მანანა ნაჭყებია – “2020 წელს ივანიშვილს ამხელა ძალაუფლება აღარ ექნება”

მანანა ნაჭყებია - "2020 წელს ივანიშვილს ამხელა ძალაუფლება აღარ ექნება”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
ქართულ პოლიტიკაში შექმნილ მდგომარეობაზე “ახალი თაობა” ესაუბრა პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერ მანანა ნაჭყებიას.
– ბოლო დროს საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია ილია ჯიშკარიანსა და თამთა თოდაძის ინციდენტსა და კონფლიქტზე. საზოგადოების ნაწილი ფემინისტების ჩათვლით, მხარში უდგას თამთა თოდაძეს, მეორე მხრივ, გააქტიურდნენ რადიკალი ანტიფემინისტები. ხომ არ გახდება საზოგადოების ამ ჯგუფებს შორის არსებული უთანხმოება 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა?
– ჩვენს საზოგადოებაში, მართლაც, არის ამგვარი განწყობები- – არსებობს როგორც ლიბერალური ნაწილი, ისე ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტად კონსერვატიულები იქნებიან, მით უფრო კარგად დაიცავენ ტრადიციულ ფასეულობებს.
მთავარი ის არის, რომ საზოგადოება უნდა გაიზარდოს. ადამიანებისთვის მიუღებელი უნდა იყოს ქალის მიმართ ისეთი ნეგატიური შეფასებები, როგორიც ამ საქმის გარშემო გამოითქმებოდა. საზოგადოების განწყობები ირეკლება პოლიტიკურ სპექტრში. ადამიანები პარტიებში ეძებენ თანამოაზრეებს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. არა მგონია, რომ ეს თემა გადამწყვეტი იყოს 2020 წლის არჩევნებისათვის. ეს გამორჩეული საპარლამენტო არჩევნებია, რომლის ანალოგი არ გვაქვს.
– რითია ეს არჩევნები განსაკუთრებული?
– ჩვენ ვდგებით განსხავავებული რეალობის წინაშე. შევარდნაძის მმართველობის ბოლოს ხალხს უნდა აერჩია ან დამყაყებულ ძველ გარემოში ცხოვრება, ან სიახლე. მოსახლეობამ ჭაობს სიახლე ამჯობინა. ხალხმა აირჩია სააკაშვილი და ვერ დაინახა საშიშროება, რომელიც მას ახლდა.
საზოგადოებამ ვერ გათვალა, რომ სააკაშვილი მოახდენდა ძალაუფლების თავის გარშემო თავმოყრას და დააზიანებდა სახელმწიფოს. 9 წლის შემდეგ იგივე საზოგადოებამ მოინდომა თავი დაეხსნა სააკაშვილისგან და ივანიშვილში დაინახა გადამრჩენელი. განმეორდა იგივე და 7 წელიწადში ივანიშვილი დაეპატრონა მთელ ძალაუფლებას. ამ მხრივ 2012 წლის არჩევნები 2003 წლის არჩევნების გაგრძელება გამოვიდა.
– ახლა ერთადერთი გადამრჩენელი არ ჩანს?
– არც ჩანს და ხალხი მესიების ძებნაში არც უნდა იყოს. ივანიშვილისა და სააკაშვილის მდგომარეობაც სხვანაირია. ივანიშვილმა რეგრესი განიცადა. მას აღარ აქვს ჭარბი ნდობა. მასში ვერ ხედავენ გაცემული დაპირებების შემსრულებელს. სააკაშვილიც გაცვდა. დრომ ის “გალახა”. სააკაშვილი აღარ არის ის ლიდერი, რომელიც უწინ იყო.
– ეს დემოკრატიისთვის კარგია?
– რასაკვირველია. ჩვენ გვიჩნდება შესაძლებლობა, რომ 2020 წელს დავიწყოთ შეუქცევადი დემოკრატიული პროცესების ათვლა. ჩვენ ხომ შემდგარი დემოკრატიის ქვეყანა არ გვაქვს! ყოველთვის ჰიბრიდული დემოკრატია ვიყავით.
– აქტიური პოლიტიკური ძალები დარჩებიან პოლიტიკაში?
– ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობა იქნებიან საპარლამენტო პარტიები. მთავარია, რომ ძალაუფლება გადანაწილდება. აბსოლუტურ ძალაუფლებას თან ახლავს ინსტიტუციების გაუქმება და კადრების დისკრედიტაცია. შემდგომში ეს თავიდან უნდა ავიცილოთ.
– მომავალი პარლამენტი დღევანდელზე უფრო მრავალფეროვანი იქნება?
– ცხადია. შემოდიან ახალი ძალები. მამუკა ხაზარაძე ასოცირდება წარმატებულ საქმეებთან. მინდა გამოვყო ადამიანი “ევროპული საქართველოდან”, რომელიც ჩამოყალიბდა გულწრფელ ლიდერად. ესაა ელენე ხოშტარია.
– ქალთმოძულეობაში ბოლო დროს მამუკა ხაზარაძეც დაადანაშაულეს.
– უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს. გენდერულ საკითხებს წლები შევალიე. დეტალურად მაქვს შესწავლილი ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მომენტები. მამუკა ხაზარაძის სიტყვები, რომ შეიძლება მინისტრი მაია ცქიტიშვილი კარგ ხაჭაპურს აცხობს, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ ესმის, არანაირად არაა დისკრიმინაცია და ქალთმოძულეობა. “ქართული ოცნება” მას თავს დაესხა იმიტომ, რომ არ უშვებს შემთხვევას, არ გამოიყენოს ნებისმიერი ირიბი ნათქვამი.
ირაკლი ღარიბაშვილი წარუმატებელი პრემიერი იყო და მასზეც შეიძლებოდა ვინმეს ეთქვა, ჯობია, ღვინო ჩამოასხასო. სამწუხაროდ, ქართველები ხშირად ვაჭარბებთ და ამ თავდასხმებშიც გადავამეტეთ. მახსოვს, როცა პარლამენტში გენდერული თანასწორობის ჩარჩო კანონს ვიხილავდით, ერთმა დეპუტატმა განაცხადა, ქალს ამდენი როგორ უნდა გავაბედინო, კიტრი ხომ არ ვარო! დღეს ვითარება შეიცვალა და ამისთანა გამოხდომისთვის დეპუტატს პარლამენტს დაატოვებინებენ.
– პარლამენტს, ალბათ არ დაატოვებინებენ, მაგრამ საყვედურს ეტყვიან. არჩევნებს დავუბრუნდეთ. პროპორციულ სისტემასა და ბუნებრივ ბარიერში ზოგი ხიფათს ხედავს.
– ჩემი აზრით, პირველი და უმთავრესი ხიფათი ისაა, რომ ივანიშვილი ბევრ წვრილ პარტიას გაუჩენს პარლამენტში შესვლის იმედს. 0,67%-იანი ბარიერით და ივანიშვილის ფინანსური წყაროებით შეიძლება პარლამენტში შესვლა. “ოცნებას” ჰგონია, რომ ეს ხალხი დაეხმარება მთავრობის ფორმირებისას.
მეორე ხიფათზე სხვები ამახვილებენ ყურადღებას და მე ის ნაკლებ საშიშროებად მიმაჩნია. მაგალითად, მაჟორიტარი ოქრიაშვილი ამბობს, რომ შესაძლებელია, არჩევნების შემდეგ ვერ მოხდეს მთავრობის დაკომპლექტება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოუვალი მდგომარეობა არ არის: თუ არ გამოვა ერთხელ, გამოვა მეორედ. თუ რომელიმე პარტიას არ უნდა პროცესებში მონაწილეობა, მას შეეძლება, დატოვოს პარლამენტი.
კოალიციური მთავრობა, მრავალპარტიული პარლამენტი – ესაა დემოკრატია, ურთიერთშებოჭვა და ერთმანეთის კონტროლი. ხელისუფლება და მორალი ხშირად არ არიან ერთად. აუცილებელია კონტროლი და მრავალპარტიულობა.
2020 წელს უნდა დამთავრდეს სამარცხვინო და ღირსების შემლახავი მდგომარეობა, როცა მთელი ძალაუფლება თავმოყრილია ერთი არაპოლიტიკოსის ხელში.