ვახტანგ მაისაია – “ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში კადიროვის ხელწერა იკვეთება”

ვახტანგ მაისაია - "ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში კადიროვის ხელწერა იკვეთება"გულიკო ბალაძე, ახალი თაობა
ლაფანყურის მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში მოკლეს. გერმანელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსულენოვანი პირი დააკავა. რა შეიძლება გამხდარიყო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მიზეზი? ამ თემაზე “ახალ თაობასთან” ვახტანგ მაისაია საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, გერმანიაში ლაფანყურის მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ლაფანყურის ოპერაციის გარემოებები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული. რა შეიძლება გამხდარიყო მისი მკვლელობის მიზეზი?
– შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ზელიმხან ხანგოშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით. ზელიმხან ხანგოშვილი იყო ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ის გახლდათ ჯერ ასლან მასხადოვის, შემდეგ კი დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი საქართველოში და სხვა ქვეყნებში.
ზელიმხან ხანგოშვილი ასრულებდა თავისი სამშობლოს, თავისი ქვეყნის იჩქერიის რესპუბლიკის იმ დავალებებს, რომელთაც მისი ხელმძღვანელობა მას ავალებდა. როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურებმა ეს არ აპატიეს. განსაკუთრებით, კადიროვის სპეცსამსახურებმა.
– ფიქრობთ, რომ მისი მკვლელობა კადიროვის სპეცსამსახურების ნახელავია? შეიძლება კადიროვი რუსეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებდეს?
– არა, კადიროვის სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურების შემადგენელი ნაწილია. კადიროვის სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე ამ ოპერაციის ჩატარებას ვერ გაბედავდნენ. ხელწერა მაგათია. როგორც ჩანს, კადიროვს არ უნდოდა გამოჩენილიყო, რომ გავლენიან საველე მეთაურებზე გამოცხადებული აქვს ნადირობა.
არ არის გამორიცხული, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ლაფანყურის ოპერაციასთანაც იყოს დაკავშირებული. 2015 წელს ზელიმხან ხანგოშვილს საქართველოში თავს დაესხნენ. ჩანს, მასზე თავდასხმის ფაქტი დაკავშირებული იყო ლაფანყურის ოპერციასთან. მან ლაფანყურის ოპერაციაზე ბევრი რამ იცოდა, რაც რუსეთის სპეცსამსახურებს არ უნდოდათ გახმაურებულიყო.
– ლაფანყურის ოპერაციაში რუსეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ?
– რუსეთის სპეცსამსახურები ლაფანყურის ოპერაციაში, გარკვეულწილად, მონაწილეობდნენ იმ კუთხით, რომ როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ იმ დაჯგუფებების განადგურებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ამით უნდოდათ მოეხდინათ კავკასიური ისლამური ემირატის სამხედრო ბირთვშენაერთების სრული დისკრედიტაცია-განადგურება. ჩანს, ეს ოპერაცია მოიცავდა იმ ფაქტორსაც, რომ რუსეთს უნდოდა, აღნიშნული ფაქტი საქართველოზე ზეწოლის საბაბად გამოეყენებინა.
– თქვენ მონაწილეობდით უჩა ნანუაშვილის მიერ ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებით შექმნილი საზოგადოებრივი საგამოძიებო ჯგუფის გამოძიებაში
– დიახ, ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებით, ნანუაშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ დავდეთ 100-გვერდიანი დასკვნა და ბევრი მასალა, რომელიც არ გაგვისაჯაროვებია.
– რატომ არ გაასაჯაროვეთ?
– ჩაითვალა, რომ ეს კარგი არ იქნებოდა. ჩვენ აღნიშნული მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას გადავეცით, რათა ის გამოყენებულიყო ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში.
გამოძიება ჯერ სააკაშვილის სპეცსამსახურებმა დაიწყეს, შემდეგ კი დღევანდელი ხელისუფლების სპეცსამსახურებმა გააგრძელეს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ საქმის გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე არ მივიდა. ჩვენ საზოგადოებრივ დონეზე გამოვიძიეთ ოპერაციის დეტალები, ცხადია, პირველწყაროებზე დაყრდნობით.
– თვითონ ლაფანყურის ოპერაციის მონაწილეები გამოკითხეთ?
– დიახ, ჩვენ გამოვკითხეთ ლაფანყურის ოპერაციის მონაწილეები, მათ შორის, ზელიმხან ხანგოშვილმაც საინტერესო ჩვენება მოგვცა. ყველა მასალა შევკრიბეთ და პატიოსნად, რაც შეიძლებოდა ღია ყოფილიყო, გამოვაქვეყნეთ (100 გვერდიანი დასკვნა ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე), რა მასალებიც არ შეიძლებოდა სცოდნოდა საზოგადოებას, მთავარ პროკურატურას გადავეცით.
– რის გამო არ შეიძლებოდა ნაწილი მასალების გამოქვეყნება?
