”ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა (რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მიერ), და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა, აფხაზი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულად არის შემცირებული. აფხაზური ენის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვა სამყაროსათვის აღუვსებელი დანაკლისი იქნება.”
ამ სიტყვებით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე. მთავარ გამოწვევად და პრიორიტეტად პრეზიდენტმა მშვიდობა დაასახელა, რადგან მისი თქმით, მშვიდობა ნებისმიერი საზოგადოების უმაღლეს მიზანს წარმოადგენს. მაგრამ გაერთიანებული ერებისათვის ის უმთავრესი არსი და საერთოდ ამ ორგანიზაციის “raison d’être” არსებობის საფუძველია.
ზურაბიშვილის განცხადებით, „ჩვეული გაუტეხავი სულისკვეთება ჩვენი ჩვენი რეაქცია 2008 წლის ომის ტრაგედიაზე, რასაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაცია მოჰყვა“.
მან ასევე ისაუბრა „იმ ადამიანების გაჭირვებაზე, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ. ცხოვრობენ იმ ზოლზე, რომელიც ნათესავებს ერთმანეთს აშორებს და სოფლებს ხლეჩს, სადაც უბედური შემთხვევები და პროვოკაციები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საზღვრების გადაწევა, რაც შეუძლებელს ქმნის ნორმალურ მშვიდობიან ცხოვრებას“.
„მე ვსაუბრობ ჩვენი მოქალაქეების სახელით, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, სადაც მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, ჯანმრთელობისა და განათლების მომსახურების ხელმისაწვდომობა. ორივე რეგიონის საზღვრებზე განთავსებული გამშვები პუნქტები პერიოდულად იკეტება, რაც ადამიანების ტანჯვას იწვევს. ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა (რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მიერ), და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა, აფხაზი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულად არის შემცირებული. აფხაზური ენის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვა სამყაროსათვის აღუვსებელი დანაკლისი იქნება.
ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა დავიცვათ და გადავარჩინოთ ეს მდიდარი კულტურული მრავალფეროვნება, რის გამოც არაბები კავკასიას „ენათა მთად“ მოიხსენიებდნენ.
მე ვსაუბრობ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახელით, რომლებიც უკვე ათწლეულების მანძილზე ვერ უბრუნდებიან მამაპაპისეულ სახლებსა და მიწა-წყალს. ბატონო პრეზიდენტო, ომის ტრაგედიაზე ჩვენი პასუხი მრავალ კომპონენტს ითვალისწინებს: ჩვენი პასუხი ითვალისწინებდა ამ პერიოდის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნებასა და და განვითარების უზრუნველყოფას; ეს ყოველივე მიღწეული იყო იმის შედეგად, რომ ჩვენ ვასრულებთ გაცემულ პირობას და პატივს ვცემთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს; შესაბამისად, საოკუპაციო ხაზის მახლობლად არანაირი სამხედრო ძალები არ გვყავს განთავსებული.
აგრეთვე საქართველომ ცალმხრივად თქვა უარი ძალის გამოყენებაზე. ჩვენი პასუხი იყო გაწვდილი ხელი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც საშუალებას აძლევს ოკუპირებული ტერიტორიების მოქალაქეებს, (იმ შემთხვევებში, როდესაც მათ ხელს არ უშლიან და არ უკრძალავენ) ხელი მიუწვდებოდეთ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების შეღავათებზე, ისარგებლონ ბიზნეს შესაძლებლობებით და მონაწილეობა მიიღონ, თუნდაც არაპირდაპირ, (თუნდაც მინიმალური) საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.
ჩვენი პასუხი ღიაობასა და ტოლერანტობას. გულისხმობს. გასულ წელს ჩვენ 1.500 .000 რუსი ტურისტი მივიღეთ და არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. ჩვენი პასუხი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ჩვენს მიერ დასახულ გზაზე წინსვლას გულისხმობს. ვერაფერი გვათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე და გადაგვახვევინებს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონკრეტული მიზნებიდან. ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ყველა ამ მიმართულებით ისე, რომ ერთხელაც არ გადაგვიხვევია კურსიდან, არასოდეს დაგვითვლია, თუ რა ფასად გვიჯდება ეს ძალისხმევა და მუდამ ნათლად ვიცოდით, თუ რა მომავლისკენ, რა ბედისკენ მივილტვით.
