ამირან სალუქვაძე – “ჩვენი რუსეთისკენ შემოტრიალება სრული კრახი იქნება”

ამირან სალუქვაძე - "ჩვენი რუსეთისკენ შემოტრიალება სრული კრახი იქნება"გულიკო ბალაძე, ახალი თაობა

რა გავლენას შეიძლება ახდენდეს ქართველ საზოგადოებასა და ჩვენს პოლიტიკურ ორიენტაციაზე ევროპელი ლიდერების განცხადებები? ამ და სხვა საკითხებზე “ახალ თაობას” სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი ამირან სალუქვაძე ესაუბრა.

– ბატონო ამირან, დასავლეთში, ევროპაში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, კეთდება განცხადებები, რომელმაც შეიძლება ჩვენი საზოგადოების განწყობებზე იმოქმედოს, ორიენტაციის კუთხით. მაგალითად, მაკრონმა განაცხადა, რომ “ნატოს ტვინი სიკვდილს განიცდის”, “ამერიკა არასათანადო პარტნიორია”, ამიტომ “დროა ევროპამ რუსეთთან პრობლემები მოაგვაროს”. ასევე მაკრონი ევროპის საჯარისო ფორმირების შექმნაზეც საუბრობდა. მაკრონის ამ განცხადებებს ჩვენს საზოგადოებაში გაურკვევლობა ხომ არ შემოაქვს?

– მაკრონს რუსეთთან დამოუკიდებლად ურთიერთობის მოგვარებაზე არ უსაუბრია. რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა. მაკრონმა, ზოგადად, ნატოს შეფასება მან ტრამპის ეპოქას დაუკავშირა. მაგალითისთვის მოიყვანა ის უთანხმოება, რომელიც სირიის საკითხში არსებობს ამერიკასა და ნატოს შორის.

საბედნიეროდ, მაკრონის პოზიციას ნატოში მთლიანად არ იზიარებენ. ჩვენ ვიხილეთ ანგელა მერკელის განცხადება მაკრონის საპასუხოდ, მაგრამ საფრანგეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და თვითონ მაკრონის ფიგურა დღევანდელ ევროპაში ხელწამოსაკრავი არ არის.

– მოგეხსენებათ, ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ევროკავშირის ასოცირებული წევრი ვართ. ასეთი განცხადებები ჩვენს საზოგადოებაში ხომ არ ბადებს გაურკვევლობას, რადგან ხშირად მესმის განცხადებები, რომ სჯობს ისევ რუსეთთან ვიყოთ, ვიდრე გაურკვეველ დასავლეთთანო. თქვენ რას იტყვით ამგვარ განცხადებებზე?

– რა თქმა უნდა, დასავლელი ლიდერების მსგავსი განცხადებები, ზოგადად, პესიმიზმს ბადებს, რადგან საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესიც საკმაოდ გაიწელა. ჩვენ საღად უნდა შევაფასოთ პროცესები. ჯერ ერთი, ნატოში გაწევრიანების დროში გაწელვა მხოლოდ ნატოს ბრალი არ არის. ჩვენი ბრალიც არის.

– კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებს გულისხმობთ?

– დიახ. რატომ, როგორ, რანაირად, ეს ცალკე თემაა. ამიტომ პრობლემები ჩვენ საკუთარ თავშიც უნდა ვეძებოთ. არ ივარგებს რუსეთისკენ ასე მარტივად შემოტრიალება. ჩვენ გვჩვევია ეს, მაგრამ თუნდაც უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, აქედან კარგი არაფერი მიგვიღია.

აფხაზეთის ომის დროს მყისიერად გავხდით დსთ-ის წევრი, შემდეგ შევედით დსთ-ის სამხედრო ბლოკში, მაგრამ ამან ჩვენი უსაფრთხოება არ განამტკიცა. სხვადასხვა მხარეებმა 2008 წლის ომი როგორადაც უნდა შეაფასონ და ვინც უნდა დაადანაშაულონ (ობიექტური შეფასებები უნდა კეთდებოდეს და ეს ჩვენი შიდა საკითხია. ცუდია, რომ შეფასებებს ბოლომდე არ ვაკეთებთ), რომელი პოლიტიკური ფიგურა, მხარე, ქვეყანაც უნდა დავადანაშაულოთ, ომის პერიოდში ჩვენ ვიყავით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრები და დსთ-ის სამხედრო ბლოკშიო დამკვირვებლის სტატუსით ვიყავით, მაგრამ დსთ-ის წევრობამ არ გვიხსნა.

– დსთ-ის წევრობას როგორ უნდა ეხსნა საქართველო?

– დსთ-ის წევრ საქართველოსთან რუსეთს სულ სხვაგვარი პოლიტიკა უნდა ეწარმოებინა, ომიც სხვაგვარად უნდა ეწარმოებინა.

– როგორ?

– ჩვენ რუსეთთან გვაკავშირებდა დაგომისის ხელშეკრულება, რომლის თანახმად რუსეთს, როგორც სამშვიდობო ძალას, სტატუს ქვოს აღსადგენად უნდა ემოქმედა. რუსეთმა კი კონფლიქტის ერთი მონაწილის პოზიცია დაიკავა და შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

– ფაქტობრივად, რუსეთმა ჩვენთან დაპყრობითი ომი აწარმოა, რაღაც საბაბით.

– დიახ. კონფლიქტს ყოველთვის ორი მხარე აქვს თუ არ ჩავთვლით, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, რუსეთთან ვიყავით კონფლიქტში და ვისაუბრებთ იმაზე, ფორმალურად რაც იყო გაფორმებული (დე ფაქტო, რუსეთთან კონფლიქტში ვიყავით. ფორმალურად იყო ქართულ-ოსური კონფლიქტი, რუსეთი კი სამშვიდობო ძალა გახლდათ), რუსეთმა დაიჭირა კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის მხარე, რითაც დაარღვია ადრე გაფორმებული ხელშეკრულება. ამაზე რატომღაც არ საუბრობენ.

თუ გადავხედავთ დაგომისის ხელშეკრულების ტექსტს, საკმაოდ მკაფიოდ წერია, რომ თუ მოხდებოდა სტატუს ქვოს დარღვევა, მხარეებს უნდა მიეღოთ ზომები სტატუს ქვოს აღსადგენად. ეს არ მოხდა.

– რუსეთმა არა მხოლოდ დაგომისის, არამედ მოსკოვისა და სოჭის ხელშეკრულებებიც დაარღვია.

– დიახ. ცუდია, რომ მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი მხარე ამას არ იყენებს. მათ შორის, როდესაც სარკოზის მეშვეობით მოხდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება, დაგომისის ხელშეკრულება არ მოიშველიეს, რაც დღემდე გაუგებარია. მით უმეტეს, რომ დაგომისის ხელშეკრულება დღემდე არავის გაუუქმებია და მოსკოვი ამ ხელშეკრულებით იმყოფებოდა ცხინვალში. დღევანდელ რეალობაში ასე მარტივად, გულუბრყვილოდ რუსეთისკენ შემოტრიალება არ ივარგებს.

– მთლიანად მოვექცევით რუსეთის კონტროლქვეშ.

– ძალიან ცუდ რეალობაში აღმოვჩნდებით. ფაქტობრივად, დასამარდება კონფლიქტის მოგვარების ისედაც მწირი შესაძლებლობა. რა გვაქვს დღეს რუსეთთან სასაუბრო და საპირწონე გარდა იმისა, რომ რუსეთი კარგავს საქართველოს, როგორც გავლენის სფეროს მათი პოზიციიდან. ჩვენი დღევანდელი კურსიდან გამომდინარე, საქართველო მისთვის დაკარგულია. რუსეთისთვის მხოლოდ ის ბერკეტი არსებობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს უშლის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს არ უშლის. ფორმების მოძებნა შესაძლებელია, თუ ნატო პოზიტიურ ნაბიჯს გადადგამს. აქ უბრალოდ რუსეთის ფაქტორია, მაგრამ უმჯობესია, ჩვენ რუსეთთან მაშინ ვაწარმოოთ მოლაპარაკება, როდესაც უფრო მეტი კოზირი გვიჭირავს, ვიდრე მაშინ, როდესაც დასავლეთიდან რუსეთისკენ შემოვტრიალდებით, როგორც შემოვტრიალდით 1994 წელს, ყოველგვარი რაიმე დაპირებისა და შეთანხმების გარეშე.

– ფაქტობრივად, აფხაზეთში წაგებული ომის შემდეგ შევტრიალდით რუსეთისკენ და შევედით დსთ-ში.

– ორი წაგებული ომის შემდეგ (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) შევტრიალდით რუსეთისკენ რაიმე დაპირებებისა და შეთანხმებების გარეშე. ახლაც რომ უარი ვთქვათ ნატოზე და ყოველგვარი დაპირებებისა და შეთანხმებების გარეშე შევტრიალდეთ რუსეთისკენ, ეს იქნება სრული კრახი. ამას უნდა გააზრება. ჩვენ გვქონდა ბერკეტები, ვთქვათ, იგივე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც ვაჩუქეთ რუსეთს, ძალიან პრიმიტიული დაპირებების ხარჯზე.

– და გზაც გავუხსენით ლარსიდან გიურმის ბაზისკენ ტვირთების გადასატანად.

– ამიტომ საგარეო ვექტორი არ არის რაღაც მატარებლის რელსები, რომ გადავრთოთ და გადმოვრთოთ.

ასეთი ცანცარი არ ვარგა.