ბექა ნაცვლიშვილი – “ცხრა წელზე საუბარმა შეიწირა ყველაფერი”

ბექა ნაცვლიშვილი - “ცხრა წელზე საუბარმა შეიწირა ყველაფერი”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
კოალიცია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ბექა, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ნოემბერში პოლიტიკას უბრუნდება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გააქტიურდეს. თქვენ რას უკავშირებთ მათ პოლიტიკაში დაბრუნებას?
– რამდენი ადამიანიც არ უნდა დაბრუნდეს ან ახალი გამოჩნდეს, ქართული პოლიტიკის შინაარსს ვერ შეცვლის.
– მათი დაბრუნება პოლიტიკურ ლანდშაფტს ვერ შეცვლის?
– ვერ შეცვლის! რამდენი ბანკირი შემოვა პოლიტიკაში, რამდენი წარსულში გაბრაზებული და ნაწყენი ადამიანი დაბრუნდება, ეს რას შეცვლის და რას გვიშველის?! მთავარი არის ახალი იდეები. სახეები, პერსონები მეორე და მეათე ხარისხოვანია.
ვინც მოდის ყველა ერთი და იგივეს ამბობს და ერთმანეთს ებრძვიან. ეს არის ქართული პოლიტიკა, ამას ვერ გაცდა. მთელი პოლიტიკა შოუ გახდა, რომელიც ტელეეთერებში მიდის. ამის შემხედვარე ხალხი კი გაწბილებულია, რადგან მისთვის არაფერი არ იცვლება. ამ 30 წლის მანძილზე ერთი და იგივე ხდება, ეს ცირკი არა და არ მთავრდება. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ყველაზე დიდი პრობლემა.
იდეების ჭიდილი, რეალური ხედვების ჭიდილი არ არის. საქმეს ვინ უკეთ გააკეთებს და როგორ გააკეთებს, ამაზე კი არ არის საუბარი, ოღონდ მე მოვიდე, ამაზეა საუბარი! მითხარით, ვაჟა ერქმევა, არჩილი ერქმევა თუ ვინც არ უნდა ერქვას, რა მნიშვნელობა აქვს?! რეალურ ცვლილებებს პოლიტიკოსები ვეღარ მოახდენენ, პოლიტიკოსები უკვე ვერაფერს ვეღარ შეცვლიან.
– აბა ვინ უნდა შეცვალოს?
– ხალხმა. თავად ხალხი თუ გააკეთებს რამეს. ხაზარაძე და კეზერაშვილი თუ გამოჩნდებიან, მათი იმედი არ უნდა გვქონდეს. ოლიგარქები საკმარისად გვყავს პოლიტიკაში, მეტი აღარ გვჭირდება.
დახლები კი არ გვჭირდება, გვჭირდება ხალხი, ადამიანები, რომლებიც ტელევიზორებში არ ჩანან. პირადი ამბიციებითა და ურთიერთწყენებით გამოწვეული და გაბრაზებული პოლიტიკოსების დრო წარსულს უნდა ჩავაბაროთ. უბრალო ხალხი უნდა მოვიდეს, გულანთებული ხალხი, რომელიც მოიტანს ცვლილებებს.
– შვიდწლიანი მმართველობა შეაჯამა “ქართულმა ოცნებამ”, თქვენ თავის დროზე ამ ერთობაში იყავით. რას იტყვით?
– სერიოზული შეჯამება იყო! უკეთესს ვერ ინატრებდი! გულის მომაკვდინებელი იყო ის სიტყვა, რომელიც ვითომ აჯამებდა ამ შვიდწლიან მმართველობას.
გული მწყდება იმაზე, რომ 2012 წელს ადამიანებში ჩასახული იმედები, ტემპერამენტი, დუღილი, შემართება, უკეთესის მოლოდინი სრულიად დაიკარგა, გაქრა. მეტიც, ადამიანები პირიქით უიმედობაში გადავარდნენ. მთელი სულისკვეთება, ერთიანობის განცდა, რომელიც ნამდვილად იყო, დაიკარგა.
ცხრა წელზე საუბარმა შეიწირა ყველაფერი. ადამიანების მდგომარეობა არ გამოსწორებულა, ეკონომიკური ვითარება არ გაუმჯობესებულა, სამართლიანობა არ აღმდგარა. მართალია, ძალადობა არ არის და სახელმწიფოს რეპრესიული აპარატი იმდენად ძლიერი არ არის, როგორც მაშინ იყო, მაგრამ განვითარება არ არის. ქვეყანა წინ ვერ მიდის. სამწუხაროდ, ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადავდგით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით.
– ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველა ხელისუფლებამ დაკარგა ტერიტორიები, ჩვენს ხელისუფლებას ტერიტორიები არ დაგვიკარგავსო.
– ეს რა, ხელისუფლების მახასიათებელი ხომ არ უნდა იყოს?! მცოცავ ოკუპაციას რას ვუშვრებით?!
ადამიანები ქვეყნიდან გადიან, გადიან იმიტომ, რომ აქ საკუთარ მომავალს ვერ ხედავენ. როდესაც ადამიანებს მომავლის იმედი არ აქვთ და უიმედობაში არიან, ეს ყველაზე დიდი მტერია სახელმწიფოსი.
ერთადერთი, რითაც თავს იწონებდა “ქართული ოცნება”, ჯანდაცვის რეფორმა იყო, აქაც მაგრამ რა მოხდა – ერთი ხელით რეფორმა გატარდა, ადამიანებს ამან მართლაც სულზე მიუსწრო, მაგრამ კერძო კომპანიები გამდიდრდნენ და რეფორმა წინ ვეღარ წავიდა. ცხადი იყო, რომ ეს რეფორმა საბოლოო ჯამში განწირული იყო.
იმის ნაცვლად, რომ ეს შვიდი წელი გამოგვეყენებინა ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად, წინა შეცდომების გასააზრებლად, პირიქით მოხდა. ეს მიმაჩნია ყველაზე დიდ შეცდომად. ეს დრო ვერ გამოვიყენეთ.
– რატომ, პოლიტიკური ნება არ არის თუ არ შეუძლიათ საქმის კეთება?
– არავინ არ იღებს პასუხისმგებლობას. ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, გრძელვადიან განვითარებაზე აღარავინ საუბრობს. ამ მისიას საკუთარ თავზე არავინ იღებს. არც ერთმა მინისტრმა არ იცის, ხვალ და ზეგ სად იქნება.
– ამიტომ ურჩევნიათ, არაფერი არ გააკეთონ?
– რა თქმა უნდა! მეორე, იდეოლოგია, მათი მიდგომა. რაღაც რწმენა აქვთ, რომ უხილავი ხელი დაარეგულირებს. როგორც ამბობენ, ბაზარი დაარეგულირებს, ბაზრის ყოვლისშემძლეობაზე არიან ორიენტირებული.
– მაგალითად, რას ამბობენ?
– რომ ბაზარი შექმნის სამუშაო ადგილებს. თურმე ბაზარი გადაარჩენს ყველა ადამიანს ამ ქვეყანაში. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ვერ მიხვდნენ, რომ ეს ფუჭი იმედებია. ჩვენ კიდევ ამის გვჯერა. გვჯერა მსოფლიო ბანკის იმ კვლევების, რომლებიც გვეუბნება, რომ თურმე რაღაც მაჩვენებლებით დავწინაურებულვართ, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი უკან მოგვიტოვებია.
შემოიტანეს ტაქსის რეგულაციები, რომლითაც ადამიანებს ცხოვრება უფრო ურთულდებათ, უფრო უძვირდებათ. მოქალაქეები როგორ ჩავახრჩოთ რეგულაციებში, ამას ვფიქრობთ, იმას კი არა, მეტი სამუშაო ადგილი როგორ შევქმნათ. დოვლათის გადანაწილებაზე, მის შექმნაზე არავინ ფიქრობს. ვერ გეტყვით, ეს რისი ბრალია – გაუბედაობის, უმოქმედობის თუ მსხვილი ბიზნეს ინტერესების დიქტატის, რომელიც შეიძლება ხელისუფლებაზე ვრცელდება.
– ბიზნეს ინტერესებს ვინ ლობირებს?
– არ ვიცი. ხვალ პარლამენტში შევდივარ კანონპროექტების ინიცირებით მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებით და ვნახოთ, მაგრამ უკვე არის მითქმა-მოთქმა, ვინ გაიმარჯვებს, ვის უფრო მეტი ძალა ექნება და ა.შ. საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა გაიგოს და ანალიზი გააკეთოს.