გარკვეულწილად ეს ჩვენი მშვიდობიანი გამარჯვებაა ომსა და ოკუპაციაზე, ტრაგედიასა და ნგრევაზე. მაგრამ როდესაც მშვიდობის მიზანსა და კონფლიქტისა თუ ოკუპაციის დასრულებაზეა საუბარი, საჭიროა ვიმოქმედოთ. ჩვენ გვჭირდება მოძრაობა და გვჭირდება დიპლომატია. ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ დიალოგზე არ გვითქვამს უარი. ჩვენ მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით. ცვლილებების განხორციელება არის საჭირო. და ამას მარტო ვერ შევძლებთ. ჩვენ ყველას ჩართულობა გვჭირდება რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიზნის მისაღწევად“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, გლობალური უსაფრთხოება მთელი სამყაროს გამოწვევაა. ომები, კონფლიქტები და ტერორიზმი აშკარა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, იწვევს მასიურ მიგრაცია და ლტოლვილთა ურიცხვ ნაკადს.
„ჩვენ ვუთანაგრძნობთ ტერორიზმის მსხვერპლთა ოჯახებს, კარგად გვესმის მათი შიში და რისხვა და, შესაბამისად, სრულად ვიღებთ ჩვენ წილ ტვირთსა და პასუხისმგებლობას უხილავ მტერთან საბრძოლველად.
საქართველო სერიოზულ მონაწილეობას იღებს ავღანეთში, მალისა თუ ცენტრალურ აფრიკაში განთავსებული სამშვიდობო ძალების ქმედებებში; ეს ქვეყნები შორსაა ჩვენი საზღვრებისაგან, მაგრამ მათი პრობლემები ახლობელია ჩვენთვის მოვალეობის გრძნობიდან და სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე. ომი და კონფლიქტები ჩვენი ისტორიის ნაწილია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, პირველ რიგში საჭიროა არსებული ფორმატების პოლიტიკური განზომილების გაფართოება, რათა შესაძლებელი გახდეს არსებითი და საგნობრივი დისკუსიების გამართვა.
„აუცილებელია ექსპერტთა დისკუსიებიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გადასვლა. საჭირო იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება, რომ ჟენევის ფორმატი არა მხოლოდ კონფლიქტის მართვის, არამედ მისი გადაჭრის ინსტრუმენტი გახდეს. ასევე აუცილებელია პოლიტიკური ნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ახალი ფორმატები შეიქმნას.
ნებისმიერი ფორუმი და დიალოგი, ფორმალური თუ არაფორმალური უნდა იყო გამოყენებული, რომ რუსეთი ჩაერთოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მკაცრად შესრულების შესახებ დისკუსიებში; რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საშუალება მიეცეს, დაკვირვება განახორციელოს მთელ ტერიტორიაზე (როგორც ეს თავის დროზე შეთანხმდა). დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რამაც კონფლიქტის ეფექტურ მოგვარებამდე უნდა მიგვიყვანოს. ასევე ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ახალმა კონფლიქტებმა ძველი არ უნდა დაგვავიწყოს“.
სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის გზებსა და მის თანმდევ პროცესებზეც გაამახვილა ყურადღება.
„სრულად პროპორციული სისტემის დანერგვის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება კოალიციური მთავრობაც კი მივიღოთ, განაცხადა გაეროს ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილმა.
„უკვე 28 წელი გავიდა, რაც საქართველომ დემოკრატიული გზით განვითარებისაკენ გააკეთა არჩევანი. თანდათან საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან ჩვენ სრულ საპარლამენტო სისტემაზე გადავედით. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გზით ჩვენ უფრო და უფრო გამჭვირვალე და ღია საარჩევნო სისტემამდე მივედით”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

