მამუკა ახვლედიანი – “ნუ გექნებათ სამართლიანობის იმედი!”

მამუკა ახვლედიანი - “ნუ გექნებათ სამართლიანობის იმედი!”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი პასუხობს
– ბატონო მამუკა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თადუმაძე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს, ხოლო პროკურატურაში ირაკლი შოთაძე დაბრუნდება. რა მიდგომებია, ვისაც სად უნდათ, იქ გადასვამენ, გაშვებულს დააბრუნებენ, სახელმწიფოა თუ კანტორა?
– ის პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს, მიუღებელი და წარმოუდგენელია. მას არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან და სასამართლო სისტემის დაკომპლექტებასთან. დანარჩენი რაც მოხდა, მე არც მიკვირს ამ ტიპის დანიშვნები. პირველი ინსტანციის სასამართლოც ასე დაკომპლექტდა, შემდეგ აპელაციაც და ახლა უზენაეს სასამართლოსაც მიადგნენ.
ამიტომ არა აქვს არავის სასამართლოს ნდობა და ამიტომ არის მისი რეიტინგები ყველაზე დაბალი სახელმწიფო სტრუქტურებში.
– ვისმენთ შეფასებებს, რომ ამჟამინდელი პროკურატურა ივანიშვილის ჯიბის პროკურატურად იქცა. თქვენც ასე ფიქრობთ?
– რა თქმა უნდა. ამას პროკურატურა არ ქვია, მე მას დავარქვი “მიმდინარეობს გამოძიება”. მხოლოდ ეს ერთი ტექსტი აქვს ამ უწყებას. არც ერთი გამოძიება ამ ცნობილ საქმეებზე დასრულებული არ არის. მაშინ რას აკეთებს პროკურატურა? მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს.
– კეთდება განცხადებები, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს როგორც პროკურატურამ, ისე სასამართლომ. თქვენც იზიარებთ ამ აზრს?
– კი ბატონო, მეც მაგას ვამბობ. დაკავებები, თუნდაც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მე პირადად ვიმყოფებოდი და ზუსტად ვხედავდი, რა ხდებოდა იქ. მსგავსიც კი არაფერი მომხდარა, რასაც ედავებიან და წმინდა პოლიტიკური დაკავებებია ის, რასაც პროკურატურა აწარმოებს და რომელსაც სასამართლო კიდევ უფრო დიდი გულმოდგინებით და კიდევ უფრო მახინჯი ფორმებით აგრძელებს.
– ერთგვარ ტრენდად იქცა გაშვებული მინისტრების თუ პროკურორების უკან მობრუნება. ახალ შოთაძის მობრუნების მოლოდინში ვართ. რა ხდება, ეს მეორედ მოსვლა მოდაშია “ოცნებაში”?
– როგორც ჩანს, ივანიშვილი მხოლოდ იმ ადამიანებს ეყრდნობა, რომელთა მიმართაც ნდობა აქვს, რაც კიდევ ერთხელ აზიანებს ამ უწყებების ინტერესებს. ზოგადად დაბრუნება პრობლემა არ არის, მაგრამ რა პერიოდში, რა ფორმით და როგორი წესით ხდება ამ ადამიანების დაბრუნება და დაწინაურება, ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ცალსახად აჩვენებს, რა პროცესი მიმდინარეობს.
– რა პროცესი?
– ადამიანებს პირდაპირ აგრძნობინებენ, რომ თქვენ არაფერს არ წყვეტთ. ჩვენ ვწყვეტთ და ვისაც გვინდა, დავაბრუნებთ, ვისაც გვინდა, დავნიშნავთ და როგორც გვინდა, მოვიქცევით.
– სასამართლომ კენჭი უნდა უყაროს უზენაესი სასამართლოს 20 მოსამართლის კანდიდატურას. რა შეიცვლება მათი მისვლით უზენაეს სასამართლოში?
– არაფერი არ შეიცვლება. თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ ამ ადამიანებს, ამ პროცესში მონაწილეობაც კი არ უნდა მიიღონ. შეიძლება ბევრი კარგი ადამიანიც არის პიროვნულად, მაგრამ უკვე ყველანი მზად არიან, გახდნენ ამ სისტემის მსახურები.
