რამაზ საყვარელიძე – “გვეშველება რამე?! – ყველა ნაცნობი ამას მეკითხება”

რამაზ საყვარელიძე - “გვეშველება რამე?! - ყველა ნაცნობი ამას მეკითხება”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, ენდიაის სოციოლოგიური კვლევის შედეგები დაიდო. რამდენად ასახავს ეს კვლევები არსებულ რეალობას?
– საერთოდ სოციოლოგია, მით უფრო არჩევნებთან მიმართებით, იმ შემთხვევაშია უტყუარი, თუ რესპონდენტის გულახდილობაა გარანტირებული. თუ გარკვეული მიზეზებით რესპონდენტი გულახდილი არ არის, სოციოლოგია შედეგს არ იძლევა.
მახსოვს, საბჭოთა პერიოდში რელიგიის საქმეთა კომიტეტის ფარგლებში გამოკითხვას ვატარებდით მუსლიმანებით დასახლებულ რაიონებში. კითხვა იყო – ღმერთი არსებობს? ყველა გამოკითხულმა გამონაკლისის გარეშე უარყოფითი პასუხი გაცა. შიშის ფაქტორმა იმოქმედა და რასაკვირველია პასუხები არ იყო გულახდილი. ამ შემთხვევაში სრულიად ბუნებრივია, რომ რეალობა იყო ერთი, მიღებული შედეგი – მეორე.
ასეთი შიშის შედეგი იყო 2012 წლის სოციოლოგიური კვლევის შედეგი, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ძალიან მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ არჩევნებში სულ სხვა ძალამ გაიმარჯვა.
– გამოკითხულთა 49% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 10 წლის მანძილზე ასეთი განწყობა არ ჰქონიათ ადამიანებს. რა მოხდა?
– არის ერთი ფაქტორი, რაც საერთოდ არ გაითვალისწინა “ქართულმა ოცნებამ”, მაგრამ თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა მას დიდ ყურადღებას უთმობდა. ვგულისხმობ სტერეოტიპებს, რომლებიც მკვიდრდება მოსახლეობაში. დამკვიდრებულ სტერეოტიპთან ბრძოლა კი ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი.
– რას გულისხმობთ?
– მაგალითად: ქვეყანა არ ვითარდება, არაფერი არ კეთდება. მერე ეს კვლევებშიც აისახება. ამ სტერეოტიპს დაბეჯითებით ამკვიდრებს ოპოზიცია და ეს სრულიად ბუნებრივია. ოპოზიციის ამოცანაც ესაა, მაგრამ ხელისუფლებას საპასუხო რეაქცია უნდა ჰქონდეს. ეს რეაქცია რომ არ ჩანს, ეს არის არაბუნებრივი. კრიტიკული სტერეოტიპი პოზიტიური სტერეოტიპით უნდა დააბალანსოს.
– ასეთი განწყობები შეიძლება მხოლოდ სტერეოტიპს დავაბრალოთ თუ ადამიანების პირადი განცდაც შეიძლება ასეთი იყოს?
– სულაც არ ვგულისხმობ, რომ სტერეოტიპის ქვეშ ადამიანის განცდა არ არის. სწორედ სტერეოტიპი ქმნის განცდებს. ქუჩაში რამდენი ნაცნობი შემხვდება, იმდენი მეკითხება – გვეშველება რამე? მეგობრები ამ კითხვისგან მინდობენ.
გამოდის, რომ ადამიანებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ ხელისუფლებისგან. მათ აქვთ განცდა, რომ ქვეყანა ინგრევა, რადგან მხოლოდ ეს ესმით. არაფერი ამის საპასუხი “ქართული ოცნებისგან” არ ესმით, დიდი დიდი, ნაციონალურ მოძრაობას უთხრან – თქვე ნაციონალებო!
– “ქართული ოცნება” რა სტრატეგიით შედის წინასაარჩევნო კამპანიაში, რამდენად იქნება ეს შედეგები მისთვის სახელმძღვანელო?
– მიუხედავად ბევრი შეცდომისა, მე მაინც არ ვთვლი, რომ არჩევნების ამ რაუნდს “ოცნება” წააგებს, რადგან არანაკლებ შეცდომას, თუ მეტს არა, ოპოზიცია უშვებს. 2020 წლის არჩევნებიც ზუსტად იმ ჭრილში ჩაივლის, როგორც ჩაიარა საპრეზიდენტო არჩევნებმა – უარესიდან რომელი ავირჩიოთ!
– კვლავ არჩევანი იქნება ცუდსა და უარესს შორის?
– დიახ, რა თქმა უნდა! აბა სად გვაქვს კარგი არჩევანი! პოლიტიკაში იდეალური არჩევანი არ არსებობს. თუმცა, ეს სულაც არ არის გასაკვირი, ბოლო დროს დასავლეთის ქვეყნებშიც მსგავსი ტენდენცია მძლავრობს. მაგალითად, ამერიკაში ხალხმა ჰილარი კლინტონს დონალდ ტრამპი ამჯობინა. ეს კიდევ სხვა რაღაცაა.
– პროპორციული საარჩევნო სისტემის მიუხედავად, 2020 წლის არჩევნებში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს?
– დიახ, არსებული მოცემულობით გაიმარჯვებს.
– ისეთ პროცენტულ მაჩვენებლებს აიღებს, რომ მინისტრთა კაბინეტს ერთპიროვნულად დააკომპლექტებს?
– აი, სწორედ ეს საკითხია მნიშვნელოვანი. მე კი ვთქვი, რომ “ქართული ოცნება” პირველ ადგილზე გავა, მაგრამ რამდენად დააკომპლექტებს მთავრობას, ეს დღეს რთული სათქმელია. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” მედგრად იბრძოლებს, რათა ის უმრავლესობა აიღოს, რომ მხოლოდ მან დააკომპლექტოს მთავრობა. ეს დაუნდობელი ბრძოლა კი “ევროპული საქართველოს” დამსახურება იქნება.
– რატომ?
– მისი ბოლოდროინდელი შეურიგებელი პრინციპი, რომ არავინ დაეხმაროს “ქართულ ოცნებას” მთავრობის შექმნაში, რომ არავინ არ ითანამშრომლოს მმართველ პარტიასთან, მმართველ პარტიას უბიძგებს, არჩევნები მოიგოს ისე, რომ არავის დახმარება არ დასჭირდეს მთავრობის ფორმირებაში.
“ევროპულ საქართველოს” “ქართული ოცნება” ასეთივე შეურიგებლობით უპასუხებს.

ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ ამომრჩეველიც დადგეს კვლავ იგივე არჩევანის წინაშე, როგორის წინაც ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დადგა.