კახა კუკავა – “ნაციონალური მოძრაობა დღეს თავმოკვეთილი ქათამივითაა”

კახა კუკავა - “ნაციონალური მოძრაობა დღეს თავმოკვეთილი ქათამივითაა”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს
– ბატონო კახა, ხელისუფლება მესამე ვადით დასარჩენდ ემზადება, არჩევნები გვაქვს მოსაგებიო, აცხადებენ მინისტრები, ოპოზიცია კი იმის მაგივრად გაერთიანდეს, ერთმანეთს დაერია და ყველა ცალ-ცალკე მიიწევს. ასევე შემოდიან ახალი მოთამაშეები. რა პროცესები მიმდინარეობს?
– “ქართული ოცნების” სტრატეგია, რომელიც მან აირჩია 20 ივნისის შემდეგ, ტაქტიკურად სწორი ნაბიჯია და ეს არის ზუსტად იგივე ნაბიჯი, რაც თავის დროზე შევარდნაძემ აირჩია 1992 წელს, როდესაც მან მოხერხა და კანონის დარღვევითაც კი ყველა პარტია შეიყვანა პარლამენტში. მაშინ შევარდნაძე კარგად ხვდებოდა, რომ იმდენად დაბალი ლეგიტიმაცია ჰქონდა, ერთპარტიული პარლამენტი რომ შეექმნა, ამით მტრად გადაიკიდებდა ყველას. თვითონვე იყო დაინტერესებული მრავალპარტიული პარლამენტის შექმნით.
– იგივე მიზანი აქვს “ქართულ ოცნებას”?
– კი, იმიტომ, რომ 20 ივნისის მერე “ქართული ოცნება” შეეჩეხა იმ პრობლემას, რასაც ჰქვია ყველა მინუს ერთი. “ქართული ოცნება” დარჩა ყველა მინუს ერთში. ამ პროცესს რამდენიმე წელი უმკლავდებოდა, თუმცა ივნისის მოვლენების შემდეგ, იძულებული გახდა, ეს ტაქტიკა შეეცვალა. ეს იყო დაგვიანებული, იძულებით გადადგმული, მაგრამ სწორი ნაბიჯი. თვითგადარჩენის ინსტიქტმა გადაადგმევინა ეს ნაბიჯი.
დღეს ხელისუფლება სწორედ ამ ამოცანას ისახავს მიზნად, რომ 30-40%-მდე ხმები აიღოს საპარლამენტო არჩევნებზე და შემდგომ მოახერხოს კოალიციის შექმნა, როდესაც ოპოზიციური პარტიები დადგებიან არჩევანის წინაშე.
– რომელი არჩევანის, ვისთან შევიდნენ კოალიციაში?
– დიახ, საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე, ვისთან შექმნან კოალიცია?! ან უნდა დარჩნენ სრულ ოპოზიციაში, ან კოალიცია უნდა შექმნან “ოცნებასთან” ან ნაციონალებთან. “ქართული ოცნება” დღეს ცდილობს, რომ ამ ორ უბედურებას შორის დაამტკიცოს, რომ “ოცნებაა” ნაკლები უბედურება და არა – ნაციონალები. თუმცა საზოგადოება საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა, რომელი უფრო დიდი უბედურებაა.
– რას ცდილობს ნაციონალური მოძრაობა?
– დღეს ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია, რომელიც არაფერს ცდილობს და თავმოკვეთილი ქათამივითაა, მხოლოდ ფართხალებს. თუ მისი ამოცანაა ხელისუფლების შეცვლა, მაშინ ყოველთვის უნდა იფიქრო ფართო კოალიციის შექმნაზე და იმაზე, რომ ყველა მინუს ერთში დატოვო ხელისუფლება. ნაციონალური მოძრაობა კი ამ კონტექსტში ვეღარ ეწერება. სააკაშვილიც ამოვარდნილია ფორმიდან და მიდის პირიქითა პროცესი.
ჯერ დაგვერივნენ ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც სააკაშვილს არ აღიარებს და გამოგვაცხადეს რუსეთის ჯაშუშებად და თვითონვე მოუღეს ბოლო იმ ოცეულის ფორმატს, რომელიც შეიქმნა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზნით და ამითი საერთოდ დასამარდა იმისი თეორიული შესაძლებლობაც კი, რომ თანამშრომლობა ყოფილიყო ნაციონალურ მოძრაობასა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის.
მერე თავისივე პარტიიდან გასულებს დაერია, ბოკერია იყო ჩემი მაცდუნებელი ეშმაკი, თორემ მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარო.
– ეს რა სტრატეგიაა სააკაშვილის მხრიდან?
– ეს სტრატეგია არ არის, ეს თვითგანადგურებაა. “ოცნებას” პირიქით თვითგადარჩენის სტრატეგია ჩაერთო, ის, რაც გადაწყვიტეს საარჩევნო კანონთან დაკავშირებით, სწორი სტრატეგია იყო.
ეს ნაცმოძრაობის შანსებს ანახევრებს, გამორიცხავს, რომ მან რაიმე ტიპის სამთავრობო კოალიცია შექმნას. სამთავრობო კოალიციის შექმნა დამოკიდებულია როგორც შენ მიერ აღებულ ხმებზე, ასევე იმაზე, რამდენად შეგიძლია სხვასთან მოლაპარაკება. ნაცებმა კი თავადვე აირჩიეს თვითმარგინალიზაციის გზა.
– არასაპარლამენტო ოპოზიციაზე რას იტყვით? საერთოდ აღარ ცდილობს არასაპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანებას, პარტიებს გაუჩნდათ იმედი, რომ ცალ-ცალკე გადალახავენ 0,67%-იან ბარიერს და შემდეგ კარგად ივაჭრებენ ხელისუფლებასთან.
– ოპოზიცია რომ აღარ ცდილობს გაერთიანებას, ეს ფაქტია და ეს გამომდინარეობს საარჩევნო სისტემიდან. რაც შეეხება იმას, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ივაჭრებს მთავრობასთან, ეს არის ნაცების პოზიცია, ისინი საუბრობენ ამაზე განაწყენებული პოზიციიდან, როდესაც თვითონვე მოიკვეთეს გზა არასაპარლამენტო ოპოზიციისკენ და ახლა წინასწარ ეჭვიანობენ იმაზე, რომ ეს პარტიები შექმნიან კოალიციას.
ნაციონალებმა ჩათვალეს, რომ რად გვინდა 1%-იანი პარტიები და მათთან ლოლიავი, მარტოც კარგად ვიქნებითო. ახლა კი ირკვევა, რომ ეს პარტიები საჭირო ყოფილან და ისინი ჯამში საკმაოდ სოლიდურ პროცენტს აგროვებენ პარლამენტში.
– რა სურათს მივიღებთ 2020-ში?
– 2020-მდე თუ მივედით… მთავარი შეკითხვა ის კი არ არის, რას მივიღებთ, არამედ არჩევნები თუ ჩატარდება. თუ ჩატარდა არჩევნები, ეს იქნება საქართველოსთვის 1990 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები. დამოუკიდებლობის გამოცხადების დონის ამბავი იქნება ეს. თუ არ მოხდა იგივე, რაც მოხდა 1991 წელს. დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება და არ დაუშვებს სახელმწიფო ამას.
– რატომ იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, თუკი ჩავატარეთ არჩევნები?
– “ქართული ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ვერც სხვა რომელიმე პარტია, ხმების 50%-ს ვერ მიიღებს. ეს ვიცით გარანტირებულად. ეს არა მხოლოდ იურიდიულად შეცვლის ძალთა თანაფარდობას ქვეყანაში, ეს შეცვლის ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრ რაღაცას.
“ოცნება” ვეღარ იქნება ფეოდალი პარტია, თითს რომ გაატკაცუნებდა ღამით და დილით იმ გადაწყვეტილებას იღებდა პარლამენტი, ეს ასე ვეღარ მოხდება. რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ივანიშვილი იძულებული იქნება, რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან აწარმოოს კონსულტაციები და ეს იქნება სრულიად სხვა რეალობა.