– იქ იყო რაღაც ნიუანსები, რომელთა ვადამდე გამოქვეყნება გამოძიებისთვის იქნებოდა ხელიშემშლელი.
– ქვეყნისთვის?
– არ არის საუბარი იმაზე, საქართველოსთვის იმ მასალების გამოქვეყნება ცუდი იქნებოდა თუ კარგი, გამოძიებისთვის იქნებოდა ხელისშემშლელი. თორემ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება როგორ იყო დაკავშირებული კავკასიის ისლამურ იმამატთან და იმ დაჯგუფებებთან, რომლებიც მოქმედებდნენ რუსეთის წინააღმდეგ, ეს ცალკე საუბრის თემაა.
აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ასეთი სტრატეგიის შემუშავების უფლება ჰქონდა, როდესაც შენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და, ფაქტობრივად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა გენოციდი და ეთნოწმენდაა მოწყობილი. ქვეყანას შეეძლო თავისი ალტერნატიული ქმედებები განეხორციელებინა რუსების საოკუპაციო ჯარის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს არავისი დასაძრახი არ არის.
– საკითხავია, რამდენად იყო რუსეთის წინააღმდეგ მიმართული, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ლაფანყურის ოპერაციაში შესაძლებელია რუსეთის სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ?
– აქ მონაწილეობდა არა მარტო რუსული აგენტურა, რომელიც მოქმედებდა არა მხოლოდ თვითონ კავკასიის ისლამური ემირატის შიგნით. არამედ საქართველოს სპეცსამსახურებში ჩანერგილი რუსული აგენტურა. გამოიკვეთა მათი ერთობლივი ქმედება, რათა როგორმე მოეხდინათ კავკასიის ისლამური ემირატის დისკრედიტაცია, ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის საბოლოო დამარცხება და საქართველოზე დამატებით ზეგავლენა. ასეთი სურათი იკვეთება.
რუსეთის სპეცსამსახურებმა ეს ოპერაცია, სამწუხაროდ, საკმაოდ კარგად შეასრულეს. ამის შემდეგ შეწყდა ყოველგვარი კომუნიკაცია საქართველოსა და ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობას შორის. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ რუსებმა შეძლეს კავკასიის ისლამური ემირატის დამარცხება ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. რამაც ხელი შეუწყო კადიროვის მარიონეტული რეჟიმის გამტკიცებას ჩეჩნეთში. დღეს იჩქერიის რესპუბლიკაში კადიროვის რეჟიმი დომინანტური ძალაა. აი, ლაფანყურის ოპერაციის შედეგი.
– ზელიმხან ხანგოშვილის როლი როგორ ჩანდა იმ გამოძიებაში, რომელიც თქვენ ჩაატარეთ?
– ის გახლდათ დოკუ უმაროვის წარმომადგენელი და ასრულებდა მეკავშირის ფუნქციას დოკუ უმაროვსა და საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს სპეცსამსახურებს შორის. ეს ფაქტია. მას ლაფანყურის ოპერაციაში მომლაპარაკებლის ფუნქცია ჰქონდა. ის მოლაპარაკებებში იყო ჩართული. როგორც მე ვიცი, მას მოუწია საბრძოლო მოქმედებაში ჩართვაც, რადგან ორმხრივ სროლაში მოჰყვა.
შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილი, უბრალოდ, ჩამოცილდა პროცესს, გასაგებია რატომაც – საქართველოში, 2015 წელს, მასზე თავდასხმა განხორციელდა, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ მან ბევრი რამ იცოდა ამ ოპერაციის შესახებ. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენმა საზოგადოებრივმა კომისიამ დაიწყო ლაფანყურის ოპერაციის გამოძიება.
ჩვენი გამოძიება, ცხადია, არ იქნებოდა სასიამოვნო რუსეთის სპეცსამსახურებისათვის და იმ რუსული აგენტურისთვის, რომელიც საქართველოს სპეცსამსახურებში იყო ჩანერგილი.
– ახლა ეს პიროვნება წასული იყო საქართველოდანაც.
– დიახ, ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოდან ჯერ უკრაინაში გადავიდა, შემდეგ კი – გერმანიაში. მან მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. რაც მთავარია, ხანგოშვილი არ მიემხრო ისლამურ სახალიფოს, საერთოდ, განზე გადგა, ჩატაევისა და სხვებისაგან განსხვავებით. ის აბსოლუტურად სწორ გზაზე დადგა. ჩანდა, რომ ის გახდა ზაკაევის დაჯგუფების მომხრე, რომელიც ნაციონალისტური მიმართულებისაა, არ არის ჯიჰადისტური მიმართულების. ეს არის მთავარი. ამ შემთხვევაში ზელიმხან ხანგოშვილისა და ჩატაევის გზები გაიყარა.
– ახლა რაღაში უშლიდა ხელს, რომ მოკლეს?
