სახელმწიფო საპენსიო სისტემა 42 ათასამდე საჯარო მოხელემ დატოვა

სახელმწიფო საპენსიო სისტემა 42 ათასამდე საჯარო მოხელემ დატოვასაქართველოს საპენსიო სააგენტომ ევროპული საქართველოს წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გაგზავნილ სადეპუტატო კითხვას წერილობით უპასუხა. ოფიციალური პასუხის მიხედვით, საპენსიო სისტემა ნებაყოფლობით 41,805-მა საჯარო მოხელემ დატოვა. კერძო სექტორიდან კი დაგროვებითი სისტემიდან 107,137 ადამიანი გავიდა.

ჯამურად საპენსიო სისტემა 148,942 მონაწილემ დატოვა. ეს არიან ის ადამიანები, რომელთა ასაკიც 40 წელზე მეტია და რომლებიც ხელფასს ოფიციალური კონტრაქტების საფუძველზე იღებენ. საპენსიო სააგენტოს წერილიდან ირკვევა ისიც, რომ 215,331 მოქალაქეს სისტემის დატოვების უფლება გაუუქმდა, რადგანაც მათ სახელმწიფოს სისტემიდან გასვლის შესახებ დადგენილ ვადებში არ მიმართეს.

“2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 06 აგვისტოსთვის, დაგროვებით საპენსიო სქემაში სულ გაწევრიანდა 856,005 პიროვნება, მაშინ როცა 2019 წლის 01 აპრილისათვის, კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებით სარგებლობა შეეძლო 275,358 მონაწილეს. საპენსიო სააგენტო ახორციელებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა გაწევრიანებისა და სქემიდან გასვლის მონაცემების ანალიზს, რომლის შედეგადაც დგინდება, რომ ბოლო ორი თვის მონცემებით, სქემიდან გასვლაზე მომართვიანობა 10-ჯერ და მეტით შემცირდა. 2019 წლის ივლისის თვის მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ყოველდღიურად წევრიანდება საშუალოდ 557 ადამიანით მეტი ვიდრე სქემიდან გადის. შესაბამისად, ივლისის თვეში დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობამ 11,140-ით მოიმატა. 2019 წლის 06 აგვისტოს მდგომარეობით, სულ საპენსიო სქემის დატოვების უფლება აქვთ ან ჰქონდათ ჯამურად 324,097 მონაწილეს, საიდანაც 215,331 მონაწილეს ეს უფლება გაუუქმდა, კანონით გათვალისიწინებული 2-თვიანი ვადის ამოწურვის გამო (მოიცავს სქემიდან გასულებს და სქემაში დარჩენილებს). 2019 წლის 01 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული იყო 689,380 ადამიანი. ასევე მოგახსენებთ, რომ 2019 წლის 17 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო სქემა დატოვა 148,942 მონაწილემ, საიდანაც სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 41,805, ხოლო კერძო სექტორში – 107,137.

აღსანიშნავია, რომ დაგროვებით საპენსიო სქემასთან დაკავშირებით არსებული მონაცემების შესწავლა და ანალიზი მნიშვნელოვანია განხორციელდეს დროის ერთიდაიგივე ჭრილში, რათა მაქსიმალურად სრულყოფილად იქნეს აღქმული შედეგები და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები,”- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს პასუხში.

სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, ფონდში 273 მილიონი ლარი არის აკუმულირებული.

კანონის მიხედვით, საქართველოში დასაქმებული ყოველი მოქალაქისთვის საპენსიო სისტემაში გაწევრიანება სავალდებულოა, სისტემიდან გასვლის უფლება მხოლოდ მათ აქვთ, ვისი ასაკიც 40 წელს აღემატება. მთლიანობაში საპენსიო სააგენტოში დასაქმებულთა ხელფასის 6% ირიცხება, საიდანაც 2%-ს დასაქმებული, 2%-ს დამსაქმებელი, 2%-ს კი მოქალაქის საშემოსავლო გადასახადიდან სახელმწიფო რიცხავს.

ბიემჯი