არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკთან 8 აგვისტოს მომხდარი ავარიის შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ადგილას განთავსებულმა სადგურებმა, რომლებიც რადიაციული ფონის მონიტორინგს ეწევიან, მონაცემების გამოქვეყნება თანმიმდევრულად შეწყვიტეს ან შეაფერხეს.
13 აგვისტოს გამოირთო სადგურები ბილიბინოსა და ზალესოვოში, მოგვიანებით ბილიბინოს და პელედუეს (იაკუტია) სადგურებმა მონაცემების გამოქვეყნება განაახლეს. მონაცემების გამოქვეყნება ინციდენტიდან ორ დღეში შეწყვიტეს კიროვის და დუბნას (მოსკოვის შემოგარენი) სადგურებმა. 20 აგვისტოს მონაცემების გამოქვეყნება შეაჩერეს ჩუკოტკაში და ალტაიში მდებარე სადგურებმა. ამ სადგურებიდან ზოგი შედარებით ახლოს არის აფეთქების ადგილთან, ზოგი საკმაოდ შორს.
ბირთვული გამოცდების საყოველთაო აკრძალვის ხელშეკრულების ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ლასინა ზერბომ განაცხადა, რომ ის და მისი თანამშრომლები უკავშირდებიან რუს კოლეგებს და შეფერხებული მუშაობის სწრაფად აღდგენას სთხოვენ. მანვე ორშაბათს რადიაციული ღრუბელის შესაძლო გავრცელების ინტერაქტიული რუკა გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ რუსეთი მონაცემების დამალვას ცდილობს.
რუსეთის თავდაპირველი განმარტებით, სადგურების მუშაობა არ შეფერხებულა, მაგრამ პრობლემები იყო ინტერნეტ კავშირთან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა კი განაცხადა, რომ რადიაციული მონიტორინგის მონაცემების გასაჯაროება ვალდებულება არ არის და ამას ყველა სახელმწიფო საკუთარი სურვილით აკეთებს.
რიაბკოვმა დასძინა, რომ ბირთვული გამოცდების საყოველთაო აკრძალვის ხელშეკრულების ორგანიზაციის დროებით ტექნიკურ სამდივნოსთან ამ ინციდენტს კავშირი არ უნდა ჰქონდეს.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რადიაციის მონიტორინგის სადგურების მუშაობა კრემლის კომპეტენციაში არ შედის, ლასინა ზერბოს გამოქვეყნებულ ინტერაქტიულ რუკას კი „საკმარისად აბსურდული“ უწოდა.
ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
იპნ
რუსეთში 8 აგვისტოს ბირთვული კატასტროფა მოხდა? – რა აფეთქდა არხანგელსკის რაკეტების პოლიგონზე

