როლი უნდა გეთამაშათ?
– არ მისულა საქმე მანდამდე, ვინაიდან იმ პერიოდს დაემთხვა ჩემი გასტროლები და ფილმში ვეღარ მივიღე მონაწილეობა. ძალიან საწყენია, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა, გადაღებების განრიგში ვერ ჩავჯდებოდი.
– საკმაოდ ბევრ ფილმში მონაწილეობთ. ალბათ, ახლაც არ იტყვით უარს შემოთავაზებაზე.
– 25-ზე მეტ ფილმში ვმონაწილეობ. ახლახან ორ ფილმში გადამიღეს, ცოტა ხნის წინ დამთავრდა ერთ-ერთის გადაღება. ფილმების სახელების თქმის უფლება არა მაქვს. გეტყვით, რომ ორივე ნამუშევარი ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს ეკუთვნის. კარგად მახსენდება ზაზა კოლელიშვილის ფილმის – “ქუთაისელი ბაბუას” გადაღებები, რომლის 80% ათენში გადაიღეს. ჩემი შვილები ხომ იქ ცხოვრობენ, უკვე 30 წელზე მეტია. ჯერ მარტო, ამ მიზეზის გამო იყო შესანიშნავი დრო. ისინი კარგა ხანს არ მყავდა ნანახი და ერთად ვიყავით. ფილმი ერთ ამოსუნთქვაზე გადავიღეთ. ბაბუის როლს ჯაპანა (დავით ხურცილავა) ასრულებდა.
– არა ერთი ფილმის კომპოზიტორი ხართ. გიყვართ კინომუსიკაზე მუშაობა? 
– შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შემოქმედების 100%, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა. ჩემი აზრით, მუსიკის წერის დროს ერთგვარად ფილმის ეგზოტიკაში ვარ ანუ ფილმად ვფიქრობ ჩემს მუსიკას.
– ფილმში “ყვითელი ჩიტი” გიული ჩოხელია მთავარ როლში, როგორ გაიხსენებთ მასთან მუშაობას?
– ქალბატონი გიული კარგი გაგებით, რთული პიროვნება იყო. ის საკმაოდ ერუდირებული და არაორდინარული ადამიანი გახლდათ, მით უმეტეს, ურთიერთობაში, მაგრამ ჩვენ ვმეგობრობდით. მისი შვილი დიანა რიჩკოვა და მე კონსერვატორიიდან ვიცნობდით ერთმანეთს და მეგობრები ვიყავით. ასე რომ, ქალბატონ გიულისთან სხვა ურთიერთობა მქონდა, ბავშვობიდან მოყოლებული. სამწუხაროდ, მას ერთადერთი შვილი ნაადრევად გარდაეცვალა. ამ ფილმში მომღერალმა თავად გამოთქვა სურვილი, რომ კომპოზიტორი მე ვყოფილიყავი. გამიხარდება, მუსიკას შენ თუ გააკეთებო, მითხრა და ასეც მოხდა.

– მხოლოდ ორი ალბომი გამოუშვით, რატომ?
– შეგნებულად არ გამოვუშვი, თან დრო იყო ისეთი, ვერც მოხერხდებოდა. თუმცა დამიჯერეთ, 10-15 ალბომის რეპერტუარი მაქვს გამოუქვეყნებელი. ისინი აუცილებლად ნახავენ დღის სინათლეს.
– უცხოეთში ფესტივალებისა და გასტროლების შემდეგ, როგორი ემოციებით ბრუნდებით ხოლმე?
– ემოცია ერთია – სამწუხაროდ, ჩემს მუსიკას იქ უფრო უსმენენ და აფასებენ. კი, აქაც უსმენს ხალხი, რაც ძალიან მიხარია, მაგრამ ჩემი მუსიკა აქ არაკომერციულად ითვლება, მასისთვის ცოტა რთული აღსაქმელია. ვთვლი, რომ ჩემს მუსიკას ეროვნება, ასაკი და რელიგია არ გააჩნია.
– უფროსი თაობის კომპოზიტორებთან რა ურთიერთობა გაქვთ, ხშირად ხვდებით ერთმანეთს? 
– ჩვენი კომპოზიტორების ჩემ მიმართ დამოკიდებულებით მივხვდი, რომ მათთვის ერთგვარი კონკურენტი აღმოვჩნდი. ვერ გეტყვით, რომ ისინი მოწადინებული არიან ჩემთან ურთიერთობით, მაგრამ შეხვედრები გვაქვს, იქნება ეს ბანკეტები თუ ე.წ. ტუსოვკები და მათგან ხშირად პატივისცემა და სითბო მიგრძვნია. ქართულ სივრცეში ყველაზე მეტად ახლობელი ადამიანი ჩემთვის იყო ბატონი ბიძინა კვერნაძე. ის ჩემს სულში მუდმივად ბინადრობს.

– მისი იუმორიდან რამე გაიხსენეთ.
– უჰ, ეს ცალკე სტატიის თემაა… ჩემზე სულ ამას ამბობდა: სპილო გამოდის სცენაზე და ელოდეთ ცუნამსო (იცინის).
– მომავლის გეგმებზე გვითხარით. 
– ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. ამ ეტაპზე ჩემს მეგობრებს დავუბრუნდი – ეს არის არა მარტო ჩვენთან, მსოფლიოში ცნობილი დიდი პიროვნების, ბატონი ამირან შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი. ამ თეატრში ჩემს ბენდთან ერთად ვარ. დიდი გეგმები გვაქვს შალიკაშვილებთან ერთად. გარდა ამისა, ვზრდი ახალ თაობას, ჩემი აღზრდილები მთელ მსოფლიოში წარმატებულები არიან.
– კონკრეტულად ვინ არიან?
– პიარისთვის არ მითქვამს, დიდი სიაა… თუნდაც, დრამერი გიორგი კაპანაძე, რომელიც ახლა ჯულიარდის სკოლაში უგამოცდოდ ჩაირიცხა. მის აღზრდაში მეც ვმონაწილეობდი. სულ ვცდილობ და მინდა, ახალგაზრდები ჩემზე უკეთესები იყვნენ, ეს მახარებს.

გზა

დატოვეთ თქვენი კომენტარი