გია ხუხაშვილი – “ხელისუფლებას ურო რომ ურტყა, ისიც ვეღარ უშველის“

გია ხუხაშვილი - "ხელისუფლებას ურო რომ ურტყა, ისიც ვეღარ უშველის“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეას ნორლენმა განაცხადა, რომ სხვა პარტიების არჩეული დეპუტატები კოლეგები არიან და არა მტრები. მან მხარეებს შორის დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმას, რომ ხელისუფლებამ არ შეუწყოს ხელი საზოგადოების პოლარიზებას.
როგორ გადაითარგმნება ეს დიპლომატიური გზავნილი სახალხო ენაზე, რა ახსნა აქვს სალომე ზურაბიშვილის ბოლო გადაწყვეტილებებს და რჩება თუ არა სიტუაციის ნორმალიზების რესურსი “ქართულ ოცნებას”? – ამ და სხვა მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.
– შვედეთის პარლამენტის სპიკერის გზავნილი დიპლომატიური ენიდან სახალხო ენაზე რომ გადავთარგმნოთ, უნდა აღვიქვათ თუ არა ხელისუფლების გაფრთხილებად?
– ეს არის ისეთი ქვეყნებისთვის გაკეთებული მიმართვა, რომელთაც ელემენტარული რაღაცები უნდა ასწავლო, ანუ პოლიტიკის ანა-ბანა და ჭკუა უნდა დაარიგო. ჩვენ ვნახეთ, ბოლო პერიოდში რა განცხადებებიც კეთდებოდა “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან, რომ შიდა მტერი უნდა დავამარცხოთ. მტერზე ხაზგასმა ბევრჯერ გაკეთდა და როგორც ჩანს, ოპოზიციამ დაუდო ეს ციტატები მაგიდაზე, როდესაც მათ შეხვდა და ძალიან შეშფოთდა. იმიტომ, რომ ამ ტიპის რიტორიკა ევროპაში მიღებული არ არის და ამაზე მიუთითა. ეს იყო, მეტი არაფერი.
– ასეც ხომ არ უნდა აღვიქვათ ეს, რომ ეს იყო სილის გალაწუნება ხელისუფლებისთვის?
– რა არის, იცით? ახლა ჩვენი ხელისუფლება ისეთ სტადიაშია, რომ სულ ურო რომ ურტყა თავში, ამასაც აღარ აქვს აზრი. ასე რომ, სილის გალაწუნება ვერ უშველის.
არც ის მგონია, რომ შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ძალიან აინტერესებს საქართველო. ჩამოვიდა, დაასტუკა, ჭკუა ასწავლა და დაივიწყა საქართველო. დაახლოებით ასე იყო. ამიტომ, რაღაც გრძელვადიან დასკვნებს ამ რიტორიკიდან მე არ გავაკეთებდი.
– თქვენი საუბრიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, “ქართული ოცნების” საშველი აღარ არსებობს?
– მე ვფიქრობ, რომ ძალიან მცირე შანსია დარჩენილი. გადარჩენას მოიტანს მხოლოდ სისტემური ცვლილებები, რისი სიმპტომებიც ჯერჯერობით არ ჩანს.
– პირიქით სხვა ინფორმაციები ჩნდება. მაგალითად ის, რომ გახარია პრემიერი გახდება.
– კი, პირიქით, უცნაურ წრეზე დატრიალებას აპირებენ. ეს მათი არჩევანია.
– პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული შეიწყალა. როგორ აფასებთ მის ამ გადაწყვეტილებას?
– საერთოდ,პრეზიდენტის ქმედებების შეფასება, ჩემი აზით, უკვე შეუძლებელია. გაგახსენებთ უბრალოდ, რა ბრალდებებს უყენებდნენ შეწყალებებთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილს და რა რიტორიკა ისმოდა “ქართული ოცნების” მხრიდან. გიორგი მარგველაშვილს ასეთი სკანდალური ნამდვილად არაფერი გაუკეთებია, რაც ჩვენ ახლა ვიხილეთ. ამ დროს “ქართული ოცნება” დღეს უკვე დუმს.
აქედან გამომდინარე ესეც უკვე გარკვეული დიაგნოზია პოლიტიკური ძალის მიმართ, როდესაც ისინი არა კანონით და არა ზნეობრივი კატეგორიებით ოპერირებენ, არამედ ჩვენიანისა და სხვისიანის კატეგორიებით.
მარგველაშვილს ამასთან ოდნავ მიახლოებული რაღაცა რომ გაეკეთებინა შეწყალების სახით, ალბათ საერთოდ გადაჭამდნენ. როდესაც სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს და მერე გვეუბნება, რომ თურმე ეს მისი დისკრეცია ყოფილა, კომენტარს საერთოდ არ გააკეთებს და მოტივზეც კი არ ილაპარაკებს, აქ უკვე კომენტარი ზედმეტია.
– თან პირიქით დაგვამადლა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება საფრანგეთში და თქვენ ამაზე აკეთებთ აქცენტსო.
– დიახ, თითქოს ეს უმნიშვნელო საკითხია, როდესაც ხდება პოლიციელის მკვლელის შეწყალება, საკმაოდ მცირე ვადის გასვლის შემდეგ.
