სოფო კილაძე – “ძიძაც ვყოფილვარ, ჭურჭლის მრეცხავიც, ოფიციანტიც, ფაბრიკაშიც ვიმუშავე”

სოფო კილაძე - "ძიძაც ვყოფილვარ, ჭურჭლის მრეცხავიც, ოფიციანტიც, ფაბრიკაშიც ვიმუშავე"ჩვენს რესპონდენტს დიდი წარდგენა არ სჭირდება. სოფო კილაძე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა,

– სკოლა ახალი დამთავრებული გქონდათ, როცა გერმანიაში წახვედით. ასეთ ახალგაზრდა ასაკში არ გაგიჭირდათ უცხო ქვეყანაში მარტოობა?
– ნამდვილად არ იყო ია-ვარდით მოფენილი გზა. თავიდან ძიძად წავედი, რადგან გერმანული არ ვიცოდი. მხოლოდ ინგლისურად და რუსულად ვსაუბრობდი. ერთი წელიწადი ოჯახში ვიმუშავე. 4 წლის ბავშვს ვუვლიდი და ამ ოჯახთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. რომ ამბობენ, გერმანელები ცივი ხალხიაო, ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა. ის ადამიანები, რომლებთანაც ვმუშაობდი, გვერდით დამიდგნენ და ყველაფერში დამეხმარნენ.

ერთ წელში იმდენი მოვახერხე, რომ ენაც საფუძვლიანად შევისწავლე. სხვათა შორის, თავად ვისწავლე, დამოუკიდებლად ისევე, როგორც მანამდე ინგლისური და რუსული. დღე ვმუშაობდი და ღამე ვსწავლობდი, შაბათ-კვირასაც სწავლისთვის ვიყენებდი. ერთ წელიწადში ჩავაბარე უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

ამის მერე უფრო რთული პერიოდი დაიწყო. ენა ახალი ნასწავლი მქონდა, გერმანული იურიდიული ენის გაგება კი გერმანელებსაც უჭირთ, არათუ უცხოელებს. ვუყურებდი, როგორ იჭრებოდა სახელმწიფო გამოცდებზე უფროსკურსელების 30-40 პროცენტი და ამით სრულდებოდა მათი კარიერა. ემოციურად ძალიან რთული იყო ამის ყურება. სახელმწიფო გამოცდაზე ჩაჭრა იურიდიული კარიერის დასასრულია, მეორე შანსი აღარ გექნება, დიდი რისკია, რომ ან დაამთავრებ, ან ვერა და სტუდენტობის რთულ წლებს წყალში გადაყრი. თავდაუზოგავი შრომით შევძელი უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება.
– მატერიალური დახმარება არ გჭირდებოდათ?
– ჩემს ოჯახს საქართველოდან არ ჰქონდა ჩემი რჩენის შესაძლებლობა, თავად მიწევდა მუშაობა და ყველა ხარჯის დაფარვა. დღე ლექციებზე დავდიოდი, საღამოს და შაბათ-კვირას ვმუშაობდი, ხანდახან ლექციებზეც ვერ მივდიოდი სამსახურის გამო. ძიძაც ვყოფილვარ, ჭურჭლის მრეცხავიც, ოფიციანტიც, ფაბრიკაშიც ვიმუშავე არდადეგების პერიოდში. არც ერთ სამსახურს არ ვთაკილობდი და დღესაც მგონია, თითოეული ადამიანი, ვინც ღირსეულად და პატიოსნად შრომობს, დასაფასებელია. შრომა არავის აკნინებს…
– ფიზიკურ დატვირთვას სახლში მიჩვეული იყავით? თუნდაც საოჯახო საქმეების დონეზე…
– არ ვიყავი მიჩვეული სახლის საქმეს. ძირითადად, დედა და ბებია საქმიანობდნენ, მე მაინც სწავლითა და განათლებით ვიყავი დაკავებული, მაგრამ როცა დამჭირდა, ჩემში ეს ძალა ვიპოვე. დედისა და ბებიის გვერდით ცხოვრებამ, როგორც ჩანს, მაინც მასწავლა ბევრი რამ და ახლა დიასახლისობა და საჭმლის კეთებაც კარგად გამომდის. სამწუხაროა, რომ ამისი დრო ხშირად არ მრჩება. დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებ. ყველა დამლაგებელს ვიცნობ, იმიტომ, რომ ადრიანად მივდივარ იქ და ხშირად ჩემს თანაშემწეებზე გვიან ვბრუნდები. ჟურნალისტებმაც იციან, რომ ყველაზე გვიანი ჩართვისთვისაც კი ჰყავთ რესპონდენტი ჩემი სახით. იციან, რომ “სოფო მაინც დახვდებათ” (იცინის).
– გერმანიის შემდეგ საქართველოში მუშაობამ რა სიახლეები მოგიტანათ, რა განსხვავება იგრძენით ყველაზე მეტად?
– სხვაობა, რა თქმა უნდა, იყო. ყველაზე მეტად, რაც ხელს მიშლის მუშაობაში დღესაც, ეს არაორგანიზებულობა და ქაოსია. ქართველებს გვიჭირს დისციპლინა და წესრიგი, არადა ასეთი არაორგანიზებულობით ადამიანებიც და ქვეყანაც ბევრს კარგავს. თავად სულ ვცდილობ, რომ ყველაფერი წინასწარ მქონდეს დაგეგმილი, ვცდილობ, ყოველი წუთი გამოვიყენო, მაგრამ ჩვენთან ბოლომდე ასე არ გამოდის. ჩვენ თუ შევძლებთ, გამოვასწოროთ ჩვენი არაორგანიზებულობა, ქვეყანაში ბევრი რამ ბევრად უკეთ გამოგვივა და უფრო წინ წავალთ.
– ამასობაში დაქორწინდით… ბავშვი საქართველოში გააჩინეთ?
– დიახ, საქართველოში გავაჩინე. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი ოჯახი მოვარიდო ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას. ჩემზე დიდი წნეხი მოდის და მინდა, ჩემი მეუღლე და შვილი ამ ყველაფერს მოვარიდო. ამიტომ არასდროს გამომყავს ბავშვი სხვადასხვა ღონისძიებაზე. არც მის ფოტოებს ვასაჯაროვებთ.
– რა მიგაჩნიათ დღეს ახალი თაობის მთავარ პრობლემად? რა არის გასაძლიერებელი, რაც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს?
– წლების განმავლობაში ძალიან დიდი რესურსი ჩაიდება განათლების მიმართულებით და, რა თქმა უნდა, აქ ბაღებიდან ვიწყებთ. მთელი რიგი საკითხები გავითვალისწინეთ ბავშვის უფლებების კოდექსში, რომელიც ორსულობის პერიოდიდან დაიცავს ბავშვს, რადგან დედებს ხელს შევუწყობთ ღირსეულ პირობებში აღზარდონ საკუთარი შვილები. ეს მხოლოდ შეჭირვებული ოჯახების ფინანსური დახმარება არ იქნება, კოდექსში მთელი რიგი საკითხებია, რომ ოჯახი გააძლიეროს. ჯანსაღი თაობა რომ გაიზარდოს, სახელმწიფო გვერდით უნდა დაუდგეს ოჯახებს. ეს არის სისტემური რეფორმა. თუ გვინდა ქვეყანა იყოს ძლიერი, უნდა დავიწყოთ ბავშვით.

მშობლები