“სააკაშვილთან დაპირისპირებაში ბოკერიამ მოიგო”

“სააკაშვილთან დაპირისპირებაში ბოკერიამ მოიგო”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ის ისევ იმეორებს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ბრუნდება. ეს ყველაფერი რა გზავნილებია მისი მხრიდან?
– 2016 წლის წინასაარჩევნო რიტორიკას იმეორებს. მაშინაც სწორედ ამ კონტექსტში საუბრობდა სააკაშვილი. იგი ძალიან ხშირად იმეორებს თავის თავს. უჭირს ერთხელ არჩეული პიარ-სტრატეგიის უარყოფა. ერთხელ თქვა, ჩამოვდივარო და იმის მერე იმეორებს.
– და რომ არ ჩამოდის, ეს ხომ მის ამომრჩეველში იწვევს იმედგაცრუებას?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ამას არაფრად დაგიდევთ, ამბობს და მორჩა.
– კიდევ ერთი, არჩევნების არ სჯერა. თუმცა, არც იმას აკონკრეტებს, როგორ წარმოუდგენია წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებაში დაბრუნება.
– თუ არჩევნებზე ამბობ უარს, სხვა რა გზა რჩება, თუ არა რევოლუცია?! იცის, რომ რევოლუციაზე პირდაპირ საუბარი მიუღებელია ხალხისთვის პირველ რიგში და დასავლეთისთვის, ამიტომ არ აკონკრეტებს, მაგრამ პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. მესამე გზაც არის, თუ მას გულისხმობს, არ ვიცი.
– ეს რა გზაა?
– სხვა სახელმწიფოს ჯარს ჩაუდგეს სათავეში და ისე შემოვიდეს.
აშკარაა, რომ ამ განცხადებების მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულება არ არის სერიოზული. არ ვიცი, მისი ფანატიკური ამომრჩევლები ანუ ფანები ინარჩუნებენ თუ არა სერიოზულობას, მაგრამ აშკარაა, რომ საზოგადოებაში სერიოზული დამოკიდებულება აღარ არის ამ განცხადებების მიმართ.
ნაციონალური მოძრაობის ამოცანა ახალი ამომრჩევლის მოზიდვა უნდა იყოს. სწორედ ახალი ელექტორატის მოზიდვაზე უნდა იმუშაოს და არა იმის ვინც მას ისედაც უჭერს მხარს. ამ მიმართულებით მისი განცხადებები იყო სრულიად არაფრის მომცემი. მე ვიტყოდი, პირიქით იყო.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ახალი ამომრჩევლის მოზიდვას ცდილობს თუნდაც რელიგიურობის ხაზგასმით?
– აბსოლუტურად გეთანხმებით. რელიგიურობის ჩვენება ამის ხაზგასმა იყო. სწორედ ამაზე მიუთითებს, მაგრამ კომიკური მომენტი ახლავს ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი ბევრად უფრო განსხვავებულად შეეძლო გაეკეთებინა. შეეძლო ეკლესიისთვის შეეწირა და ა.შ. სხვა უამრავი გზა არის.
ბოკერია აშორებდა მას ეკლესიას – ეს თეზისი ძალაუნებურად კომიკურობის კონტექსტში განიხილება. ბოკერიას პასუხი – მალე ჩემი ცხრაწლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს – სრულიად ადეკვატური იყო. ამიტომ, ეს პასაჟი სრულად იყო სააკაშვილისთვის წამგებიანი და პირიქით მომგებიანი იყო ბოკერიასთვის და “ევროპული საქართველოსთვის”.
– შეიძლება ცდილობს, “ევროპულ საქართველოს” წაართვას ამომრჩეველი. ძირითადად მათ ხომ ერთი ამომრჩეველი ჰყავთ?
– რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ამოცანა აქვს, მაგრამ ის ამომრჩეველი “ევროპულ საქართველოსთან” სწორედ იმიტომ წავიდა, რომ სააკაშვილი ასეთი რადიკალური და ეგზალტირებულია.
– ივანიშვილი თუ სააკაშვილი – კვლავ ამ დაპირისპირების ჭრილში ჩაივლის 2020 წლის არჩევნები?
– სააკაშვილის რიტორიკა მთლიანად ივანიშვილზეა აგებული. ეს რიტორიკა ბევრად უფრო აწყობს ივანიშვილს, ვიდრე სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ამას ან ვერ აცნობიერებს სააკაშვილი ან არ უნდა გააცნობიეროს. კვლავ ივანიშვილის საპირწონედ აყენებს თავს – ან მე ან ის. არადა, ეს არ არის მომგებიანი სააკაშვილისთვის. სააკაშვილი შესანიშნავ სამსახურს უწევს ივანიშვილს, ისე, რომ შეიძლება ამას ვერც აცნობიერებს.
– შეიძლება მართლაც ჩამოვიდეს?
– აქამდე ვერ ჩამოვიდა.
– შეიძლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თუნდაც ციხეში წასვლით საკუთარი თავის რეანიმირება მოახდინოს?
– ის არც კი განიხილავს ამ გზას, არც კი უშვებს ამას. არა მგონია, სააკაშვილს ძალიან უნდოდეს ციხეში ყოფნა. ეს მხოლოდ აუდიტორიასთან სალაპარაკოდ სჭირდება. რეალურად კი სულ სხვანაირად ცხოვრობს. უკრაინის პოლიტიკაშია, ამერიკაში ქარხანა იყიდა და ღვინოს უშვებს. ამ ცხოვრებით ცხოვრობს და არ მგონია, გმირული ნაბიჯების გადასადგმელად ემზადებოდეს ანუ ციხეში აპირებდეს წასვლას, თორემ აქამდე ბევრჯერ ჰქონდა ამის შესაძლებლობა.