– შეწყალების საქმეზე სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს.
– კი, რა თქმა უნდა, ესეც იყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ქეისი ცოტა სხვა ტიპის საქმეა, ესეც უნდა ვთქვათ, სამართლიანები რომ ვიყოთ. ეს კონკრეტულ დანაშაულებრივ თემასთან იყო მიბმული და მას დიდი ისტორია აქვს. ამ შემთხვევაში ბევრად ბანალურად არის საქმე. მას დაუდეს და უთხრეს, რომ ხელი მოეწერა. ვინ და როგორ დაუდო, ეს სხვა საკითხია.
– უნდა გაეცეს თუ არა ამ კითხვებს პასუხები?
– მოვა დრო და აუცილებლად გაეცემა.
– ის ფაქტი რას ნიშნავს, როდესაც პრეზიდენტი ერთი მხრივ ასეთ გადაწყვეტილებას იღებს და მეორე მხრივ ისევ არ იწყალებს დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომლის ჯანმრთელობაც მძიმეა?
– მე როგორც აღვნიშნე, სალომე ზურაბიშვილის ქმედებების და რიტორიკის კომენტირება შეუძლებელია. რაც მთავარია, ყოველ მეორე წინადადებაზე ჭკუას გვასწავლის. თურმე პოლიტიკურ თემებზე კომენტარი არ უნდა გააკეთოს… როცა დასჭირდება, ბევრს ილაპარაკებს პოლიტიკურ თემებზე, ხოლო როცა პასუხის გაცემა არ უნდა, გვასწავლის, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის. ის ამ უბედურებაშია.
შეუძლებელია მისი ქმედებების კომენტირება. აგერ გუგუტიანთკარში ასეთი ამბავი იყო, ჩორჩანას თემებია და ა. შ. ამ დროს საერთოდ ამ ქვეყანაზე არ იყო და ცდილობდა, რომ საერთოდ აესხლიტა ეს თემები.
რომ ისვენებდა, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ კონტრასტი ძალიან მძიმე საყურებელი იყო.
– ამ პროცესებში საერთოდ თუ დაინახეთ პირველი პირები, რომლებიც წესით უნდა იდგნენ მოვლენების ეპიცენტრში?
– ვინ არიან პირველი პირები? ამ ქვეყანას არ ჰყავს პირველი პირები. ამ ქვეყანას ჰყავს მხოლოდ მეცამეტე პირები. ყველა პოლიტიკური პირი მეცამეტეა.
– მეცამეტე რატომ?
– კარგი, მეთოთხმეტე იყოს. მაგალითისთვის მოვიყვანე. ცამეტი უბრალოდ ისეთი რიცხვია…
– მეც აქედან გამომდინარე გამიჩნდა ეს კითხვა.
– ესენი არიან მეცამეტე პირები. არსებობს ასეთი გამოთქმა – მეცამეტე გოჭი, რომელიც პროცესებში როლს არ თამაშობს. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ ასეთი გამოთქმაა – მეცამეტე გოჭი, რომელიც დიდ გაუგებრობაშია.
დაახლოებით ეს სიტუაციაა. ჩვენთან არის პირველი და დანარჩენი რუხი მასა, მეტი არაფერია. ჩვენ ვუყურებთ ერთი მსახიობის მარიონეტების თეატრს.
– ეს ერთი მსახიობი ბიძინა ივანიშვილია?
– კი, ახლა… ვიღაცა არის.
– სექტემბერს დიდი მოლოდინით ელოდება საზოგადოება. 20-ში იგეგმება ოპოზიციის დიდი აქცია, იქამდე კი 3 სექტემბერს გველოდება სირცხვილის დერეფანი, რომელსაც დეპუტატებს მოუწყობენ.
– ფაქტია, რომ ახლა პოლიტიკური პროცესი გახურდება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით პოლიტიკური მოზაიკა არჩევნების წინა წელს არ არის ისეთი, საიდანაც ოპტიმისტური მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ რაღაცა იქნება. რაც შეეხება პროცესებს, ალბათ საკმაოდ მწვავე და საკმაოდ დინამიური იქნება. რა მოხდება 20 სექტემბერს, ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. გამოჩნდება.
– ეს დამოკიდებულია თუ არა იმაზე, რას გადაწყვეტენ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით?
– არა მგონია, ამასთან დამოკიდებულებაში იყოს. იმიტომ, რომ დღევანდელი სტატუს-კვო მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. იმიტომ, რომ ფიგურანტები იგივე დარჩებიან, შეიძლება პოზიციები შეიცვალოს. იმიტომ, რომ ხელისუფლებას ხომ ძალიან მოკლე სკამი აქვს.
ვერ გამოდის ამ სკამის ხიბლისგან და კიდევ უფრო და უფრო ვიწროვდება მისი საკადრო შესაძლებლობები, შესაბამისად, შეიძლება შიგნით რაღაც გადაადგილებები მოხდეს, მაგრამ ეს პოლიტიკურ მოცემულობას მნიშვნელოვნად არ შეცვლის.