გია ხუხაშვილი – “ირაკლი კობახიძე ანა დოლიძისგან ოქტომბრელის ნიშანს უნდა დაელოდოს”

გია ხუხაშვილი - “ირაკლი კობახიძე ანა დოლიძისგან ოქტომბრელის ნიშანს უნდა დაელოდოს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო გია, ანა დოლიძე 2020 წლის არჩევნების შემდეგ ირაკლი კობახიძეს და პარლამენტში მის მეგობრებს ოქტომბრელის გულსაბნევის დაკიდებას პირდება. ოპოზიციურ ფლანგზე ვის რა შანსები აქვს?
– პირველ რიგში, თუ ანა დოლიძეს მართლაც უნდა, რომ პოლიტიკური ოქტომბრელის ნიშანი დაკიდოს ირაკლი ბობახიძეს, მაშინ აუცილებლად მოუწევს პარტიის შექმნა და არჩევნებში მონაწილეობა.
რაც შეეხება რეალურ პროგნოზებს, გამიჭირდება, რადგან პოლიტიკური მოზაიკა სრულად ჩამოყალიბებული არ არის. ელექტორატში ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის მოთხოვნაა. არსებული პოლიტიკური ცენტრები, რომლებიც წლების განმავლობაში დომინირებდნენ პოლიტიკაზე, ვგულისხმობ “ქართულ ოცნებას”, “ნაციონალურ მოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს”, მათი ჯამური მაჩვენებელი 40%-ს არ აღემატება. ამომრჩევლის 60% დღეს არჩევანის გარეშეა.
ანა დოლიძე, მამუკა ხაზარაძე, ალეკო ელისაშვილი ვერ შეძლებენ ამ დეფიციტურ მოთხოვნაზე ღირსეული შეთავაზების გაკეთებას.
– რატომ ვერ შეძლებენ?
– სტაბილურობა არ შეუძინიათ, პოლიტიკურ მოძრაობად არ ჩამოყალიბებულან. მათი პოლიტიკური რეიტინგი დღეის მდგომარეობით განსაზღვრადი არ არის. რა თქმა უნდა, თეორიულად შანსი ძალიან მაღალია, მაგრამ რამდენად შეძლებენ სტაბილური რეიტინგის აკრეფას, დღეს ამის თქმა რთულია.
– ამ ერთ წელიწადში შეიძლება კიდევ ახალი ძალა გამოჩნდეს თუ წამყვანი ძალები უკვე არიან?
– ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირების ყველაზე მაღალი შანსი აქვს “ლელოს”, რადგან რესურსებით არის უზრუნველყოფილი და გარკვეული სამუშაოებიც ჩატარებული აქვს.
ანა დოლიძესაც აქვს გარკვეული შანსები.
ნულოვანი ბარიერის პირობებში, მცირე პარტიები დიდი რაოდენობით აღმოჩნდებიან პარლამენტში. ე.წ. უნაშთო არჩევნებია 2020 წლის არჩევნები. აქიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესო პროცესები იქნება უკვე პარლამენტს შიგნით. კოალიციის ფორმირების საკითხი დგება დღის წესრიგში.
– თუმცა, ამას კობახიძე 60%-ით გამორიცხავს.
– კობახიძე 45%-დან ავიდა 60%-ზე. როგორც ჩანს, მას ექსკლუზიური არითმეტიკა აქვს. ჯობია, ოქტომბრელის ნიშანს დაელოდოს ანა დოლიძისგან.
“ქართული ოცნების” დღევანდელი მდგომარეობა არანაირ საფუძველს არ ტოვებს, რომ 60%-ზე რეალურად ვისაუბროთ. “ქართული ოცნება” არჩევნებს ერთადერთ შემთხვევაში მოიგებს: თუ ეს პარტიები იმედს გაუცრუებენ ხალხს და არჩევანის გარეშე დატოვებენ. თუ არჩევანი ისევ ორპოლუსიანი იქნება. თუ ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლა გამოგვიცხადეს და მხოლოდ ნეგატიური არჩევანის ამარა დაგვტოვებენ – ან “ქართული ოცნება” ან ნაციონალური მოძრაობა! ეს მოცემულობა არის ერთადერთი შანსი, რომ კობახიძის პროგნოზი მართლაც ახდეს.
– გულისხმობთ იმას, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე მოხდა?
– დიახ! ორპოლუსიანი არჩევანის სცენარი, რისი გათამაშებისთვისაც ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, მე მაინც მგონია, რომ ამ ეტაპზე არ გამოუვათ.
– რატომ ფიქრობთ, რომ არ გამოუვათ?
– პროპორციული არჩევნებიდან და ნულოვანი ბარიერიდან გამომდინარე. ბევრი პატარა პარტია შევა და აუცილებელი გახდება პოსტსაარჩევნო კოალიციის ჩამოყალიბება. მართალია, “ოცნებას”, როგორც პირველ ადგილზე გასულს (თუ რასაკვირველია პირველ ადგილზე გავა) ექნება პრემიერის დასახელების უფლება, მაგრამ თუ ამ კანდიდატს პარლამენტი არ დაუმტკიცებს და ჩაუგდებს, მაშინ პარლამენტის ერთ მესამედს ექნება ალტერნატიული მთავრობის ინიცირების უფლება.
ძალიან საინტერესო პოლიტიკური წელი გველოდება წინ.
– დღეს ყველა მთავარი პოლიტიკური მოთამაშე ამბობს, რომ “ოცნებას” არ დაეხმარება მთავრობის ფორმირებაში. ეს არის მხოლოდ პოლიტიკოსების განცხადება და საქმე საქმეზე მიდგება, ყველა მოინდომებს მთავრობაში ყოფნას?
– რა თქმა უნდა! პოლიტიკაში საერთოდ ხიდები ბოლომდე არასდროს არ იწვება. შესაბამისად, ნებისმიერი ალიანსი შეიძლება ვიხილოთ. თუმცა, ამ მხრივ “ქართულ ოცნებას” ყველაზე ნაკლები მანევრის საშუალება აქვს.
– რატომ?
– ივანიშვილის მმართველობის მოდელი აბსოლუტურ ძალაუფლებაზე დგას. ის არანაირად არ არის მზად, რომ ძალაუფლება ვინმეს გაუყოს. ამ დაუოკებელმა სწრაფვამ ძალაუფლებისკენ “ქართულ ოცნებას” შეიძლება დათვური სამსახური გაუწიოს.
– რას გულისხმობთ?
– იმას ვგულისხმობ, რომ შეიძლება ხელისუფლების მიღმა დარჩნენ. მათ გარეშე შეიძლება პარლამენტში შესულმა პარტიებმა შექმნან მთავრობა.