ლეილა მუსტაფაევამ გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

ლეილა მუსტაფაევამ გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღოახალი დეტალები აფგან მუხთარლის საქმეზე. გატაცებული ჟურნალისტის მეუღლემ და მისმა ადვოკატმა დღეს ახალ გარემოებებზე ისაუბრეს. ლეილა მუსტაფაევას თქმით, საპატიმროში მყოფი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე საგანგაშოა.

გარდა ამისა, ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, რომ მათ გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის თქმით, ეს მისთვის პირველ რიგში, უსაფრთხო საცხოვრებელს ნიშნავს. როგორც ლეილა მუსტაფაევა აღნიშნავს, რომ როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში დარჩენა საფრთხის შემცველი იყო.

“გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება, ჩემთვის პირველ რიგში ნიშნავს უსაფრთხო ადგილს საცხოვრებლად. თქვენ იცით, რომ საფრთხის შემცველი იყო აზერბაიჯანში ცხოვრება და საქართველოში დარჩენაც. ორი ქვეყნის მთავრობა ერთად მოქმედებდა და ისევ მოქმედებს. სხვაგვარად, რთული იქნებოდა ადამიანის გატაცება და მეორე მხარისთვის გადაცემა. ეს ყველაფერი გადაწყდა მაღალი თანამდებობის პირების დონეზე. საქმის გამოძიება არ სურთ, რადგან ჩემმა მეუღლემ კარგად იცის, ვინ მონაწილეობდა ამ დანაშაულში და ყველაფერის მარტივად გარკვევა არის შესაძლებელი. მე არ მაქვს კითხვები, მე მივმართავ პარლამენტს, რომ ჰქონდეთ სურვილი, ამ საქმეზე გამოძიება დამთავრდეს“ – განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იურისტის, ადვოკატ, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება სწორედ იმას ადასტურებს, რომ საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეზე ეფექტური გამოძიება არ განხორციელდა.

“პოლიტიკური თავშესაფრის მიღება გერმანიაში მე ვფიქრობ, გარკვეულწილად იმას ნიშნავს და კიდევ ერთი დადასტურება იქნება, რომ ჩვენთან, ფაქტიურად, ამ საქმეზე არ მომხდარა ეფექტური რეაგირება და ეფექტური გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველოდებით გადაწყვეტილებას, მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი გარემოება და ევროსასამართლოს ვაცნობეთ ამ ფაქტის შესახებ“ – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

მისი თქმით, ლეილა მუსტაფაევას მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა.

„ქალბატონი ლეილა თავის შვილთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და გადასულიყო გერმანიაში, სადაც, სათანადო პროცედურების გავლის და შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის შემდეგ მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. თავშესაფრის მიღება იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ საქმეზე არ მომხდარა ეფექტური რეაგირება და ევროსასამართლოს გავუგზავნეთ ეს გადაწყვეტილება. სასამართლომ ეს დოკუმენტი დაურთო საქმეს და გაუგზავნა მოპასუხე სახელმწიფოებს საქართველოსა და აზერბაიჯანს.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც უპასუხოდ დარჩა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის იყო ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში გამოჩენილი შავ პიჯაკში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც აუცილებლად უნდა გაერკვია გამოძიებას თუ ვინ იყო და რა კავშირი ჰქონდა მას აფგან მუხთარლის გატაცებასთან, თუმცა გაირკვა, რომ ვიდეო ჩანაწერი საერთოდ აღარ გაიხსნა. პროკურატურამ ჩაატარა ექსპერტიზა და ექსპერტებმაც ვერ დაადგინეს თუ რატომ არ იხსნებოდა ვიდეო ჩანაწერი. ანუ აღმოჩნდა, რომ ერთი ძაფი, რომელიც ამ საქმეში იყო ხილული ჩვენთვის და ამ ძაფით შეიძლებოდა საქმის გამოძიება და ამ დანაშაულის გახსნა ფაქტიურად აღარ არსებობს. ვთვლი, რომ ეს ახალი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც პოლიტიური თავშესაფრის მიღებას ეხება, დააჩქარებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანას,” – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.