”ივანიშვილმა აღიარა, რომ ოქრუაშვილი მისი პირადი პატიმარია”

”ივანიშვილმა აღიარა, რომ ოქრუაშვილი მისი პირადი პატიმარია”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
19 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების გადახედვასა და მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს, ირაკლი ოქრუაშვილი პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა.
ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ოქრუაშვილს პატიმრობა 500.000 ლარიანი გირაოთი შეცვლოდა. ამასთან აღნიშნა, რომ არ არსებობს ოქრუაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები.
ოქრუაშვილს თავდებში უდგებოდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და ოპოზიციის წევრი პაატა დავითაია.
– პატიმრობა უნდა შეეცვალოს, გვაქვს ახალი გარემოებები. გთავაზობთ 500.000 ლარს გირაოს სახით, ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა, – აღნიშნა მამუკა ჭაბაშვილმა.
ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ოქრუაშვილის მიმართ პატიმრობა არ უნდა შეიცვალოს, რადგან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულების განადგურების საფრთხეები.
რაც შეეხება ბრალდებულებს გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს, მოსამართლის კითხვაზე, სცნობს, თუ არა თავს დამნაშავედ, ბრალდებულმა ჯავახიშვილმა უპასუხა, რომ თავს ნაწილობრივ სცნობს დამნაშავედ. ხოლო ბრალდებულმა თორნიკე დათაშვილმა კი აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ სრულად სცნობს.
ორივე ბრალდებულის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის შეცვლითა და 5.000 – 5.000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა.
საბოლოო ჯამში, სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა და სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.
პროცესის დასრულების შემდეგ ”ახალი თაობა” რამდენიმე ადამიანს ესაუბრა.
ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა სასამართლოს ჩვეულებრივი სპექტაკლი და შოუ უწოდა.
– ხომ ვნახეთ, მოსამართლე მოსაფიქრებლადაც კი არ გასულა, პირდაპირ სხდომაზევე გამოაცხადა გადაწყვეტილება. არ მიიღეს ნახევრმილიონიანი გირაო. დღეს ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ აღიარა მოსამართლის პირით, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის მისი პირადი პოლიტპატიმარი და ის შეეცდება, რაც შეიძლება დიდხანს ჰყავდეს ციხეში.
სამივე პირი დატოვეს პატიმრობაში, არც ერთ მათგანს არ გაუფორმეს საპროცესო. აი, ასეთი სასამართლო სისტემა გვაქვს ჩვენ, ერთი ბატონის ხელშია ეს სისტემა, – გვითხრა გურამ ჩალაგაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში უდგებოდა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.
– ინგა, რას იტყვით ამ ყველაფერზე და რატომ უდგებოდით ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში?
– ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში დავუდექი ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობარია, წლების მეგობარია და პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით მეგობრებს მე არ ვირჩევ. მეორეც, ადამიანი იყო უცხოეთში და ჩამოვიდა. საერთოდ ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, რომ მან შეიძლება ქვეყანა დატოვოს, მიიმალოს და ასე შემდეგ. მესამე ის არის, რომ მჯერა, რომ ისიც გარეთ რომ იყოს, როგორც ნიკა მელიას შემთხვევაში მოხდა, რადგან ერთსა და იმავე მუხლზეა საუბარი, იგივე ელექტროსამაჯურით, ეს ხელს ნამდვილად არ შეუშლის გამოძიების პროცესს.
აი, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი, რის გამოც მივედი და გადავწყვიტე, ირაკლის თავდებში ჩავდგომოდი.
ოქრუაშვილს თავდებში უდგებოდა ოპოზიციონერი პაატა დავითაიაც.
– ბატონო პაატა, რას იტყვით ამ საქმეზე და ამ გადაწყვეტილებაზე? რატომ უდგებოდით ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში?
– ირაკლის თავდებში ვუდგებოდი იმის გამო, რომ მას ძალიან ახლოს ვიცნობ, ახლო ურთიერთობა მაქვს მასთან. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ის არ დაარღვევდა აღებულ ვალდებულებას.
ამ სიტუაციაში გესაუბრებით, როგორც იურისტი და არა – როგორც პოლიტიკოსი. თავის დროზე, როდესაც მედიის საშუალებით ვრცელდებოდა, რომ ის ეჭვმიტანილი იყო და მაშინ ის საფრანგეთში მიდიოდა, მაშინ ირაკლიმ ნებართვა ითხოვა წასვლაზე, მერე, როცა დაიბარეს, დაბრუნდა.
– ანუ მიმალვის საფრთხე არ შეიქმნებოდა?
– დიახ, მას არც მანამდე უცდია მიმალვა. პროკურატურის პოზიცია იყო, რომ მას აქვს საზღვარგარეთ კავშირები, ეს იყო მისი მოტივი, რაც სრული აბსურდია, ამ სიტუაციიდან გამომდინარე.
ის წინა ხელისუფლების დროსაც დაბრუნდა, უარი თქვა პოლიტიკურ თავშესაფარზე, ჩამოვიდა და ჩაჯდა ციხეში. აქედან გამომდინარე, მოტივი იმისა, რომ ის დაიმალება საზღვარგარეთ, არ არსებობს. ყველაზე საინტერესო მომენტი არის ის, რაც დაცვის მხარემ მოითხოვა.
– 500 ათას ლარიანი გირაო?
– დიახ, 500 ათას ლარიანი გირაო. ამაზეც უარის თქმამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გამიჩინა.
– რატომ?
– ბოლო ხანს, უფრო მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ ადამიანებს 500 ათას ლარიანი და ცოტა მეტი ოდენობის გირაოს სანაცვლოდ აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალეს. ეს ძალიან კარგია, მივესალმები ამას, მაგრამ ამ სიტუაციაში უარის თქმა იყო აბსურდი.
– საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან?
– შერჩევითი სამართალიც არ ქვია ამას. ამას ქვია მიზანმიმართულად კაცის ციხეში ჩატოვება. ყველამ ნახა, რომ, ჩემ გარდა, თავდებში უდგებოდნენ ცნობილი ჟურნალისტები და ცნობილი ადმაიანები, აქედან გამომდინარე, ჩვენც ხომ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიღებდით იმ მომენტში.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოქრუაშვილი ჩვენი სიტყვის ფასად მაინც არ წავიდოდა. თანაც 500 ათას ლარს დადებდა. მოსამართლეს შეეძლო, გაეტარებინა ისეთი ღონისძიება, როგორიც არის პასპორტის ჩამორთმევა და სხვა ბევრი სამართლებრივი ბერკეტი არსებობს ამისა, რომ ოქრუაშვილი იყოს აქ.
– მოწმეებზე ზეწოლას მოახდენსო. ეს იყო კიდევ არგუმენტი.
– მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციელები, ამიტომ მოწმეებზე ზეწოლა გამორიცხულია. პოლიციაზე ზეწოლა თქვენც ხვდებით, რას ნიშნავს, ეს არის უმძიმესი დანაშაული.
ვერ ვგებულობ, რა უნდათ, ეს უკვე შერჩევითი სამართალიც აღარ არის. სახელმწიფო ბიუჯეტში დადებდა ნახევარ მილიონ ლარს და მოსამართლე ამაზე ეუბნება უარს. ნახევარი მილიონი კი არა, 20 მილიონი რომ შეეთავაზებინა დაცვის მხარეს, მაინც უარს ეტყოდნენ. მართლა ვერ ვგებულობ, რაში სჭირდებათ ციხეში ირაკლი ოქრუაშვილი.
– ეს არის პირადი ანგარიშსწორება?
– სხვა ახსნა არის?! იმაზე, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არ არის, ყველა ვთანხმდებით. მოსამართლე, უბრალოდლ ვიღაცის ნების შემსრულებელია და მეტი არაფერი, ეს ცალსახად ჩანს.
ამ საარჩევნო პერიოდში რაში სჭირდებათ ოპოზიციონერი ლიდერის ციხეში ჯდომა, არ ვიცი! მთავარი ჩვენებები, რაც საქმეში დევს, იცით, რა არის? რომ ის იქ იდგა, ვიღაცა ეჯიკავებოდა და ესეც ეჯიკავებოდა. ამაში ადამიანი ნახევარ მილიონს იხდიდეს და მაინც არ უშვებდე, არ ვიცი, რა ვთქვა.
– სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება?
– რა თქმა უნდა, ეს ცალსახაა! ამას სხვა სახელი არ აქვს.