მალხაზ მაჩალიკაშვილი – “თადუმაძისთვის უნდა მეკითხა, რატომ ატყუებს მთელ საქართველოს”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - “თადუმაძისთვის უნდა მეკითხა, რატომ ატყუებს მთელ საქართველოს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს მალხაზ მაჩალიკაშვილი პასუხობს.
– ბატონო მალხაზ, პარლამენტის სხდომაზე, სადაც მთავარ პროკურორს უსმენდნენ, თქვენც გინდოდათ შესვლა, მაგრამ არ შეგიშვეს. რატომ გინდოდათ თადუმაძესთან შეხვედრა, რა კითხვები გქონდათ მასთან?
– მე მქონდა ძირითადი სამი-ოთხი შეკითხვა და მათი დასმის შესაძლებლობა არ მომეცა. შეგნებულად მოიქცა პარლამენტი ასე, რომ მე არ მქონოდა ამ შეკითხვების დასმის საშუალება.
– რა კითხვები გქონდათ თადუმაძესთან?
– სანამ თადუმაძე განცხადებას გააკეთებდა, მანამდე მე ორჯერ მომატყუეს, რომ დაიდებოდა შემაჯამებელი მასალები. მარტო მე კი არა, მთელი ქვეყანა მოატყუეს. შემდეგ მესამედ თადუმაძის ჯერი დადგა, პარლამენტშიც შევიტანეთ მოთხოვნა, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, თუმცა გამოვიდა თადუმაძე და გვითხრა, რომ ორი თვის განმავლობაში დაიდებოდა შემაჯამებელი მასალები, მაგრამ მანაც მოგვატყუა.
მის მერე ხუთი თვე გავიდა. პირველი შეკითხვა სწორედ ეს იყო: რატომ ატყუებთ საზოგადოებას, მთელ საქართველოს და მთელ ერს?!
მეორე შეკითხვა იყო – როგორც გენერალური პროკურორი, ხართ დამოუკიდებელი, თუ თქვენც ისევე ატყუებთ საზოგადოებას, როგორც თქვენი წინამორბედები? აპირებს თუ არა სახელმწიფო, აღიაროს შეცდომა ჩვენი მისამართით და ბოდიში მოუხადოს არამარტო მალხაზ მაჩალიკაშვილს, არამედ მთელ ქვეყანას?!
და მესამე, აპირებს თუ არა გავრილოვის პატიმრების განთავისუფლებას?
აი, ეს სამი შეკითხვა მქონდა ძირითადათ, მაგრამ ამის გარდა მქონდა კიდევ ისეთი შეკითხვები, რომლებზეც ახლა ვერ ვისაუბრებ.
– რა გითხრეს მოტივი, რატომ არ შეგიშვეს?
– პირველ რიგში, ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ როგორმე პარლამენტის შენობაში შევსულიყავი. ამის უფლებასაც არ მაძლევდნენ. მოვახერხე შენობაში შესვლა, მაგრამ ამიკრძალეს, რომ დარბაზში შევსულიყავი. რაღაც განკუთვნილი ადგილი ჰქონდათ ჩემთვის მეექვსე სართულზე, სადაც არც მიკროფონი იყო და არც არაფერი ისმოდა.
მერე გამოვიდა ოხანაშვილი და უსირცხვილოდ თქვა ტყუილი, მაჩალიკაშვილისთვის უარი არ გვითქვამსო. ეს იყო სრული სიცრუე და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. მე პროტესტი გამოვთქვი, რომ არ დავჯდებოდი მეექვსე სართულზე, სადაც არც მიკროფონია და ვერც თადუმაძეს შევხედავდი. არანაირი კონტაქტის საშუალება არ მომეცემოდა თადუმაძესთან და რა აზრი ჰქონდა ასეთ დასწრებს?!
– ბატონო მალხაზ, თქვენ გავრილოვის პატიმრებიც ახსენეთ. ორი დღის წინ მათი სასამართლო პროცესი გაიმართა. გქონდათ მოლოდინი, რომ გაათავისუფლებდნენ თქვენს ძმისშვილს, თუმცა ასე არ მოხდა.
– დიახ, არ გამოუშვეს, ეს ყველაფერი კი მიანიშნებს იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. მოსამართლეებიც, პროკურორებიც, ყველა ერთი ადამიანის ხელქვეითია. ბიძინას ხელის ბიჭები არიან. ამიტომ ვართ მისულები უფსკრულის პირას და ამიტომაა, რომ სახელმწიფო თავზე გვენგრევა.
– თინა ბოკუჩავამ თქვენი შვილის საქმეზე საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნია თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა. დაუჭერს მხარს პარლამენტი?
– ეს პირველი შემთხვევა არ არის. ნაციონალური მორაობის ინიციატივით და ჩემი თანხმობით ადრეც შევიდა ინიციატივა, რომ შექმნილიყო დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მაგრამ მათ ჩააგდეს ეს საკითხი. ნაციონალურ მოძრაობას შეაქვს ეს საკითხი, მაგრამ დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიცია ვალდებულია, ამ საკითხში მიიღოს მონაწილეობა. აიღონ ინიციატივა და შექმნან, ყველას მხარს დავუჭერ. “ოცნებამ” რომ შექმნას ეს კომისია, მათაც დავეთანხმები. თუმცა ამის სურვილი არავის აქვს.
პარლამენტში რომ შევდივარ, ჩემთვის თვალებში შემოხედვა რცხვენიათ. იმიტომ, რომ ჩემ წინაშე დამნაშავეები არიან და მათ ამის გამო აქვთ შიშები.
– მოიპოვებს თინა ბოკუჩავა 50 დეპუტატის მხარდაჭერას, თუ ახლაც ჩავარდება ეს ინიციატივა?
– ეს ინიციატივა ერთხელ უკვე ჩააგდო პარლამენტმა, მაშინ 18 დეპუტატის ხმა დაგვაკლდა. ზემოდან იყო ბრძანება, რომ ჩავარდნილიყო ეს საკითხი და ჩავარდა. მმართველი გუნდიდან არავინ დაუჭირა მხარი.
ზუსტად ვიცი, ამ საქმეში ვინ მონაწილეობდა და ვინ დაძვრებოდა პარლამენტში 7-8 მარტს, რომ არ შექმნილიყო ეს კომისია.
მე ყველაფერი ვიცი, აქედან გამომდინარე იმედს ვიტოვებ, რომ მმართველ პარტიაშიც გამოჩნდებიან ისეთები, ვისაც პატარა სინდის-ნამუსი აქვთ შერჩენილი, ისინი მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას და შეიქმნება საგამოძიებო კომისია. ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს, მალე 100 ათასი შეგროვდება და ასე მაინც ვაიძულებთ, რომ შექმნან საპარლამენტო კომისია.