როცა გინდა, რომ სასამართლო სისტემის ავტორიტეტი წამოიწიოს, ვისით უნდა წამოიწიოს?! ისევ ამ ადამიანებით და ამ ჯგუფის მიერ? ეს ხომ წარმოუდგენელია.
– რატომ არის წარმოუდგენელი?
– იმიტომ, რომ ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფი! მე პირადად ვიცნობ საბჭოს წევრებს, ამ საბჭოში 99% ზის ისეთი ადამიანები, რომ მათი შერჩეული რა უნდა იყოს?
– ბოლო პერიოდში სასამართლო უწყების პირველ ინსტანციაში მიღებულ გადაწყვეტილებას თითქმის უცვლელად ტოვებს და აკანონებს სააპელაციო სასამართლო. ასეთი რამ ნორმალურია?
– სააპელაციო სასამართლო დღეს ამკვიდრებს აზრს, რომ აზრი არ აქვს გასაჩივრებას.
– მაშინ სააპელაციოც და უზენაესიც ფუნქციას კარგავენ. მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მიიღება გადაწყვეტილებები?
– სწორედ ამას ნიშნავს. ამათ სასამართლოს დამორჩილება კი არ უნდათ. სასამართლო ისედაც დამორჩილებულია. სასამართლოს გაუქმება უნდათ! ამ ტიპის ადამიანების დანიშვნით, ხალხს ეუბნებიან, რომ თქვენს ბედს სასამართლო ვერ გადაწყვეტს. თქვენ ბედს გადაწყვეტენ სხვა პოლიტიკური ჯგუფები და თუ ჭკვიანად არ იქნებით, რასაც გვინდა, იმას გაგიკეთებთ.
– ასეთი მაღალი დოზით უნდობლობა სასამართლოს დიდი ხანია, არ ჰქონია.
– ნამდვილად ასეა. მიუხედავად იმ შეცდომებისა, იმ პრობლემებისა, რაც სასამართლოში ადრე იყო. სასამართლო სისტემა მეტ-ნაკლებად ვითარდებოდა, რაღაცა მაინც კეთდებოდა. დღეს ამის ილუზიის შექმნასაც კი არავინ ცდილობს. პირიქით, ისეთი ადამიანები ინიშნებიან, რომ საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას სასამართლოს იმედი არ უნდა ჰქონდეს და მან სხვა ადამიანებთან უნდა მოაგვაროს საკითხები.
– პირდაპირ მესიჯია, რომ ნუ გექნებათ სამართლიანობის იმედი?
– კი ბატონო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს. ხოლო როცა სამართალი არ არსებობს ქვეყანაში, მერე ხალხი სხვა გზას პიოულობს, სხვაგვარად ცდილობს პრობლემის მოგვარებას და ამიტომაც ხდება მერე პოლიტიკური ჯგუფების ჩარევა დავებში და გარჩევებში.
პირდაპირ ეუბნებიან მოქალაქეებს თუ ბიზნესმენებს, თქვენს საკითხს სასამართლო ვერ გადაწყვეტს. თქვენ საკითხს გადაწყვეტენ კონკრეტული ადამიანები და თუ ჩვენი კეთილგანწყობა არ გექნათ, ნებისმიერ პროცესს წააგებთ.
წარმოიდგინეთ, ეს როგორი სიგნალია ბიზნესისთვის. ვინ შეიძლება ასეთი ტიპის ქვეყანაში ფული ჩადოს?! არავინ. მხოლოდ იმ ჯგუფებს, რომლებსაც მათგან ექნებათ მხარდაჭერა. მათგან მხარდაჭერა ექნებათ მხოლოდ პოლიტიკურად დაინტერესებულ ჯგუფებს და მხოლოდ პოლიტიკური ფული შემოვა ამ ტიპის ქვეყანაში.
ამ ტიპის ქვეყანაში თავისუფალი ფული არასოდეს არ შემოვა! არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რითიც ამ ქვეყანაში თავს დაიცავ.