სოსო ცინცაძე – “ოცნება” ძველ რეიტინგს ვერასდროს დაიბრუნებს”

სოსო ცინცაძე - "ოცნება" ძველ რეიტინგს ვერასდროს დაიბრუნებს"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებთ, რომ ქვეყანა გულივერის ნაბიჯებით სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიექანება. შეიძლება ასე დაიძაბოს ვითარება?
– რასაკვირველია, როდესაც ასეა გახლეჩილი საზოგადოება, როდესაც ასეთი დაპირისპირებაა პოლიტიკურ ძალებს შორის, სამოქალაქო დაპირისპირებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება. ძალიან მძიმე რეალობის წინაშე ვართ. თითქოს ამას ხელისუფლება ვერც კი აცნობიერებს. ეს ძალიან საშიშია.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი. მეტიც, მას არ უყვარს პოლიტიკა. ეს დასაძრახისი სულაც არ არის, მაგრამ საშიშია ქვეყნისთვის. საშიშია იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კაცი მართავს ქვეყანას.
– მრჩევლები ხომ ჰყავს?
– მრჩევლებსაც გააჩნია. მე ვერ ვნახე ჭკვიანური, გონივრული რჩევა, რომელიც განმუხტავდა ვითარებას და თავის კალაპოტში დააბრუნებდა ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც. ახლა დაწყნარება, დამშვიდებაა საჭირო. ლამის წკიპზე ვართ. ლამის ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს ხელისუფლებამაც და ქვეყანამაც. ასეთი ვითარებაში შეუძლებელია ქვეყნის მართვა.
ახლა ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორმე მშვიდად მიიყვანოს ქვეყანა არჩევნებამდე დანაკარგების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი წარმოუდგენლად უკან დახევს ქვეყანას.
– თქვენ მაინც რას უკავშირებთ ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს? 20 ივნისის შემდეგ თითქოს ინერციით მოქმედებს ხელისუფლება.
– ხელისუფლებამ იგრძნო, რომ ხალხის ნდობა დაკარგა და ეს ძალიან მძფრად განიცადა. ამიტომ არის, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ამომრჩევლის ნდობის დაკარგვა ნიშნავს არჩევნებში დამარცხებას, რასაც ყველა ხელისუფლება განიცდის და, რასაკვირველია, განიცდის “ქართული ოცნებაც”. ამაში უცნაური არც არაფერია.
– ხელისუფლება მიხვდა, რომ შეიძლება არჩევნები წააგოს?
– რა თქმა უნდა! თუმცა, ის შემოთავაზება, რაც გააკეთა ივანიშვილმა, იყო სწორი პოლიტიკური ნაბიჯი – საარჩევნო სისტემას და ნულოვან ბარიერს ვგულისხმობ, მაგრამ აქაც ბევრი ნიუანსია გასაანალიზებელი, რა როგორ იქნება შემდეგში, ასე მარტივიც არ არის.
პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური, სოციალური კრიზისი დაემატა. რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ სოციალური კრიზისი არ არის, ფაქტი სახეზეა. შენ რაც არ უნდა უთხრა, კი, კარგად ცხოვრობ, მაგრამ ამას ვერ გრძნობ, ეს უკუშედეგებს იღებს, ეს გამაღიზიანებელ ეფექტს ახდენს. ამას ვერ ხვდებიან ხელისუფლების წევრები. არადა, ეს ხომ ელემენტარულია.
ლარი გაუფასურდა. გვითხრეს, რომ წამლების ფასი სექტემბერ-ოქტომბერში გაიზრდებოდა, მაგრამ აფთიაქში მისულმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ რამდენიმე თვეში კი არა, მეორე დღესვე გაიზარდა. ამ დროს ხელფასი არ იზრდება, პენსია არ იზრდება. თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ეს დაავიწყდება არჩევნებზე მისულ მაგალითად პენსიონერს?! არა, ამიტომ ეს ყველაფერი ძვირი უჯდება თავად ხელისუფლებას და ეს იწვევს შემდეგ იმ შედეგებს, რაც არის.
“ქართული ოცნების” ყველაზე დიდი შეცდომა იყო სამართლიანობის აღდგენის დაპირება. დღეს ადამიანები კითხულობენ, კი მაგრამ აღდგა კი სამართლიანობა?! რას გვპირდებოდნენ და რა მივიღეთ?!
ხომ გახსოვთ, როგორ შეიქმნა დეპარტამენტი პროკურატურაში, რომელსაც პროკურორი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობდა, მითხარით, იმ პრეზენტაციის შემდეგ რა გააკეთა ამ დეპარტამენტმა, რამდენი ქონება დააბრუნა, რამდენ ადამიანს გადაუწყვიტა პრობლემა?!
– მაშინ ეს თემა ყველაზე მოთხოვნადი იყო.
– კი, გასაგებია, მაგრამ სამართლიანობა მაინც ინდივიდუალურია, რთულია, სამართლიანობის განცდა ყველას ერთნაირი ჰქონდეს. ვიღაცისთვის ერთია, ვიღაცისთვის მეორე. ჩემი აზრით, ბევრად უფრო სწორი იქნებოდა: “თანასწორობა კანონის წინაშე”, ასეთი დაპირება, ეს ლოზუნგი უნდა გამხდარიყო “ოცნების” მთავარი სამოქმედო გეგმა. თანასწორობა, რომელიც ჯერ კიდევ ნაპოლეონის დროიდან მოდის.
– რა არის გამოსავალი?
– ტალეირანი, ბისმარკი, რიშელიე, დე გოლი ყველა ერთად რომ გააცოცხლო და ყველამ ერთად რომ მისცეს ხელისუფლებას რჩევები, მაშინ შეიძლება კიდევ შემობრუნება, მაგრამ რჩევასაც უნდა შესრულება. თუმცა, იმდენად რთული სიტუაციაა, რომ რაც უნდა გააკეთოს, ხელისუფლებას მაინც გაუჭირდება იმის დაბრუნება, რაც იყო.
– რეიტინგს გულისხმობთ?
– რა თქმა უნდა! ეს შეუძლებელი იქნება.