– ჯერ ერთი, ის იყო ძალიან არასასურველი მოწმე ლაფანყურის სპეცოპერაციისას, მეორეც – კადიროვი ხანგოშვილს მისთვის საშიშ პიროვნებად. მიიჩნევდა. მას მომავალში შეიძლება კადიროვის რეჟიმისთვის საფრთხე შეექმნა. კადიროვმა ასეთი ქმედება არაერთხელ განახორციელა. ასეთი ოპერაცია კადიროვმა განახორციელა თურქეთში, ყატარში და სხვა ქვეყნებში, სადაც მისი სპეცსამსახურები მიწვდნენ და მოახდინეს გარკვეული პირების ლიკვიდაცია.
ხანგოშვილის მკვლელობამდე გერმანიაში ჩეჩნეთის ერთ-ერთი საველე მეთაური იქნა ლიკვიდირებული. კადიროვის სპეცსამსახურების მხრიდან ნადირობას ჰგავს. როგორც ჩანს, ეს იყო ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინში მკვლელობის ძირითადი მოტივი. თანაც ეს მკვლელობა ჩატარდა ძალიან არაპროფესიონალურად, სადაც კადიროვის ხელწერა იკვეთება. მკვლელი დაკავებულია და, ალბათ, უკვე ჩვენებას იძლევა.
კადიროვი უფრო საშიშია, ვიდრე ის საველე მეთურები და ლიდერები, რომლებიც არ გახდნენ ჯიჰადისტური მოძრაობის წევრები. პირიქით, ისინი ჯიჰადისტური მოძრაობის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ და იჩქერიის რესპუბლიკის მომხრეები იყვნენ. როგორც ჩანს, ეს ხალხი უფრო აშინებს კადიროვს, ვიდრე ჯიჰადისტები მაშინ, როცა ჯიჰადისტური მოძრაობები დაკავშირებული ტერორისტულ ორგანიზაციებთან და მისთვის მომგებიანი უნდა ყოფილიყო მათ წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან შეეძლო ეთქვა, რომ ის საერთაშორისო ტერორისტებს ებრძვის.
როდესაც კადიროვი ნაციონალისტურ ფრთას უპირისპირდება, ე.ი. ებრძვის ჩეჩენი ხალხი პატრიოტებს, რომლებსაც უნდათ, აღდგეს იჩქერიის რესპუბლიკის დიდება, რაც იყო 1996-99 წლებში, ჯოხარ დუდაევის, იანდარბიევისა და მასხადოვის პრეზიდენტობის პერიოდში. ასეთი ადამიანები კადიროვს აშინებს. ზელიმხან ხანგოშვილი მუხანათური მკვლელობა ამის რეალური გამოხატულებაა.
– საქართველოში ლაფანყურის ოპერაციის გარემოებების გამოძიება, ალბათ, მომავალშიც გაგრძელდება. რას დააკლებს ამ პიროვნების მკვლელობა საქმეს?
– ჩანს, აქ იკვეთებოდა რუსული სპეცსამსახურების კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც განხორციელდა ამ პიროვნებების დისკრედიტაციის მიზნით, რაც ამხელდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რუსული აგენტურის მოქმედებას.
– ვინმეს დასახელება შეგიძლიათ საქართველოში მოქმედი რუსული აგენტურიდან?
– რუსული გავლენის აგენტურა საქართველოში იყო მერაბიშვილისა და ახალაიების სახით. ეს იყო პრორუსული გავლენის აგენტურა. მერაბიშვილის ეგიდით განხორციელდა ლაფანყურის სპეცოპერაციის დაგეგმვა. შემდეგ უკვე ახალაიამ როგორ შეასრულა, კარგად მოგეხსენებათ. ამ ოპერაციის დროს მოხდა შეტაკება, რაც უფრო რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებას ამხელს, ვიდრე საქართველოს სპეცსამსახურებისას.
– ხანგოშვილი ხომ გამოკითხეთ?
– დიახ, ჩვენ გვქონდა მისი გამოკითხვის ოქმი, მაგრამ ის ჩვენ არ გამოგვიმზეურებია. ის ცალკე გვქონდა, თუმცა, მოხსენებაში აისახა.
– ლაფანყურის ოპერაციის საქმეში ისეთი მოწმეები, როგორიც იყო, ვთქვათ, ზელიმხან ხანგოშვილი, კიდევ არიან?
– სამი მოწმე მოკლულია – ალი გაბოევი, ახმედ ჩატაევი, ზელიმხან ხანგოშვილი. კიდევ რამდენიმე პიროვნება, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმესთან, საეჭვო ვითარებაში არის გაუჩინარებული.
– ამიტომ არ მთავრდება საქმის გამოძიება თუ პოლიტიკური ნება არ არის?
– არ ვიცი. გარკვეულწილად, მასალები არის. თუ გამოძიების პოლიტიკური ნება იქნება, შეიძლება საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილი.