ხათუნა ლაგაზიძე – „კვირიკაშვილმა გაცილებით მეტი იცის, ვიდრე ლაპარაკობს”

ხათუნა ლაგაზიძე - „კვირიკაშვილმა გაცილებით მეტი იცის, ვიდრე ლაპარაკობს”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
რატომ გამოჩნდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი? ცეცხლს ხომ არ ეთამაშება ამ გადაწყვეტილებით? ვისი ინიციატივით შედგა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა რეალურად? რას ემსახურებოდა ეს შეხვედრა? და რატომ მაინცდამაინც ახლა? – ამ და სხვა პოლიტიკური მოვლენების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს.
– ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გამოჩნდა, რომელმაც გააკრიტიკა “ქართული ოცნება”. კი თქვა, რომ არ აპირებს აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა გვითხრა, რომ მას ექნება პოზიციები სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებზე. რით ხსნით მის გამოჩენას?
– მე ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე, რატომ დუმდა ერთი წელი და რატომ ალაპარაკდა დღეს. რატომ დააფიქსირა პოზიცია მაინცდამაინც დღეს, თუმცა არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც ფიქრობს, მას პირში წყალი უნდა ჩაეგუბებინა და საერთოდ არაფერი უნდა ეთქვა. ის ამბობს, რომ ექნება მოქალაქეობრივი პოზიცია და როგორც მოქალაქეს და როგორც ყოფილ პრემიერს ექნება პოზიციები იმ მანკიერებებზე, რასაც ის ხედავს. თუკი მას პასუხისმგებლობა ალაპარაკებს, როგორც მოქალაქეს და ექსპრემიერს, ეს კარგია.
რაც შეეხება იმას, რაც მან ილაპარაკა, გვითხრა, რომ პოლიტიკაში არ მოვდივარო, მაგრამ როცა აფიქსირებს პოზიციას და ამბობს, რომ მომავალშიც დააფიქსირებს მას, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ის პოლიტიკაშია. როგორც ჩანს ის გულისხმობს იმას, რომ ის არ იქნება რომელიმე პარტიის წევრი და არ იბრძოლებს თანამდებობისთვის. თუმცა, პოლიტიკაში ყოფნა მარტო ეს არ არის. ერთგვარად პოლიტიკაა მისი მხრიდან საზოგადოებრივი განწყობების ჩამოყალიბებაც.
ის, რომ თითქოს ხაზარაძე და ის შეთქმულები იყვნენ და ივანიშვილს რაღაცას უწყობდნენ, ამაზე თქვა, რომ ამას არანაირი საფუძველი არ აქვსო და მე ვფიქრობ, რომ ის ამაში მართალია.
– თუმცა, მან ისაუბრა ანაკლიის თემაზე და თქვა, რომ ხელისუფლება არასწორად იქცევა ანაკლიის თემისა და ხაზარაძის მიმართ.
– დიახ, მაგრამ მე ვგულისხმობ იმას, რომ მან თქვა, ხაზარაძესთან ერთად ივანიშვილს ძირს არ ვუთხრიდიო და მგონია, რომ გულწრფელი იყო, რადგან ის არ ტოვებს ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელსაც ზურგში ჩარტყმა შეუძლია.
როცა ანაკლიის ბედი წყდებოდა ის ჯერ ეკონომიკის მინისტრი იყო, ხოლო შემდეგ – პრემიერი და ბევრ ჩვენგანზე მეტად აქვს ინფორმაცია ამის თაობაზე. აქ მინდა მოვიყვანო ამონარიდები ევროპაში ამერიკის ჯარების სარდლის ბენ ჰოჯესის ინტერვიუდან, სადაც ის ღია ტექსტით საუბრობს ბევრ რამეზე და მათ შორის ანაკლიაზეც.
მაგალითად, ის საუბრობს იმაზე, რომ უნდა ნახოს „საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო თავდაცვის ავტომატური სანაოსნო სისტემების კუთხით“, ამბობს იმასაც, რომ „საოცნებო სცენარი იქნება, თუ ჩვენი გემები ანაკლიის პორტში შევლენ, იქნება ეს ტექნიკური თუ აღდგენითი სამუშაოებისთვისო“.
დაახლოებით ამავე ფუნქციით იყენებდა ომის დაწყებამდე რუსეთი ხმელთაშუა ზღვაში, სირიაში თავის ბოლო საზღვაო ბაზას. ჰოჯესი ახმოვანებს ამერიკის პოლიტიკური ელიტის ნაწილის პოზიციას, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს საშუალებას მისცემდა, ერთის მხრივ, გამხდარიყო შავი ზღვის უსაფრთხოების ერთიანი სივრცის ნაწილი, „რომლის ფარგლებში მოხდება თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა, წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლის უნარების დახვეწა, წვრთნები, ტექნიკური და ინფრასტრუქტურული საკითხები და ნაოსნობის თავისუფლების რეალიზება“, ხოლო მეორეს მხრივ, ანაკლიის პორტი 3 ზღვის (ბალტიის, ადრიატიკისა და შავი) სურათს შეცვლის და ამ ზღვებს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. ამიტომაცაა, რომ რუსეთს არ სურს ამ პროექტის განხორციელებაო.“
ამაზე ნათლად როგორ უნდა აგვიხსნან ანაკლიის პორტის მნიშვნელობა საქართველოსთვის და რეგიონისთვის?! საუბარია საუკუნის პროექტზე! ჰოჯესი იმასაც კი ამბობს, რომ მიმდინარეობდა დისკუსიები საერთო ავიაბაზის შესახებ, თუმცა ეს ანაკლიაზე მიბმული არ ყოფილა. ანუ, ძალიან აქტიურ ფაზაში ყოფილა ამერიკა-საქართველოს და ნატო-საქართველოს ურთიერთობები, რასაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ვიგებთ და, როგორც ჩანს, ახლა ეს ყველაფერი დაეკიდა.
– ანუ შემთხვევითი არ ყოფილ ის, რომ ანაკლიის პროექტის თაობაზე ჩანაწერი გაჩნდა კონსტიტუციაში?
– რა თქმა უნდა. ამიტომ, კვირიკაშვილის გულისტკივილიც გასაგებია. ის ერთ-ერთი მთავარი პირი იყო, ვინც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. კარგია, რომ მან დააფიქსირა ამ თემაზე თავისი პოზიცია და გვერდზე მდგომი მაყურებლის როლში არ დარჩა.
დასავლელ დიპლომატებს დღემდე აქვთ ნოსტალგია კვირიკაშვილის მიმართ. თუმცა იმაზე, რომ ვინმე მისგან ახალ პოლიტიკურ ლიდერს ქმნიდეს, ინფორმაცია არ მაქვს და ეს მან თავადაც უარყო.
ის, რომ დღეს კვირიკაშვილმა ხმა ამოიღო, არ ნიშნავს, ვინმე მის გაიდეალებას აპირებს. მას შეეძლო გაცილებით მეტის გაკეთება პრემიერობის პერიოდში.
– ნამდვილად იყო ჩავარდნები მისი პრემიერობის დროსაც. თუნდაც ბათუმის მოვლენები რომ გავიხსენოთ, რამდენი ხანი ვერ ჩავიდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და ბრიფინგიც კი არ გამართეს. ესეც უნდა ვთქვათ ობიექტურობისთვის.
– რა თქმა უნდა. მას ჰქონდა რესურსი, რომ ყოფილიყო ხალხის რჩეული პრემიერი და მან ეს რესურსი ვერ გამოიყენა: რა იყო ამის მიზეზი, ვინმე უშლიდა ხელს თუ არა, ეს დღეს უკვე ნაკლებად საინტერესოა.
– როგორც კი გააქტიურდება ხოლმე, მაშინვე აქტიურდება საქმეები მისი ყოფილ თანაგუნდელების ქუმსიშვილისა და ალავიძის და სხვების წინააღმდეგ, რაც შესაძლოა სწორედ კვირიკაშვილამდე მივიდეს. ცეცხლს ხომ არ ეთამაშება?
– არ ვიცი, რის დაწყებას აპირებს მის წინააღმდეგ ხელისუფლება, მაგრამ თუ თვლის, რომ მისი მოქალაქეობრივი ვალია, თავისი განცხადებებით რაღაცა ცუდი პროცესების პრევენცია მოახდინოს ქვეყანაში, რატომაც არა. თუნდაც ის რისკავდეს საკუთარ თავისუფლებას ამის ფასად. მთავარია, რას ემსახურება მისი გამოჩენა.
ამბობს, რომ პარტიული საქმიანობა და თანამდებობა მას არ აინტერესებს, მაგრამ მისი გამოჩენა რაღაცას ხომ ემსახურება, რაღაცისთვის ხომ გამოვიდა სააშკარაოზე და სანამ ამ კითხვაზე პასუხს არ გავიგებთ, ვერ გავიგებთ ვერც იმას, ის რეალურად რისთვის არის მზად.
მისი დღემდე გაკეთებული განცხადებები არაფერია იმასთან შედარებით, რა ინფორმაციასაც ის შეიძლება ფლობდეს, როგორც ყოფილი პრემიერი. წესით, მასაც უნდა ჰქონდეს საკმარისი რაოდენობის ჯოკერი ხელში, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ მხოლოდ მის კარში არ დაარტყან პენალტები.
– ელოდებით ამ ჯოკერის გამოყენებას?
– არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი კითხვა, რაზეც პასუხი მჭირდება, არის ის, რატომ გადაწყვიტა მან კვლავ საჯარო სივრცეში შემოსვლა. აუცილებლად წავა მისკენ ძალიან ბევრი დარტყმა. ამისთვის ის მზად უნდა იყოს, ამიტომ ძალიან წონადი უნდა იყოს ის მიზეზი, რატომაც გამოვიდა ის სააშკარაოზე.
– რუსეთისა და საქართველოს საგარეო მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. დიალოგში ცუდი არაფერია, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ახლა, აგვისტოს ომიდან 9 წლის შემდეგ და რატომ გახდა საქილიკო ლავროვის მხრიდან, როცა დაიწყო ზალკალიანმა თავის მართლება, რომ შეხვედრა საქართველოს ინიციატივით არ მომხდარა? სხვა რამეს ამტკიცებს ლავროვი.
– როდესაც ჩვენს ხელისუფლებას რუსეთი აქილიკებს, მე ყოველთვის ჩემი ხელისუფლების მხარეს ვარ, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. გაცილებით უფრო მჯერა ჩემი ხელისუფლების, როცა მეორე მხარეს ლავროვი დგას. ჩემთვის აქ ორი აზრი არსებობს. გამოხვიდე და საკუთარ ხელისუფლებას ურტყა ლავროვის განცხადებაზე: ვის აქვს გარანტია, რომ ლავროვი სიმართლეს ამბობს?! ამიტომ, მე ასე უაპელაციოდ არ მივიღებდი ლავროვის ნათქვამს.
გამოვრიცხავ იმასაც, რომ შეხვედრა შედგა მხოლოდ ბორდერიზაციის საკითხების გამო. თქვენი მთავარი კითხვა იყო, რატომ ახლა და ეს არის მთავარი კითხვა, ისევე როგორც კვირიკაშვილის შემთხვევაში. თუმცა, აქ უფრო მაქვს პასუხი – აქ ორი მთავარი ფაქტორია: 2020 წლის არჩევნები და ტრამპი, როგორც ასეთი.
ახლახანს გამოქვეყნდა ტრამპისა და ზელენსკის საუბრის გაშიფრული ჩანაწერი, სადაც ტრამპი ეუბნება ზელენსკის, რომ უკრაინის თემებზე უნდა იზრუნოს უფრო ევროპამ და ნაკლებად ამერიკამ. ამ საუბრისას რამდენჯერმე მოუწოდა ტრამპმა ზელენსკის, პირდაპირი დიალოგი აწარმოეთ რუსეთთან და ამ გზით გადაწყვიტეთ თქვენი პრობლემებიო. ტრამპის ამერიკა სულ უფრო დისტანცირდება უკრაინის პრობლემისგან და ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინას 250 მილიონიანი დახმარება შეუჩერა თავდაცვის მიმართულებით.
– იქით მიგყავთ საუბარი, რომ ჩვენთვისაც გზავნილი იყო?
– ქართული ანდაზისა არ იყოს „მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეო“. არანაირი მტკიცებულებები არ გვაქვს, რომ იგივე მესიჯი იყო ჩვენ მიმართაც, მაგრამ როდესაც უკრაინა გაცილებით უფრო აქტიურია საერთაშორისო ასპარეზზე, მგონია, რომ ასეთი განწყობები იქნება საქართველოსთან მიმართებაშიც.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დასავლელი პარტნიორები მოგვიწოდებენ რუსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ. აქ ჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება დასავლეთის მხრიდან აქცენტის გადატანა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებისგან, ანუ დამატებითი თავის ტკივილის არიდების მცდელობა ხომ არ არის დასავლეთის მხრიდან? თუ საქართველოს და უკრაინის რუსეთთან პირისპირ დატოვება იგეგმება, მაშინ ძალიან ცუდად გვქონია ჩვენ საქმე.
– ცოტა ხნის წინ სულ სხვა გზავნილები გაისმა ნატოში გაწევრიანების მხრივ. მართალია რასმუსენი აღარ არის თანამდებობის მოქმედი პირი, მაგრამ ხომ ვიცით, რომ მას სერიოზული გავლენები აქვს ალიანსში?
– რასმუსენს აქვს გავლენები აქვს ნატოში, თუმცა რასმუსენი მუშაობს იმ ბანკში, რომელზეც გავლენები აქვს რუსეთს. აქ მნიშვნელოვანია ის, ვისი პოზიცია გააჟღერა რასმუსენმა. ამის ანალიზისგან ამ წუთას თავს შევიკავებდი, მაგრამ ფაქტია, რომ ამით რასმუსენმა დატესტა სიტუაცია საქართველოში. ზოგადად ის, რომ ურთულესი პოლიტიკური მოცემულობაა, ეს ცხადზე ცხადია.
ამერიკის ასეთი ექსცენტრიული პრეზიდენტის მმართველობის დროს, რუსეთი მიიჩნევს, რომ ახლა არის მისი შანსი თავისი პოზიციების გასაძლიერებლად. დრო ეხლა რუსეთზე მუშაობს.
2020 წელს საქართველოში არჩევნებია და რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება, რომ მიიღოს რუსეთის მიმართ ისეთი ლოიალურად განწყობილი პარლამენტი, რომელიც არასდროს არ ყოფილა. ყველაფერი ეს იკინძება ერთიანი ჯაჭვის რგოლებად და ლავროვ-ზალკალიანის შეხვედრაც ამ სურათში ეწერება.
ვიღებთ საოცარ სურათს, რა შეიძლება ყოფილიყო ამ შეხვედრის თემა. მე ვფიქრობ, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ასეთი შეხვედრები კიდევ შედგეს. ან შეიძლება არც იყოს ლავროვის ამ ცინიკური შეფასების შემდეგ. მაგრამ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილი პრორუსული ძალები საქართველოს მომავალ პარლამენტში. კეთილგანწყობის გარკვეული ილუზიაც შეიძლება შექმნას, მაგრამ არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად პროცესი რეალურად დაიძვრება. მაქსიმუმი, რასაც შეიძლება მივაღწიოთ, არის ის, რომ საოკუპაციო ზოლზე ე. წ. საზღვრის გადმოწევა შეჩერდეს. ესეც საქართველოს ხელისუფლების სრული მორჩილების შემთხვევაში.
დასავლელი დიპლომატებიც აღიარებენ, რომ დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიციაში ძლიერი პოლიტიკური ფიგურების დეფიციტია და ამ ფონზე გვიწევს რუსეთთან ბეწვის ხიდზე გავლა. როგორ გადავრჩეთ იმ პირობებში, როცა საქართველოს ხელისუფლება თავს არ იკლავს ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოების მხრივ და თან რუსეთი ცდილობს, რომ კიდევ უფრო მეტი დაათმობინოს საქართველოს ხელისუფლებას, ეს ცალკე კვლევის თემაა.
– ანუ, რეალურად, ძალიან სახიფათო თამაშში ვართ ჩართული?
– ძალიან სახიფათო თამაშში ვართ. ამ პირობებში ქილიკი და ერთმანეთის მიმართ ხელის გაშვერა კი არ გვმართებს, არამედ საერთო სახალხო კონსოლიდაცია და ერთიანი სტრატეგიის შემუშავება, რასაც მე, სამწუხაროდ, არ ველი. იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ყველა თვითგადარჩენის რეჟიმშია. პოლიტიკური პარტიები ყველანი ორიენტირებულები არიან 2020-ზე. ყველა ცდილობს თვითგადარჩენის ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებას.